ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სამართლიანობის აღდგენის ეფექტურობის შეფასების საკითხზე სადისკუსიო შეხვედრა გამართეს და პროფესიული საზოგადოების, დაზარალებული თუ მომჩივანი პირების პოზიციები მოისმინეს, რათა შემუშავდეს ერთიანი მოთხოვნა აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მიმართ.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაკავშირებულია ხელისუფლების პოლიტიკურ განაცხადთან და ნებასთან, რომელიც ეხება წარსული დარღვევების გამოძიებას და სისტემურ დანაშაულებზე ადეკვატურ პასუხს. ამ კუთხით, შეფასებას მოითხოვს გარდამავალი მართლმსაჯულება და პროკურატურის როლი. უფლების გადამეტების, ქონებების უკანონოდ ჩამორთმევის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, პოლიტიკური ნიშნით დევნისა და მკვლელობების საქმეები გვახსენებს მძიმე წარსულს და მემკვიდრეობას, რომელზედაც სათანადო რეაგირება კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევაა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა კონკრეტული ადამიანების ქონებრივი და არაქონებრივი უფლებების დაცვის მიმართულებით, თუმცა სამართლიანობის აღგენის ყოვლისმომცველი პროცესი არ განხორციელებულა და დღესაც შეფერხებულია. პრაქტიკაში, კომპლექსური და მოწყვლადი საქმეების გამოძიება კვლავ დაუსრულებელი, გაჭიანურებული და ხშირ შემთხვევაში, პოლიტკური კონტექსტით შეფერხებულია. დაპირებული „სამართლიანობის აღდგენა“ ბოლომდე არ მიყვანილა და ზოგიერთ საქმეზე შერჩევით ხასიათს ატარებს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ სადისკუსიო მაგიდის ფარგლებში, განხილული და არგუმენტირებული იქნა რამდენიმე გახმაურებული საქმე, რომელიც არ გამოძიებულა და მაღალი საჯარო ინტერესით სარგებლობს. კერძოდ, ლისის ტბის წართმევის საქმე, „ორთაჭალენერჯისა“ და „ჟინერის“ წართმევის საქმე, შპს „დეკოს“ და შპს „ბიზონის“ საქმე და ყინწვისის სპეცოპერაციის დროს დაზარალებული პირების საქმე.
ლისის ტბის წართმევის საქმე - 2006 წლის 4 ნოემბერს, ბიზნესმენი რამაზ ახვლედიანი ფინანსურ პოლიციაში დაიბარეს და ნების საწინააღმდეგოდ, დააწერინეს განცხადება ლისის ტბის სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობის თაობაზე. რამაზ ახლედიანი იძლებული გახადეს, თბილისის მაშინდელი მერიისა და მთავრობის სახელზე დაეწერა განცხადება და ეღიარებინა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობები და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა. წერილში, ნების საწინააღმდეგოდ, რამაზ ახვლედიანმა უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზეც და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა-ნაგებობებზეც. ამ განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება, ჩამოერთვა, რაც შემდგომ გადაეცა მამუკა ხაზარაძეს და მის კომპანიას - „ლისი ლეიქ დეველოპმენტს“. რამაზ ახლვედიანმა 2012 წლის პოლიტიკური ცვლილების შემდეგ საჩივრით მიმართა პროკურატურას, მოითხოვა საქმის შესწავლა და დაზარალებულად ცნობა, თუმცა საქმე უძრავად დევს. უტყუარი მტკიცებულებების მიუხედავად, რამაზ ახვლედიანმა სამართლიანობა ვერ აღიდგინა.
„ორთაჭალენერჯისა“ და „ჟინერის“ წართმევის საქმე - 1994 წლის 22 ივნისის იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, კომპანია „ორთაჭალენერჯის“ 2019 წლამდე წარმოეშვა „საქენერგოს“ ბალანსზე რიცხული ორთაჭალის ჰიდროელექტროსადგურის მმართვის ვალდებულება. ტექნიკურად გაუმართავი ორთაჭალჰესი გადაიქცა გამართულ ელექტროსადგირად. იჯარის საგანზე დაიხარჯა 2 მლნ ლარზე მეტი, საიდანაც სარეაბილიტაციო და კაპიტალური შეკეთების ხარჯმა შეადგინა 1 მლნ ლარზე მეტი. 2008 წლის 7 ოქტომბერს, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წერილის თანახმად, ათ წელზე მეტი ვადით დადებული იჯარის ხელშეკრულების მოშლის საფუძვლით, იჯარის ხელშეკრულება გააუქმეს. კომპანიამ სცადა სასამართლო გზით დაეცვა თავისი უფლება, თუმც წარუმატებლად, რადგანაც მაშინდელი სამინისტროს გამოკვეთილ ინტერესს კომპანიის ქონების ხელში ჩაგდება წარმოადგენდა. შპს „ორთაჭალჰესის“ 100%-იანი წილი აუქციონზე 25 250 000 აშშ დოლარად შეიძინა ს.ს. „ენერგო პრო ჯორჯიამ“, სამინისტრომ გაყიდა კომპანიის მიერ შეძენილი ძირითადი საშუალებები, კაპიტალური და მიმდინარე რემონტის შედეგად გაუმჯობესებული ქონება, რაშიც ს.ს. „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ გადახდილი იქნა საბაზრო ფასთან შეუსაბამოდ მაღალი თანხა - 25 250 000 აშშ დოლარი, თუმცა მხარე ვარაუდობს, რომ აუქციონი იყო ფორმალური, ს.ს. „ენერგო პრო ჯორჯიას“ აუქციონში გასამარჯვებლად და თავად კომპანიის აქუციონში მონაწილეობის მიღების გამოსარიცხად ქონება განზრახ შეფასდა საბაზრო ფასზე 10-ეჯ მეტ ფასად და პროცესი მიზნად ისახავდა ქონების მითვისებას. რაც შეეხება შპს „ჟინერს“, რომელიც იჯარის ხელშეკრულების საფუძველზეგადაეცა ჟინვალჰესის ჰიდროელექტროსადგური მისი ინფრასტრუქტურით, 2004 წლის დეკემბერში, ფინანსური პოლიციის მხრიდან აღძრული იქნა სისხლის სამართლის საქმე კომპანიი ხელმძღვანელ პირთა მიერ განხორციელებული უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე. საქმის აღძვრა სრულიად მოულოდნელი მოქმედება გახლდათ, ვინაიდან 2004 წელს, საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა საგადაახადო ინსპექციისა და ფინანსური პოლიციის მიერ შპს „ჟინერის“ სამეწარმეო საქმიანობა, კერძოდ, ბიუჯეტთან ანგარიშსწორება და სამეწარმეო საქმიანობის კანონიერება შემოწმდა და დადგინდა ამ საქმიანობის კანონშესაბამისობა. კომპანიის ხელმძღვანელი პირები - თეიმურაზ ჭიჭინაძე და ემზარ ჩაჩხიანი, სხვა პარტნიორებთან ერთად, იძულებულები გახდნენ 51% წილი უსასყიდლოდ დაეთმოთ სახელმწიფოს სასარგებლოდ. მიუხედავად წილის დათმობისა, თეიმურაზ ჭიჭინაძე და ემზარ ჩაჩხიანი კვლავ რჩებოდნენ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში. 2005 წლის აგვისტოში, თბილისი მაშინდელმა მერმა, გიგი უგულავამ ემზარ ჩაჩხიანი მასთან კაბინეტში მიიღო და დაახვედრა ამობეჭდილი განცხადების ტექსტი, რომელზედაც აიძულა ხელი მოეწერა შპს „ჟინერსა“ და შპს „თბილწყალკანალს“ შორის არსებულ სასამართლო დავაზე შპს „ჟინერის“ საწინააღმდეგოდ მიღებულ გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ. ეს განცხადება თავად მერიიდან იქნა დარეგისტრირებული სასამართლოში ისე, რომ შპს „ჟინერის“ ხელმძღვანელებისთვის არც კი უკითხავთ რაიმე. ამ უკანონო ქმედებამ კომპანიის შემდგომში ლიკვიდაცია გამოიწვია. 2012 წლის პოლიტიკური ცვლილების შემდეგ მხარემ საჩივრით მიმართა პროკურატურას, მოითხოვა საქმის შესწავლა და დაზარალებულად ცნობა, თუმცა საქმე უძრავად დევს.
შპს „დეკოს“ და შპს „ბიზონის“ საქმე - ბიზნესმენ ნიაზ ხალვაშის საკუთრების ხელყოფა და ბიზნესის წართმევა წარმოადგენდა სახელმწიფოს ძალმომრეობითი პოლიტიკის შედეგს და ნიაზ ხალვაშის მიმართ (და მისი ოჯახის წევრების მიმართ) განხორციელებული იქნა პოლიტიკური ნიშნით დევნა, რასაც მოჰყვა სახელმწიფო აპარატის მონაწილეობით, უკანონო მმართველობითი ღონისძიების გამოყენება, როგორც პიროვნული დასჯის, ასევე ბიზნესის ხელში ჩაგდებისა და ეკონომიკური საქმიანობის შეჩერება/შეფერხების მიზნით. უდავოდ დგინდება, რომ ნიაზ ხალვაში და მისი თავდაპირველი კომპანია „DECO“, სახელმწიფოსთან გაფორმებული შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად (26 ივნისი, 2006 წ.) კანონიერად გახდა დღევანდელი მონაცემებით და განახლებული მისამართით: მდებარე: ქ. ბათუმი, აკ. შანიძის ქუჩა N16, არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 30022.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობების საერთო ფართი: 6971 კვ.მ, ამჟამად სამ ერთეულად დაყოფილი ქონების ნამდვილი მესაკუთრე. ნიაზ ხალვაშის ბიზნესისა და ქონების დასაკუთრების ავანგარდში, სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად, აღმოჩნდა ს.ს. თიბისი ბანკი და ბანკთან ერთად, 1992-2019 წლებში, ამავე ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული კომპანია. კერძოდ, დგინდება, რომ 2007 წლის 23 თებერვალს, ს.ს. თიბისი ბანკსა და ნიაზ ხალვაშის კომპანია „DECO”-ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, ასევე თავდებობის ხელშეკრულება და ბანკის სასარგებლოდ, იპოთეკით დაიტვირთა დღევანდელი მონაცემებით და განახლებული მისამართით: მდებარე: ქ. ბათუმი, აკ. შანიძის ქუჩა N16, არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 30022.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობების საერთო ფართი: 6971 კვ.მ. ბანკსა და ნიაზ ხალვაშის კომპანიას შორის ერთ-ერთი ბოლო საკრედიტო ხელშეკრულებაში განხორციელებული დამატებითი ცვლილება განხორციელდა 2007 წლის 10 სექტემბერს, ხოლო ამ გარიგებიდან, დაახლოებით 1 თვეში, ნიაზ ხალვაშისა და მისი ბიზნესის წინააღმდეგ სახელმწიფომ წამოიწყო უკანონო დევნა - 2007 წლის 17 ოქტომბერს მიღებული იქნა დადგენილება ნიაზ ხალვაშის სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მიცემაზე. პოლიტიკურ ემიგრაციაში წასული ნიაზ ხალვაში იძულებული გახდა, ბიზნესის შესანარჩუნებლად ს.ს. თიბისი ბანკთან კვლავ გაეფორმებინა ორი ხელშეკრულება (26 დეკემბერი 2007 წელი, 15 მარტი 2008 წელი), რაც უნდა მოხმარებოდა კომპანიის მიმდინარე ვალდებულებების დაფარვას. დგინდება, რომ 2008-2010 წლებში, ნიაზ ხალვაშის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეების პარალელურად, ს.ს. თიბისი ბანკის მხრიდან არ მომხდარა რაიმე შეღავათის დადგენა ან ვალდებულების გადავადების უზრუნველყოფა. ნიაზ ხალვაშის ქონება სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან ნატურით გადადის ს.ს. თიბისი ბანკის საკუთრებაში (24 დეკემბერი, 2010 წელი). დგინდება, რომ ამ ფაქტიდან, დაახლოებით 4 თვეში, ნიაზ ხალვაშის ქონების დასაკუთრების ინტერესს გამოთქვამს ბიზნესმენი მამუკა სხვიტარიძე და მისი კომპანია - ჯერ შპს „ტრანსკავკასიის კრისტალი“, შემდეგ ასევე შპს „ბაზალტ ტრანსი“ და შპს „ტრანსკავკასიის ენერჯი“. უძრავი ნივთის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სადავო უძრავი ქონება გადადის შპს „ტრანსკავკასიის კრისტალის“ მფლობელობაში (28 სექტემბერი, 2011 წელი). სათანადო სამართლებრივი ვითარების შექმნისა და იურიდიული ინტერესის პირობებში, ნიაზ ხალვაშმა უკვე კომპანია „ბიზონის“ სახით, სახელმწიფოს მიერ ჩატარებული აუქციონის ყველა მოთხოვნის შესაბამისად, 2017 წლის 30 მარტს, ხელახლა და მეორედ შეიძინა თავისი ქონება. შესაბამისად, ნიაზ ხალვაში და მისი კომპანია აღიჭურვა ყველა იმ სამართლებრივი სიკეთით, რომელიც გამომდინარეობდა კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტიდან. 2022 წლის 14 ივლისის საქართველოს უზენაესი სასამართლოს უაღრესად საკამათო გადაწყვეტილებით, სასამართლო მამუკა სხვიტარიძის კომპანიას უკმაყოფილებს მოთხოვნას და ნიაზ ხალვაშის კომპანია კარგავს აუქციონის გზით შეძენილ ქონებაზე - დაბრუნებულ ბიზნესზე საკუთრების უფლებას. აღნიშნული გადაწყვეტილება პირველია ქართულ სამართლებრივ და ეკონომიკური ბრუნვის სტაბილურობის სისტემაში, რომელიც მნიშვნელოვან დარტყმის ქვეშ აყენებს კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტს და სამართლის განვითარების ან ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრების მოტივით, იურიდიულ საფუძველს აცლის სააღსრულებლო წარმოებათა სანდოობას, საკუთრების უფლების დაცულობას, სამართლიანობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებს. სასამართლო აუქმებს ნიაზ ხალვაშის შეძენილ ქონებაზე აუქციონის შედეგებს, მაგრამ არ გამოთქვამს დასაბუთებულ პოზიციას, რა უფლებრივი მდგომარეობის წინაშე რჩება შემდგომში ქონების კეთილსინდისიერი შემძენი. 2012 წლის პოლიტიკური ცვლილების შემდეგ მხარემ საჩივრით მიმართა პროკურატურას, მოითხოვა საქმის შესწავლა და დაზარალებულად ცნობა, თუმცა საქმე უძრავად დევს.
ყინწვისის სპეცოპერაციის საქმე - 2011 წლის 26 მაისს, თბილისში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების ფონზე, ყინწვისის მონასტერთან ჩატარებული ე.წ. სპეცოპერაცია იყო პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, რომლის დროსაც სამართალდამცველებმა უკანონოდ დააკავეს 24 ადამიანი და მათ შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალების მომზადება ბრალად დადეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაშინ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს დააკავეს შეიარაღებული ჯგუფი, რომელიც წინააღმდეგობას უწევდა პოლიციას. რეალურად, დაკავების ოქმები და დოკუმენტები მეორე დღეს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში უკანონოდ გაფორმდა. დაკავებულებსა და ადგილზე მყოფ სასულიერო პირებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაკავებულებს სხვადასხვა ვადით მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა. 2012 წლის 5 დეკემბრის საქართველოს პარლამენტის დადგენილებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირთა შესახებ, რომელიც სრულად გავრცელდა ყინწვისის სპეცოპერაციის დროს დაპატიმრებული პირების მიმართაც. საქართველოს პროკურატურამ დაადგინა, რომ დაკავებულთა უკანონო დევნით არსებითად შეილახა მათი რეპუტაცია, იმიჯი და მოხდა საზოგადოებაში დისკრედიტაცია, რამაც თითოეული მათგანის მიმართ, გამოიწვია პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უფლების არსებითი დარღვევა. შესაბამისად, ისინი დაზარალებულად იქნენ ცნობილი, ხოლო სააპელაციო სასამართლოს მხრიდან მოხდა ამ პირთა უდანაშაულოდ ცნობა. მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილებებისა, მათი სრული რესტიტუცია არ მომხდარა და დღემდე, სასამართლოებში წარმოებულია საქმეები მორალური და მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ მკვლევარი იურისტის, ანა კესარელის მიერ წარმოდგენილი იქნა სამართლიანობის აღდგენესთან დაკავშირებით ისტორიული და თანამედროვე პარარელები. საქართველოსთან ერთად, მიმოხილვა გაკეთდა ესპანეთის, გერმანიის, ჩეხეთის, განას, ჩრდილოეთ ირლანდიის მაგალითზე, სადაც სისტემური დანაშუალების ფაქტებზე ეროვნულმა ხელისუფლებებმა სამართლიანობის აღდგენის პროცესში კონკრეტული მოქმედებები განახორციელეს. ამასთან, წარმოდგენილი იქნა სტატისტიკური ინფორმაცია, რომელიც სამართლიანობის აღდგენის პროცესში, პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მხრიდან დამდგარ შედეგებს შეეხება და აღინიშნა, რომ საკანონმდებლო მოწესრიგების კუთხით, არსებობს სრული სამართლებრივი ჩარჩო, რათა სათანადო ნების პირობებში, გამოუძიებელი საქმეები სამართლიანობის აღდგენის ქვეშ აღმოჩდნენ. კერძოდ, მსჯელობა შეეხო 2016 წლის 10 ივნისის საქართველოს პარლამენტის დადგენილებას „2004-2012 წლებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების სამართლებრივი შეფასების და მათი განმეორების დაუშვებლობისა და სრული პრევენციის შესახებ“, 2019 წლის 27 ივნისის ევროსასამართლოს გადაწყვეტილებსა: „გოგუაძე საქართველოს წინააღმდეგ“ და საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის „2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შესწავლის შესახებ“ დასკვნას, რომელიც ბოლო 1 წელია რეაგირებისთვის გადაგზავნილია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში და უცნობი რჩება, თუ რა განვითარება უნდა მიეცეს თავმოყრილ შედეგებს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ სადისკუსიო შეხვედრას დაესწრებიან: უფლებადამცველები, ადვოკატები, სამართლის, პოლიტიკისა და ეკონომიკის ექსპერტები, სამართლისა და ეკონომიკის თემაზე მომუშავე ჟურნალისტები. სადისკუსიო შეხვედრაზე მონაწილეობდნენ ის ადამიანები, რომლებიც გახდნენ 2012 წლამდე პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან მსხვერპლნი ქონების წართმევის, ღირსების შელახვისა თუ სხვა ძალმომრეობითი მოპყრობის შედეგად. ამასთან, მოწვევა წარდგენილი იქნა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიმართ. მათი მხრიდან მოწვევა დადასტურდა, თუმცა ღონისძიებაზე წარმომადგენელი არ გამოცხადებულა. შეხვედრის მიზანს, იმ გამოწვევებსა და მდგომარეობაზე, რომელიც სამართლიანობის აღდგენის პროცესში არსებულ ხარვეზებს შეეხება, სწორი დასკვნების მომზადება და საქმიანი მოსაზრებების მოსმენა წარმოადგენდა. შეხვედრის მოსაზრებების შედეგად, მომზადდება წერილობითი პოზიცია საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მიმართ, რომელთა ინსტიტუციურ პაუხისმგებლობას წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენის უზრუნველყოფა.













