საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი ფაქტია, - “ბანკები და ფინანსების” მიერ, დაფარული აქტივების მოკვლევის შედეგად დადგენილია, რომ თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ, მაგნოლიას ქუჩაზე განთავსებული 3 820 კვადრატულ მეტრიანი გრანდიოზული სასახლე “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” მინორიტარი აქციონერისა და ყოფილი დირექტორის, ნათია ჯანაშიას საკუთრებაა.
თავისი მასშტაბით და ინფრასტრუქტურით გამორჩეული ეს უნიკალური სასახლე რეალტორების მიერ მინიმუმ 20 მილიონ ლარად არის შეფასებული. სფეროს სპეციალისტები იმასაც ამბობენ, რომ სასახლის მშენებლობაზე დღემდე ჩატარებული სამუშაოები, სულ მცირე, 4 000 000 ამერიკული დოლარის ღირებულების მაინც იქნება.
ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ნათია ჯანაშიას “მაგნოლიას” გრანდიოზული სასახლე გასხვისდა. დასახელდა ისიც, რომ მყიდველი საქართველოში მსხვილი ბიზნესების მფლობელი არაბული წარმოშობის მეწარმე იყო. ითქვა ისიც, რომ გარიგების ღირებულებამ რეალტორთა მიერ შეფასებულ 20 მილიონ ლარს გადააჭარბა და 23 მილიონ 900 ათასი ლარი შეადგინა.
თუმცა, “ბანკები და ფინანსების” მიერ ჩატარებული მიკრო მოკვლევის შედეგად, ზემოთ აღნიშნული ფაქტები, იურიდიული თვალსაზრისით, არ დადასტურდა. მსგავსი გარიგება რეგისტრირებული არ არის, “მაგნოლიას” გრანდიოზული სასახლე კვლავ ნათია ჯანაშიას მეუღლის, დავით ცეცხლაძის სახელზე ირიცხება. შესაბამისად, რთული სათქმელია, რამდენადაა რეალობასთან ახლოს სასახლის გასხვისებასთან დაკავშირებით გავრცელებული ცნობები და რეალურად რამდენად მოიძებნება ამ სასახლის 20 მილიონზე მეტად შეძენის მსურველი, მფლობელთა მიერ მისი გასხვისების სურვილის გამოხატვის შემთხვევაში.
საკუთრივ სასახლეს რაც შეეხება, მოგეხსენებათ, იგი ლისის ტბის მიმდებარედ არის აგებული და დედაქალაქს ამაღლებული ფერდობიდან გადმოჰყურებს. შენობა 3 630 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული. ის ლისი ვილების ყველაზე მაღალ წერტილზეა აშენებული და მახლობლად მდებარე მულტიმილიონერთა სხვა ვილებთან შედარებით ყველაზე დიდი ფართობი უკავია.
გრანდიოზული სასახლე რამდენიმე შენობა-ნაგებობისგან შედგება. მათი ნაწილი მიწისქვეშ არის განლაგებული. შენობების მაქსიმალური სიმაღლე საპროექტო გათვლებით 15 მეტრზე მეტია, რაც სტანდარტული ხუთსართულიანის სიმაღლეა. მინუს 1 სართულზე მდებარე შენობის ნაწილი მონოლითური ბეტონითაა ჩასხმული, ხოლო ზედა სართულებზე გამოყენებულია ბლოკის მასალა.
ნათია ჯანაშიას “მაგნოლიას” სასახლის სხვა ვილებისგან გამორჩეულობა მხოლოდ ზომასა და მოცულობაში არ მდგომარეობს.
მაგნოლიას ქუჩაზე მდებარე ვილების უმეტესობას მცირე ზომის სპორტული მოედნები ეზოში აქვთ და ძირითადად ეს კალათბურთის ცალფარა მოედანი, ან სამანქანე გარაჟზე მიდგმული მინიფეხბურთის ერთი კარია.
“მაგნოლიას” სასახლის მთავარი თავისებურებაც კი ზუსტად ის არის, რომ მისი მინიფეხბურთის მოედანი შენობაშია მოქცეული. მოედნის სიგრძე 21 მეტრია, სიგანე 14 მეტრი. ეს ზომები დასაშვებია ფუტსალის არასაერთაშორისო მატჩებისთვის და ადგილობრივი ჩემპიონატებისთვის.
ნათია ჯანაშიას “მაგნოლიას” გრანდიოზული სასახლე თავისი მოცულობით 5-ჯერ აჭარბებს ერეკლე მეორეს თელავურ სასახლეს, ჯამბაკურ-ორბელიანის ციხე-სასახლეს, დადიანების ზუგდიდურ ცნობილ სასახლესაც და ავლაბრის ცერემონიების სასახლის (ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია) მთავარ შენობასაც კი.
ამ მოცულობის ფართში თავისუფლად თავსდება საშუალო თბილისური 40 ოჯახის, მაგალითად, 100 კვადრატულ მეტრიანი ბინა.
უძრავი ქონების სპეციალისტების თქმით, საქართველოს მასშტაბით იშვიათია სახლი, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებდეს: ბოულინგის დარბაზს, სტანდარტული ზომის დახურულ მინიფეხბურთის მოედანს და 16 ადამიანზე გათვლილ, კავეას სტილის, თანამედროვე ტექნოლოგიებით სრულად აღჭურვილ კინოთეატრს.
სასახლის დანარჩენი ინფრასტრუქტურა ტრადიციულია და მსგავსია მულტიმილიონერთა რეზიდენციებისთვის. კერძოდ, ათამდე საძინებელი, - თითოეული საკუთარი საგარდერობე და სააბაზანო სივრცეებით, ასევე საკუთარი ვერანდებით, საიდანაც თითოეულს დამოუკიდებელი გასასვლელი აქვს ღია აუზზე; დახურული და ღია აუზებ; სპა-სივრცე მასაჟის ოთახებით; მოცულობითი კვების ბლოკი ორი სამზარეულოთი და ვრცელი სასადილო სივრცით; ბარი და სტილისტისთვის გამოყოფილი სივრცე და სხვა თუმცა, არის გამორჩეული და არასტანდარტული ზონებიც. მაგალითად - შინაური ცხოველების ოთახი, ჩაის ლაუნჯი და აკვადისკოთეკა.













