გარიცხვის/მემორანდუმიდან გასვლის და ზიანის ანაზღაურების გაერთიანებული საქმე - მთავარი სხდომა

მეთორმეტე ეპიზოდი - 29 ოქტომბერი

29 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ქეთევან კურცხალიამ განაახლა „ბრიტანულ-ქართულ აკადემიასთან დაკავშირებით მიმდინარე საქმის მთავარი სხდომა. ამით გაგრძელდა გარიცხვის/მემორანდუმიდან გასვლის და ზიანის ანაზღაურების გაერთიანებული საქმე.

მხარეები, სასამართლოს წინაშე კვლავ ახსნა-განმარტებებით წარსდგნენ ორ საქმესთან მიმართებით. ერთი “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” იურისტის, მადონა ღიბრაძისთვის ნათია ჯანაშიას მიერ კომპენსაციის არამართლზომიერად გაცემის და ამით “აკადემიისთვის” ზიანის მიყენების და მეორე -კვლავ ზიანის ანაზღაურების /მიუღებელი შემოსავლის/ მოთხოვნის კონტექსტში, ოღონდ ამჯერად ნათია ჯანაშია აყენებს 6 მილიონ აშშ დოლარზე მეტის მოთხოვნას “განათლების ჯგუფის” მიმართ, მემორანდუმით გათვალისწინებული ორი ახალი კამპუსის არაშენების და ამით სკოლის ვერგაფართოების გამო მიუღებელი შემოსავლის ასანაზღაურებლად.

როგორც “განათლების ჯგუფის” ადვოკატებმა ახსნეს და განმარტეს, “აკადემიის” იურისტი, ყოფილი მოსამართლე და ყოფილი პროკურორი, მადონა ღიბრაძე, რომელიც “აკადემიაში” წარმატებული და უსაყვედური მუშაობის 10 წლიან სამუშაო სტაჟს ითვლიდა, დირექტორმა ნათია ჯანაშიამ მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც მისგან ვერ მიიღო თანხმობა, გაეწია იურიდიული კონსულტანცია და დახმარება მისთვის, როგორც შპს “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” მინორიტარი პარტნიორისთვის, რომელიც დაპირისპირებაში იყო მაჟორიტარ პარტნიორთან.

იურისტებმა განმარტეს, რომ ღიბრაძის პოზიცია ეყრდნობოდა შემდეგს: როგორც “აკადემიის” იურისტი, ის რჩებოდა პოზიციაზე და განაგრძობდა “აკადემიის”, როგორც კომპანიის იურიდიულ მომსახურებას და ამის პარალელურად, იგი ვერც პროფესიული ეთიკიდან გამომდინარე და ვერც რაიმე სხვა თვალსაზრისით, ვერც ერთი დაპირისპირებული პარტნიორის მხარეს ვერ დადგებოდა და ვერ გასწევდა კონსულტაციას, როგორც იურისტი.

ამ პოზიციას მოჰყვა მისი გათავისუფლება ორივე (“ბრიტანულ - ქართული აკადემია” და “საერთაშორისო სკოლა”) კომპანიიდან მისი გათავისუფლება. ღიბრაძემ შრომითი უფლებების დარღვევის გამო იჩივლა, რასაც სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, მოჰყვა ნათია ჯანაშიას, როგორც კომპანიების დირექტორის მიერ მისთვის ასევე ორივე კომპანიიდან, კომპენსაციის სახით, 1 წლის ხელფასის გადახდა. - სწორედ ამ თანხას, საუბარია 40 000 ლარამდე რესურსზე, ედავება “განათლების ჯგუფი” ნათია ჯანაშიას, რამდენადაც მიიჩნევს, რომ უკანონოდ გათავისუფლებული იურისტისთვის კომპენსაციის გადახდით სკოლებს ფინანსური ზიანი მიადგა.

საპასუხო ახსნა-განმარტებით, ნათია ჯანაშიას ადვოკატებმა განმარტეს, რომ ყველაფერს რომ თავი დაანებონ, მოთხოვნა არ უნდა ჩაითვალოს რელევანტურად, რამდენადაც სასამართლოს არ დაუდგენია მადონა ღიბრაძის გათავისუფლების კანონიერება-უკანონობის ფაქტი (სასამართლო განხილვამდე საქმე აღარ მივიდა), ამდენად, გაუგებარია დაყენებული მოთხოვნის საფუძველი. მათ მიერ კიდევ ერთი რაკურსით დაისვა კითხვა პროცესუალური მოწინააღმდეგეების მიმართ - თუკი უკანონოდ გასცა ნათია ჯანაშიამ კომპენსაციები, რატომ არ დაბრუნდა ის სკოლების ბიუჯეტში თავად მადონა ღიბრაძის მიერ, რომელიც ნათია ჯანაშიას შემდგომმა მენეჯმენტმა კვლავ დააბრუნა სამსახურში იგივე პოზიციაზე.

რაც შეეხება კიდევ ერთ საქმეს, რომელიც ნათია ჯანაშიას მიერ 6 მილიონ აშშ დოლარზე მეტის მოთხოვნის დაყენებას ეხება, “განათლების ჯგუფის” მიმართ, ნათია ჯანაშიას ადვოკატებმა განმარტეს, რომ მათი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც ესაა სწორედ ის თანხა, რასაც ნათია ჯანაშია მიიღებდა, როგორც პარტნიორი, მემორანდუმით გათვალისწინებული ორი ახალი კამპუსი რომ აშენებულიყო, ექსპლუატაციაში შესულიყო, ამით სკოლები გაფართოებულიყო და შემოსავალი გაზრდილიყო.

საპასუხო ახსნა-განმარტებაში “განათლების ჯგუფის” იურისტებმა წარმოადგინეს პოზიცია, რომელიც გულისხმობდა შემდეგს - გაუგებარი და უსაფუძვლოა ნათია ჯანაშიას პოზიცია და მის მიერ დაყენებული მოთხოვნა, რამდენადაც ხსენებული კამპუსები უნდა აგებულიყო სწორედ ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის, როგორც კომპანიის უმაღლესი მენეჯმენტის ხელმძღვანელობით და მათ საამისოდ რეალური ნაბიჯები, მათ შორის, ისეთი ელემენტარული და აუცილებელიც კი, როგორიცაა მუნიციპალიტეტისადმი მშენებლობის ნებართვაზე განცხადებით მიმართვა, არ გადაუდგამთ.

აღნიშნული საქმის კონტესტში, ახსნა-განმარტებების ფორმატში, კვლავ გაიჟღერა ოქროყანის მიწის კაპიტალში შეტანის საკითხმა, რომელიც, პრინციპში ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად იქცა მხარეთა შორის უთანხმოების ოფიციალურად  წარმოშობისას.

შეგახსენებთ, ნათია ჯანაშიას მხარე მიიჩნევს, რომ “განათლების ჯგუფს” 3 მილიონ 200 ათას დოლარად შეფასებული მიწა კაპიტალში ნულოვანი ღირებულებით უნდა შეეტანა, რადგან საქმეში არსებულ “ექსელის” ფაილში (2019 წლით დათარიღებულ, მრავალთაგან ერთ-ერთ სამუშაო ფაილში), ერთ-ერთ “შიტზე” - მას გვერდით 0 უწერია.

“განათლების ჯგუფი” კი მიიჩნევს, რომ მსგავსი მსჯელობა აბსურდია და მათ მიერ აღნიშნული მიწის კაპიტალში შეტანისას ნათია ჯანაშიას მხარეს ასევე, წილობრივი მოცემულობის შესაბამისად, უნდა შეეტანა მიწის ღირებულების 30 %.

საამისო მტკიცებულებად “განათლების ჯგუფს” წარმოდგენილი აქვს მიმოწერათა ციკლი, სადაც დავით ცეცხლაძე და ნათია ჯანაშია, სხვადასხვა დროს, ითხოვენ ამ შესატანი თანხის განწილვადებას სამ წელზე.

“განათლების ჯგუფის” იურისტები, თუნდაც მხოლოდ ამ ფაქტიდან გამომდინარე, თვლიან, რომ ნათია ჯანაშიასა დადავით ცეცხლაძისთვის იმთავითვე ნათელი და მისაღები იყო კაპიტალის ზრდისას, როგორც ფულადი სახით, ისე უძრავი ქონების შეტანის დროს, პროპორცია 70/30 -ზე, როგორც ეს მემორანდუმით იყო განსაზღვრული და თვლიან, რომ საკითხის სხვაგვარად დაყენება, თითქოს “განათლების ჯგუფი” ვალდებულია მიწა კაპიტალში ნულოვანი ღირებულებით შეიტანოს, შიაარსობრივი აბსურდია და დაპირისპირების გაღრმავებასა და გაჭიანურებას ემსახურება.

რაც შეეხება საკუთრივ, არაშენებული კამპუსების გამო მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნას, “განათლების ჯგუფის” იურისტებმა განმარტეს, რომ მათი აზრით ეს სარჩელი მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზანს ემსახურება, რომ თავის დროზე, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, დაყადაღებულიყო აღნიშნული ძვირადღირებული უძრავი ქონება და ამით მხარეს შექმნოდა დამატებითი დაბრკოლებები.

ამით, გაერთიანებული საქმის ოთხივე ეპიზოდზე, ახსნა-განმარტებების ეტაპი დასრულდა და მთავარი სხდომა მხარეთა შორის კითხვა-პასუხის ეტაპიდან გაგრძელდება.