საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.2%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.3% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.2%-ით განისაზღვრა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 4.1%-ით, რაც თვის ინფლაციაზე -0.19 პ.პ.-ით აისახა. ფასები შემცირებულია როგორც ტანსაცმლის (-5.2%), ისე ფეხსაცმლის (-1.6%) ქვეჯგუფებზე;

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 0.4%-ით, რაც თვის ინფლაციაზე -0.14 პ.პ.-ით აისახა. აღნიშნულ პერიოდში ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-6.6%), ზეთი და ცხიმი (-0.8%), პური და პურპროდუქტები (-0.7%), რძე, ყველი და კვერცხი (-0.3%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-0.2%). ამასთან, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (3.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.9%), თევზეული (1.8%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.2%), ყავა, ჩაი და კაკაო (0.2%);

ტრანსპორტი: ფასები გაიზარდა 1.8%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.19 პ.პ.-ით აისახა. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებასა (2.5%) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.2%). ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-0.4%).

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.4%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.45 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (25.5%), ზეთი და ცხიმი (17%), ყავა, ჩაი და კაკაო (13.6%), თევზეული (9.9%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (9.4%), პური და პურპროდუქტები (8.7%), რძე, ყველი და კვერცხი (8.5%), ხილი და ყურძენი (8.2%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (7.7%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4.5%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.5%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.8 პ.პ.-ით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (10.5%), საავადმყოფოების მომსახურების (9.2%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (8.4%) ქვეჯგუფებზე;

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 3.8%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.48 პ.პ.-ით აისახა. ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-6.1%).