SOCAR-მა და გერმანულმა SEFE-მ ((Securing Energy for Europe) აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიისგან გაზის 10 წლით შესყიდვის შესახებ კონტრაქტი გააფორმეს.

„ამ პარტნიორობით ჩვენ ვქმნით ახალ მარშრუტს ევროპაში გაზის მნიშვნელოვანი მოცულობების ნაკადისთვის, რითაც ვამრავალფეროვნებთ ჩვენს პორტფელს და გავზრდით ჩვენი მომხმარებლებისთვის მიწოდების უსაფრთხოებას“, - განაცხადა SEFE-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ეგბერტ ლეგემ.

ეს შეთანხმება SEFE-ს საშუალებას აძლევს ყოველწლიურად შეიძინოს 15 ტერავატ/საათამდე გაზი, რაც დაახლოებით 1.5 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს წელიწადში. ამასთან, პარტნიორობა ხელს შეუწყობს წარმოებასა და ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელებას, როგორიცაა გაზის კომპრესორები, გაზრდის ევროპაში მილსადენებით გაზის მიწოდების მოცულობას და ამით უზრუნველყოფს კონტინენტზე მიწოდების უსაფრთხოებას.

ანგარიშში მითითებულია, რომ გაზის ევროპაში ტრანსპორტირება, სავარაუდოდ, ტრანსადრიატიკული მილსადენის (TAP) მეშვეობით მოხდება. ეს მილსადენი იტალიის სამხრეთ სანაპიროებამდე ჩრდილოეთ საბერძნეთს, ალბანეთსა და ადრიატიკის ზღვას კვეთს. TAP-ის მშენებლობა 2016 წლის მარტში "სამხრეთის გაზის დერეფნის“ ფარგლებში დაიწყო, ის TANAP-ის გაგრძელებაა. TAP-ის სიგრძე 870 კმ-ია, ხოლო გამტარუნარიანობა 10-დან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე.

„ეს შეთანხმება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია SOCAR-ის მიერ ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების მცდელობებში. SEFE-სთვის საიმედო და დიდი მოცულობის ბუნებრივი აირის მიწოდებით, ჩვენ კიდევ უფრო ვაძლიერებთ აზერბაიჯანსა და გერმანიას შორის არსებულ პარტნიორობას, ხელს ვუწყობთ ევროპის ენერგეტიკული დივერსიფიკაციას და მივაღწევთ მდგრადი განვითარების მიზნებს.

SOCAR გააგრძელებს ინვესტიციების განხორციელებას ინფრასტრუქტურულ და საწარმოო პროექტებში, რათა უზრუნველყოს ჩვენი პარტნიორებისთვის უსაფრთხო და შეუფერხებელი ენერგომომარაგება“, - განაცხადა SOCAR-ის პრეზიდენტმა როვშან ნაჯაფმა.

SEFE, რომელიც ევროპის ენერგიის უზრუნველყოფის აბრევიატურაა, პროაქტიულად მუშაობს ახალი მიწოდების კონტრაქტების მოპოვებაში. რეგიონი უფრო მეტად დამოკიდებული გახდა გლობალურ მარაგებზე, რადგან მისი რუსული მილსადენიდან გაზის უმეტესი ნაწილი 2022 წელს დაიკარგა. მიუხედავად იმისა, რომ ნორვეგიული წარმოება თითქმის სრული დატვირთვით მუშაობს, ევროპა კვლავ საჭიროებს დამატებით მარაგებს, სანამ აშშ-ში თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტის ობიექტების გახსნას ელოდება.