“ჩვენი ორგანიზაცია უკვე რამდენიმე თვეა, აკვირდება თანამედროვე ქართული ბიზნესის ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულად საინტერესო ბიზნეს-დავას. “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” გარშემო მომდინარე დავას ვგულისხმობთ, სადაც მინორიტარი აქციონერი (30%), ნათია ჯანაშია, რომელმაც “აკადემიის” 70 % წილი 2019 წელს 29 მილიონ 300 ათას გაყიდა ინვესტორზე, ცდილობს ამ წილის უკან დაბრუნებას და ამ გზაზე, სამართლებრივი პროცესების პარალელურად, ინვესტორის წინააღმდეგ მიმართულ, მათ შორის, სიძულვილის ენით აღბეჭდილ, მკაფიოდ გამოხატულ დეფამაციურ კამპანიას აწარმოებს. იკვეთება ბევრი საგულისხმო დეტალი, როგორც საკუთრივ დავასთან, მის მიმდინარეობასთან მიმართებით, ისე იმ ქონებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რაც მინორიტარი აქციონერის გარშემო სწორედ წილის გაყიდვის შემდგომ პერიოდში შეიქმნა.
როგორც აღმოჩნდა, “აკადემიაში” ინვესტორის შესვლის შემდეგ პერიოდში ნათია ჯანაშიამ წამოიწყო უზარმაზარი სამშენებლო პროექტი და ლისის ტბის მიმდებარედ 3 820 კვადრატულ მეტრის ფართობის გრანდიოზულ საცხოვრებელ სივრცეს იშენებს. ამ ფაქტმა საზოგადოების ყურადღება მიიქცია და ნათია ჯანაშიას არნახულად დიდი სასახლე, ბოლო ხანებია, სოცქსელებში განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა”, - ამბობენ “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” - აფბას მონიტორინგის სამსახურში.
აფბას მონიტორები აღნიშნავენ, რომ ნათია ჯანაშიას მიერ წამოწყებული გრანდიოზული სამშენებლო პროექტი იმდენად არის საინტერესო, რამდენადაც იგი დროში ზუსტად ემთხვევა პერიოდს, როცა “აკადემიის” მინორიტარმა აქციონერმა, ინვესტორთან გარიგების შედეგად, გაყიდული წილის სანაცვლოდ, საგანმანათლებლო ბიზნესისთვის უპრეცენდენტოდ დიდი თანხა - 29 მილიონ 300 ათასი ლარი მიიღო. ეს პროცესი დროში ასევე ემთხვევა პერიოდს (2019-2024 წლები), როცა “აკადემიას” ნათია ჯანაშიას და მისი მეუღლის, დავით ცეცხლაძის მენეჯმენტი განაგებდა და როცა გამოვლენილია 4 000 000 აშშ დოლარზე მეტის მიტაცება/გაფლანგვის შესაძლო ფაქტი, რაზეც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საქმეც არის აღძრული და გამოძიება მიმდინარეობს.
“გარდა ამ მნიშვნელოვანი ასპექტებისა, ყურადღებას იქცევს საკუთრივ სასახლის მასშტაბები და მისი გრანდიოზულობა - 3 820 კვადრატული მეტრის მქონე საცხოვრებელი საქართველოში დიდი იშვიათობაა. მთელი რიგი კითხვები, საზოგადოებას, ამ კონტექსტშიც გაუჩნდა”, - აღნიშნავენ აფბას მონიტორინგის სამსახურში.
“იყო ობიექტური მოლოდინი, რომ ნათია ჯანაშია, დიდი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, რაიმე ფორმატით გამოეხმაურებოდა დაგროვილ კითხვებს და უპასუხებდა საზოგადოებას, თუ რა ფაქტორებმა მისცა ბიძგი მის გადაწყვეტილებას, აეგო დადიანების ზუგდიდურ სასახლეზეც კი დიდი საცხოვრებელი; აპირებს თუ არა მის გასხვისებას და ამ შესაძლო გარიგების შედეგად, დამატებითი სარგებლის მიღებას და სხვ (გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 3 820 კვადრატულ მეტრიანი სასახლით არაბული და ირანული ბიზნეს-ჯგუფები არიან დაინტერესებულნი და სასახლის მოწყობას მულტიფუნქციურ კომპლექსად გეგმავენ, სადაც ერთდროულად იქნება განთავსებული საოფისე და საცხოვრებელი სივრცე. დასახელებულია შესაძლო გარიგების თანხაც - 23 მილიონ 900 ათასი ლარი).
დღემდე, ნათია ჯანაშია არსებულ ამ კითხვებთან მიმართებით იგნორირების ტაქტიკას ირჩევს, რაც მისი გრანდიოზული სასახლის მიმართ საჯარო ინტერესს კიდევ უფრო ამძაფრებს. ამას ემატება ის მომენტიც, რომ არსებობს მოლოდინი, რომ უახლოეს ხანში ცნობილი გახდება ინფორმაცია მისი კიდევ ერთი, არანაკლებ ფეშენებელური საცხოვრისის თაობაზე”, - აცხადებენ აფბას მონიტორინგის სამსახურში.
საკუთრივ სასახლეს რაც შეეხება, იგი ლისის ტბის მიმდებარედ არის აგებული და დედაქალაქს ამაღლებული ფერდობიდან გადმოჰყურებს. შენობა 3 630 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული და ლისი ვილების ყველაზე მაღალ წერტილზეა აგებული. სასახლეს, მახლობლად მდებარე მულტიმილიონერთა სხვა ვილებთან შედარებით, ყველაზე დიდი ფართობი უკავია.
ნათია ჯანაშიას სასახლის სხვა ვილებისგან გამორჩეულობა მხოლოდ ზომასა და მოცულობაში არ მდგომარეობს.
მისი ერთ-ერთი მთავარი თავისებურებაა შენობაში მოქცეული მინიფეხბურთის მოედანია, რომლის სიგრძე 21 მეტრია, სიგანე კი14 მეტრი. ეს ზომები დასაშვებია ფუტსალის არასაერთაშორისო მატჩებისთვის და ადგილობრივი ჩემპიონატებისთვის.
უძრავი ქონების სპეციალისტები თამამად აცხადებენ, რომ საქართველოს მასშტაბით იშვიათია სახლი, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს: ბოულინგის დარბაზს, სტანდარტული ზომის დახურულ მინიფეხბურთის მოედანს და 20 ადამიანზე გათვლილ, კავეას სტილის, თანამედროვე ტექნოლოგიებით სრულად აღჭურვილ კინოთეატრს.
სასახლის დანარჩენი ინფრასტრუქტურა ტრადიციულია და მსგავსია მულტიმილიონერთა რეზიდენციებისთვის. კერძოდ, ათამდე საძინებელი, - თითოეული საკუთარი საგარდერობე და სააბაზანო სივრცეებით, ასევე საკუთარი ვერანდებით, საიდანაც თითოეულს დამოუკიდებელი გასასვლელი აქვს ღია აუზზე; დახურული და ღია აუზები; სპა-სივრცე მასაჟის ოთახებით; მოცულობითი კვების ბლოკი ორი სამზარეულოთი და ვრცელი სასადილო სივრცით; ბარი და სტილისტისთვის გამოყოფილი სივრცე; შინაური ცხოველების ოთახი; ჩაის ლაუნჯი და აკვადისკოთეკა.













