საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ სრულიად განსხვავებული კონცეფცია „ბიზნესასისტენტი“ წარუდგინა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბიზნესასოციაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, „ბიზნესასისტენტის“ მიზნობრივ სეგმენტს ბიზნეს სექტორის ის ნაწილი წარმოადგენს, ვისაც სახელმწიფო სერვისების მუდმივი მიწოდება და გაზრდილი შესაძლებლობები ესაჭიროება. პროექტი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის კიდევ უფრო გამარტივებულ და კომფორტულ თანამშრომლობას უწყობს ხელს.
ინფორმაციის თანახმად, შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა იმ გამარტივებულ სერვისებზე, რომელიც მოიცავს საჯარო რეესტრის სერვისების სრულ სპექტრს, ასევე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებს.
ამასთან, ინფორმაციის მიხედვით, პროექტი „ბიზნესასისტენტი” უკვე ფუნქციონირებს და მასში საქართველოში მოქმედი 20-მდე მსხვილი კომპანიაა ჩართული, მათ შორის საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიები.
„ბიზნესასისტენტი“ იუსტიციის სახლის ექსკლუზიური პროექტია, რომელიც საგრძნობლად ამარტივებს ბიზნეს საქმიანობას და უფრო მოქნილსა და კომფორტულს ხდის სერვისით სარგებლობას. მსგავსი პროდუქტები ზრდის ბიზნესის ოპერატიულობასა და ეფექტიან საქმიანობას, რაც თავის მხრივ, დადებითად აისახება ეკონომიკაზე, რადგან სწორედ ბიზნეს სექტორი ქმნის ეკონომიკურ დოვლათს, რომელიც განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობასა და განვითარებას”, - განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.
ინფორმაციის თანახმად, „ბიზნესასისტენტი“ მომხმარებელს სთავაზობს სრულყოფილ სამართლებრივ დისტანციურ კონსულტაციას; სპეციალურ სივრცეს თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში; გასვლით მომსახურებას სასურველ მისამართზე თბილისის მასშტაბით.