გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პრორექტორის ვახტანგ ჭარაიას შეფასებით, საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის ყველა ფენამ უნდა იგრძნოს.

"წლიდან წლამდე გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც არ არის ხელწამოსაკრავი, თუმცა მოსახლეობის ფართო ფენები სხვადასხვანაირად გრძნობენ ამ ზრდას საკუთარ ჯიბეზე. ეს ნამდვილად გამოწვევაა. სახელმწიფო უნდა ეცადოს, რომ არა მარტო მაღალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდეს, არამედ იმასაც, რომ ეს ზრდა ყველაზე აისახოს, ყველაზე თუ არა, უმრავლესობაზე, და არა მარტო დედაქალაქში, არამედ რეგიონებშიც.

ეკონომიკური ზრდა მხოლოდ საბანკო სექტორის წარმომადგენლებზე კი არ უნდა აისახოს, არამედ მასწავლებლების ხელფასზეც და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პირების შემოსავლებზეც.  ეს აუცილებლად მისაღწევია, მაგრამ ძალიან რთულია, იქიდან გამომდინარე, რომ ეს მარტო სახელმწიფოს მხრიდან ვერ გაკეთდება. სამწუხაროდ ქვეყნის მოსახლეობის შესაძლებლობებს თუ გადავხედავთ, ყველას არ აქვს იმის საშუალება, რომ გადამზადდეს, ახალ პროფესიას დაეუფლოს.

ხშირად არა მხოლოდ იმაშია პრობლემა, რომ რომელიმე რეგიონში გადამზადების კურსი ხელმისაწვდომი არ არის, არამედ იმაშიც, რომ არ არის იმის მიმღებლობა, რაც მოთხოვნადია ბაზარზე. შეიძლება ვიღაცას ჰქონდეს დიპლომი და იყოს ინჟინერი, მაგრამ ბაზარზე ამ ინჟინერზე მოთხოვნა არ იყოს. ეს ერთობლივი სამუშაოა, არა მარტო სახელმწიფო უნდა იყოს ამაში ჩართული, ან ბიზნესი, მათ შორის უმაღლესი სასწავლებლებიც  და პროფესიულ სასწავლებლებიც", - განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში.