გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში იმყოფებოდა, სადაც კომპანია „აგროლეინში“ მოცვის მოსავლის აღებისა და სარეალიზაციოდ მომზადების პროცესს გაეცნო.

დავით სონღულაშვილი მოცვის წარმოებაში ჩართულ ფერმერებსაც შეხვდა და მათგან მოსავლის აღების, დაბინავების და რეალიზაციის პროცესის შესახებ მიმდინარე ინფორმაცია მოისმინა.

„სახელმწიფოს აქტიური ხელშეწყობით, რაც გულისხმობს ფინანსებზე, ცოდნაზე, ტექნოლოგიებზე, ბაზრებზე წვდომაში მხარდაჭერას, დღეს მოცვის ბაღები საქართველოში 2,700 ჰექტარზე მეტ ფართობზეა გაშენებული. მოცვი, თხილთან და ციტრუსთან ერთად, დასავლეთ საქართველოში ჩვენი ფერმერების და მეწარმეების ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყარო გახდა. მინდა აღვნიშნო, რომ გასულ წელს საქართველოდან ექსპორტირებულია 28 მლნ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების (5.0 ათასი ტონა) ლურჯი მოცვი, რაც 33%-ით აღმატება 2023 წლის მაჩვენებელს. ექსპორტის ამ მონაცემების წინაპირობა ხარისხიანი, თანამედროვე სტანდარტების დაცვით მოყვანილი პროდუქციის წარმოებაა“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, კომპანია „აგროლეინი“ აერთიანებს ლურჯი მოცვის წარმოების ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლს – პირველად წარმოებას, გადამუშავებას და ექსპორტს. მიღწეული წარმატება სახელმწიფოს მხარდაჭერის და ბიზნესის სწორი მართვის შედეგია.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში მდებარე შპს „აგროლეინის“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით არის შექმნილი. საწარმოში, ჯამურად, 3,5 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 420,000 ლარზე მეტი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია, ხოლო დაახლოებით 800,000 ლარი – შეღავათიანი აგროკრედიტი. კომპანია სეზონზე 60 ადგილობრივს ასაქმებს. საწარმოს წლიური წარმადობა 300 ტონამდე ლურჯი მოცვის გადამუშავებაა. პროდუქციის რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე ხდება. კომპანია „აგროლეინი“ ლურჯი მოცვის ექსპორტს წელს პირველად ისრაელში განახორციელებს; გასულ წელთან შედარებით გაზრდილი რაოდენობით ექსპორტს გეგმავს ინდოეთში; მოლაპარაკებები მიმდინარეობს იაპონიაში ექსპორტის განხორციელების თაობაზე. შემსყიდველებთან თანამშრომლობა ქ. ტოკიოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე – Foodex Japan დაიწყო, სადაც მიმდინარე წელს „აგროლეინმა“ მონაწილეობა სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მიიღო.

შპს „აგროლეინს“ 36 ჰექტარზე 17 ჯიშის მოცვის ბაღი აქვს გაშენებული. კომპანია იმერეთის რეგიონში არსებული მოცვის პლანტაციების მფლობელ ფერმერებთან აქტიურად თანამშრომლობს; შედეგად, შპს „აგროლეინის“ საწარმო 100 ჰექტარზე გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავლის სწრაფ გაციებას, დახარისხებას და შეფუთვას უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით ლურჯი მოცვის პირველადი წარმოების მიზნობრიობით გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტი 197 მლნ ლარს აღემატება, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების ოდენობა 87 მლნ ლარია.

პროგრამა „დანერგე მომავლის“ ფარგლებში 2,700 ჰექტარზე მეტ ფართობზე 39,8 მლნ ლარით თანადაფინანსებულია ლურჯი მოცვის გაშენება, მათ შორის იმერეთის რეგიონში 900 ჰექტარზე მეტ ფართობზე 6,2 მლნ ლარით.

მინისტრთან ერთად ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ზვიად შალამბერიძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანი და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი დარჩია იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.