„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ მინორიტარი აქციონერი (30%), ნათია ჯანაშია უპირობოდ დამკვიდრდა უმდიდრეს ქართველ ქალთა ათეულში. მულტიმილიონერთა სიაში მისი წინსვლა პირდაპირ უკავშირდება იმ გარიგებას, რომელიც 2019 წელს ნათია ჯანაშიასა და „საქართველოს განათლების ჯგუფს“ შორის შედგა და რომლის თანახმადაც „აკადემიის“ 70% წილში ინვესტორმა 29 მილიონ 300 ათასი ლარი გადაიხადა“, - აცხადებენ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ - აფბას მონიტორინგის სამსახურში.
შეგახსენებთ, აფბა „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ გარშემო მიმდინარე ბიზნესდავის საზოგადოებრივ მონიტორინგს ახორციელებს.
„რამდენიმეთვიანი დაკვირვების და საჯარო სივრცეში არსებული სხვადასხვა მონაცემის შესწავლისა და გაანალიზების შედეგად იკვეთება, რომ „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ მინორიტარი აქციონერის, ნათია ჯანაშიას აქტივების განუხრელი ზრდა პირდაპირ კავშირშია „აკადემიაში“ ინვესტორის შესვლის ფაქტთან.
წილის გასხვისების მეორე დღესვე, ნათია ჯანაშიას და მისი მეუღლის, დავით ცეცხლაძის საბანკო ანგარიშებზე, ორ თანაბარწილად ჩაირიცხა ჯამში 29 მილიონ 300 ათასი ლარი. ამ ფაქტიდან მოყოლებული კი, რამდენიმე წლის გასვლის შემდეგ, დგინდება, რომ ჯანაშია-ცეცხლაძის ოჯახის უძრავ-მოძრავი ქონება პროგრესულად მზარდია“, – აცხადებენ „აფბას“ მონიტორები.
მათ მიაჩნიათ, რომ ნათია ჯანაშიას აქტივების ზრდაში ინვესტორის ტრანზაქციებს უდიდესი როლი უკავია. „პირველ რიგში, გასათვალისწინებელია „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ 70%-ის გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავალი და დარჩენილი 30%-იანი წილის ღირებულება, რომლის გამოსყიდვის შეთავაზებაც 2024 წელს „საქართველოს განათლების ჯგუფს“ აქვს გაკეთებული. ასევე, გასათვალისწინებელია ის მოგება, რომელიც „ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ“ 2019-2025 წლებში მიიღო, რა პერიოდიდანაც აკადემიის საკონტროლო პაკეტს სწორედ „საქართველოს განათლების ჯგუფი“ ფლობს. ეს ყველაფერი საჯაროა და მონაცემების გაცნობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ სპეციალურ გვერდზე, რომელიც სახელმწიფო ანგარიშგების პორტალზეა განთავსებული.
ნათია ჯანაშიას აქტივების გაანალიზებისას ასევე გასათვალისწინებელია თავად მათ მიერ რამდენჯერმე ნახსენები ძვირადღირებული ავტომანქანები, კატარღები, საბრძოლო იარაღები. თუმცა, ნუსხის მიღმა დარჩენილია ძვირფასეულობა, საიუველირო ნაკეთობები, შვეიცარული საათები და სახელგანთქმული დიზაინერების ძვირფასი სამოსი, რომლებსაც ოჯახი, სავარაუდოდ, ფლობს და რაც დეკლარირებული არ არის. ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის აქტივშია ასევე, მათთვის 5 წლის განმავლობაში, ინვესტორის მხრიდან, ყოველწიური სახელფასო ანაზღაურება - 1 მილიონი ლარის მოცულობით (ჯამში 5 მლნ ლარი), რაც უპრეცედენტოდ მაღალი ანაზღაურებაა საგანმანათლებლო ბიზნესში“ , – აცხადებენ აფბას მონიტორინგის სამსახურში.
„რაც შეეხება სულ ახლახანს აღმოჩენილ 20 მილიონიან აქტივს, - საუბარია თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ განთავსებულ 3 820 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე გრანდიოზულ სასახლეზე, რომლის მშენებლობაც ოჯახმა 2020 წლიდან დაიწყო, ანუ „აკადემიაში“ ინვესტორის შესვლის შემდგომი პერიოდიდან, იგი თამამად შეიძლება ჩაითვალოს ნათია ჯანაშიას აქტივების ბრწყინვალე გვირგვინად. საგულისხმოა, რომ უძრავი ქონების სპეციალისტების აზრით, აღნიშნული სასახლის მშენებლობა, სულ მცირე 4 მლნ აშშ დოლარი მაინც დაჯდებოდა.
რამდენადაც ცნობილი ხდება, მუშავდება ინფორმაცია ნათია ჯანაშიას კუთვნილი კიდევ ერთი ფეშენებელური, რამდენიმემილიონიანი აქტივის თაობაზე, რომლის შეძენაც ასევე „აკადემიაში“ ინვესტორის შესვლის შემდგომ პერიოდს უკავშირდება. საუბარია ისევ უძრავ ქონებაზე, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ განსაკუთრებულად საინტერესო რეკრეაციულ სივრცეშია განთავსებული. ამ ინფორმაციის დადასტურება კიდევ უფრო თვალნათელს გახდის იმ ფაქტს, რომ ნათია ჯანაშიას უმდიდრეს ქართველ ქალთა ათეულში მოხვედრა ორგანულად და პირდაპირპროპორციულად უკავშირდება „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ ინვესტორის შესვლის ფაქტს“, - დასძენენ აფბას მონიტორინგის სამსახურში.
შეგახსენებთ, აფბა “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” გარშემო მიმდინარე ბიზნესდავის საზოგადოებრივ მონიტორინგს მიმდინარე წლის გაზაფხულიდან აწარმოებს. მონიტორინგი,ინვესტორის წინააღმდეგ ნათია ჯანაშიას მიერ წამოწყებული არაპროვოცირებული დავის დასაწყისიდან 2 წლიან პერიოდს მოიცავს.
დავა ნათია ჯანაშიამ ინვესტორის, - „საქართველოს განათლების ჯგუფის“ წინააღმდეგ მას შემდეგ დაიწყო, რაც მენეჯმენტ-კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ, დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
საყურადღებოა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური “საქართველოს განათლების ჯგუფის” მიმართვის საფუძველზე, სისხლის სამართლის საქმეს აწარმოებს, რომელიც 2019-2024 წლებში “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” მენეჯმენტში ნათია ჯანაშიას და მისი მეუღლის დავით ცეცხლაძის ყოფნის 5 წლიან პერიოდში, 4 მილიონ აშშ დოლარზე მეტი რესურსის შესაძლო მიტაცება-გაფლანგვის ფაქტს უკავშირდება.













