თბილისის ფინანსური სამიტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ვარლამ ებანოიძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო დისკუსიებში, რომლებიც ღია ფინანსების, ხელოვნური ინტელექტისა და ფინანსური ზედამხედველობის განვითარების პერსპექტივებსა და რეგიონული თანამშრომლობის შესაძლებლობებს დაეთმო.

სამიტის პირველ დღეს ვარლამ ებანოიძემ დისკუსია გამართა RegGenome-ის აღმასრულებელ დირექტორ ბობ უორდროპთან. შეხვედრის მთავარი თემები იყო ფინანსურ ზედამხედველობაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, რეგულირების ციფრულ ფორმატში გარდაქმნა და სხვადასხვა იურისდიქციას შორის მარეგულირებელი ჩარჩოების თავსებადობის ხელშეწყობა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მანქანურად წაკითხვადი რეგულაციებისა და ხარისხიანი მონაცემების მნიშვნელობას. აღნიშნული მიდგომები ხელს უწყობს მარეგულირებელ მოთხოვნებს შორის მსგავსებებისა და განსხვავებების გამოვლენას, ანგარიშგების დუბლირების შემცირებასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებას. ასევე განიხილეს აგენტური ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობები საზედამხედველო საქმიანობაში, მათ შორის განმეორებადი ანალიტიკური ამოცანების შესრულებისა და შესაძლო შეუსაბამობების გამოვლენის მიმართულებით.

სამიტის მეორე დღეს ვარლამ ებანოიძემ მოდერაცია გაუწია მრგვალ მაგიდას თემაზე: „ღია ფინანსები და ხელოვნური ინტელექტი: სად შეუძლია რეგიონულ თანამშრომლობას ყველაზე სწრაფი შედეგების მოტანა“. დისკუსიაში საერთაშორისო ორგანიზაციების, ფინანსური ინსტიტუტების, ფინტექ და რეგტექ კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოს ღია ბანკინგის გამოცდილება და მისი ღია ფინანსების უფრო ფართო ეკოსისტემად განვითარების პერსპექტივები იყო. მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს ფინანსურ მომსახურებებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასა და მომხმარებელზე ორიენტირებული ინოვაციური სერვისების განვითარების შესაძლებლობებზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ღია ფინანსებისა და ხელოვნური ინტელექტის კომბინაციის პოტენციალს მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესების, ფინანსური ჩართულობის ზრდის, რისკების მართვისა და თაღლითობის პრევენციის მიმართულებით.

ამასთან, აღინიშნა, რომ მსგავსი სერვისების განვითარებისთვის აუცილებელია სანდო ტექნოლოგიური და მარეგულირებელი ინფრასტრუქტურა, მონაცემთა ხარისხის უზრუნველყოფა, პერსონალური ინფორმაციის დაცვა, გადაწყვეტილებების გამჭვირვალობა და პასუხისმგებლობის მკაფიო განაწილება.

„ღია ფინანსებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარება ფინანსური სექტორისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ამ შესაძლებლობების სრულად გამოსაყენებლად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა, არამედ სანდო ტექნოლოგიური და მარეგულირებელი გარემოს ჩამოყალიბება. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო და რეგიონულ თანამშრომლობას, საერთო სტანდარტების განვითარებასა და ფინანსურ სისტემებს შორის თავსებადობის უზრუნველყოფას“, – განაცხადა ვარლამ ებანოიძემ.

დისკუსიების მნიშვნელოვანი მიმართულება იყო რეგიონული თანამშრომლობა და ფინანსური ინფრასტრუქტურის თავსებადობა. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს საერთო ტექნიკური სტანდარტების, ღია API-ების, ციფრული იდენტობისა და მარეგულირებელი მიდგომების განვითარების მნიშვნელობას.

თბილისის ფინანსური სამიტის ფარგლებში გამართულმა დისკუსიებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ ფინანსური სექტორის განვითარება ტექნოლოგიურ ინოვაციებთან ერთად მოითხოვს მარეგულირებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, ტექნოლოგიურ კომპანიებსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას.

საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ღია ფინანსები, ხელოვნური ინტელექტი და საზედამხედველო ტექნოლოგიები ფინანსური ეკოსისტემის განვითარებისა და ეფექტიანი ზედამხედველობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.