ანალიტიკოსი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში The Hill-ში გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება, რომელშიც ავტორი ამტკიცებს, რომ საქართველოში ირანული კომპანიების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და ქვეყნის ეკონომიკური გარემო შესაძლოა გამოყენებული იყოს სანქციების გვერდის ავლისთვის.

"ბანკები და ფინანსები" ცუცქირიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

"საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო ურთიერთობებზე საუბარი კვლავ აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ირან-აშშ/ისრაელის კონფლიქტის პარალელურად რეგიონში სამხედრო დაძაბულობა გაიზარდა და კონფლიქტის შესაძლო გაფართოების შესახებ დისკუსიები გააქტიურდა. ასეთ პირობებში დასავლურ მედიაში გაიზარდა ყურადღება იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ირანთან ეკონომიკურ ან სავაჭრო ურთიერთობებს ინარჩუნებენ.

თანამედროვე კონფლიქტებში ინფორმაციული სივრცე თავადაც წარმოადგენს დაპირისპირების მნიშვნელოვან კომპონენტს, რის გამოც მედია ნარატივები ხშირად პოლიტიკურ და სტრატეგიულ კონტექსტშიც განიხილება.

ამ კონტექსტში გამოცემა The Hill-მა გაავრცელა სტატია სათაურით „Georgia is becoming Iran’s sanctions evasion hub“, რომლის ავტორია ქათე ქორქია(Katie Korkia), მკვლევარი ორგანიზაციიდან Foundation for Defense of Democracies. სტატიაში ავტორი ამტკიცებს, რომ საქართველოში ირანული კომპანიების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და ქვეყნის ეკონომიკური გარემო შესაძლოა გამოყენებული იყოს სანქციების გვერდის ავლისთვის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის სტატიები საქართველოზე განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდეგ, რაც დაიწყო რუსეთის შეჭრა უკრაინაში. ამ პუბლიკაციების მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყნდება ოპინიონ-ფორმატში, რაც ავტორებს საშუალებას აძლევს არა ხოლოდ საკუთარი ანალიტიკური შეფასებები, არამედ პოლიტიკური რეკომენდაციები წარმოადგინონ.სტატიაში ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად მოყვანილია მონაცემი, რომლის მიხედვითაც 2022–2025 წლებში 72 კომპანიამ ირანული ნავთობპროდუქტები შემოიტანა საქართველოში. ავტორი ეყრდნობა ორგანიზაციის — Civic IDEA — კვლევას. აღნიშნული ორგანიზაცია საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ინსტიტუტია, რომელიც მუშაობს დემოკრატიული მმართველობის, კანონის უზენაესობისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში 12 800-ზე მეტი ირანული კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთა ნაწილი ერთსა და იმავე მისამართებზე ფიქსირდება. ავტორი ამ ფაქტიდან გამომდინარე ვარაუდობს, რომ გარკვეული კომპანიები შესაძლოა დაკავშირებული იყვნენ პოლიტიკურ ელიტებთან და გამოიყენებოდნენ სანქციების გვერდის ავლისთვის.

თუმცა აქ მნიშვნელოვანია ფაქტისა და ინტერპრეტაციის ერთმანეთისგან გამიჯვნა. ირანული ბიზნესის რაოდენობის ზრდა საქართველოში მართლაც ფიქსირდება, მაგრამ დასკვნა, რომ ეს კომპანიები სისტემურად გამოიყენება სანქციების გვერდის ავლისთვის, დამატებით მტკიცებულებებს საჭიროებს.

ამასთან, საქართველოს კანონმდებლობით ირანთან სავაჭრო ურთიერთობები სრულად აკრძალული არ არის. მიუხედავად რეგისტრირებული კომპანიების რაოდენობის ზრდისა, პრაქტიკაში მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ან მცირე მასშტაბის ბიზნესია, ან საერთოდ არ ახორციელებს აქტიურ ეკონომიკურ საქმიანობას.

ამ ფონზე დასკვნა, რომ საქართველო უკვე ჩამოყალიბდა როგორც „სანქციების გვერდის ავლის ჰაბი“, შესაძლოა შეფასდეს როგორც სულ მცირე გადაჭარბებული ინტერპრეტაცია, რომელიც სტატისტიკური მონაცემების პირდაპირ შედეგს არ წარმოადგენს.

სტატიაში განსაკუთრებით მკვეთრია ავტორის პოლიტიკური შეფასებები, სადაც საუბარია იმაზე, რომ შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა საქართველოზე ზეწოლის მექანიზმები გამოიყენოს. ასეთი რეკომენდაციები კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ტექსტი წარმოადგენს არა ნეიტრალურ ჟურნალისტურ რეპორტაჟს, არამედ ავტორის პოლიტიკურ ანალიტიკურ პოზიციას.

ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომელსაც აღნიშნული სტატია პრაქტიკულად არ განიხილავს — საქართველოს ლიბერალური ბიზნესგარემო. საერთაშორისო ეკონომიკური რეიტინგების მიხედვით, ქვეყანა ერთ-ერთ ყველაზე მარტივ იურისდიქციად ითვლება ბიზნესის რეგისტრაციის თვალსაზრისით. კომპანია საქართველოში ხშირად შესაძლებელია დარეგისტრირდეს ძალიან მოკლე დროში, ხოლო უცხოელი ინვესტორებისთვის შეზღუდვები მინიმალურია. ამას ემატება დაბალი საგადასახადო ტვირთი და შედარებით მარტივი რეგულაციები.

ამ პირობებში უცხოური კომპანიების დიდი რაოდენობის რეგისტრაცია ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ისინი რეალურად ახორციელებენ აქტიურ ოპერაციებს ან გამოიყენებიან კონკრეტული ფინანსური სქემებისთვის.საგულისხმოა კიდევ ერთი სამართლებრივი ასპექტიც. საქართველო არ არის იურიდიულად ვალდებული ავტომატურად შეუერთდეს არც ევროკავშირის და არც აშშ-ის ყველა სანქციას, გარდა კონკრეტული საერთაშორისო ვალდებულებებისა. პრაქტიკაში ქვეყანა ხშირად პოლიტიკურად უერთდება გარკვეულ სანქციურ ზომებს, თუმცა ეს ყოველთვის სავალდებულო სამართლებრივ ვალდებულებას არ წარმოადგენს.

ამ გარემოებათა გათვალისწინებით, დასავლურ ანალიტიკურ სივრცეში პერიოდულად ჩნდება ეჭვი, რომ კომპანიებმა შესაძლოა გამოიყენონ საქართველო როგორც ტრანზიტული ან შუამავალი ბაზარი. თუმცა დღემდე ასეთი სქემების არსებობა ფართომასშტაბიან დონეზე დოკუმენტურად არ დადასტურებულა.

ახლა რაც შეეხება უშუალოდ სტატისტიკურ მონაცემებს. საქართველოსა და ირანი შორის სავაჭრო ურთიერთობები ბოლო წლებში შედარებით მცირეა, მაგრამ სტაბილური. ქვემოთ არის 2024 წლის სრული მონაცემები და 2025 წლის (იანვარი–ნოემბერი) მიმდინარე მონაცემები.

საქართველო–ირანის ექსპორტ-იმპორტი 2024–2025 წლებში, დიდად არ გაზრდილა. 2024 წელს საქართველოს ექსპორტი ირანში დაახლოებით 36.7 მლნ აშშ დოლარი იყო, ხოლო საქართველოს იმპორტი ირანიდან: დაახლოებით 285 მლნ აშშ დოლარი, სავაჭრო ბრუნვა ჯამში: დაახლოებით 321–322 მლნ დოლარია. 2025 წელი (იანვარი–ნოემბერი) ექსპორტი საქართველოდან ირანში: 32.8 მლნ დოლარი, იმპორტი ირანიდან საქართველოში: 229.8 მლნ დოლარი, სავაჭრო ბრუნვა: დაახლოებით 262.6 მლნ დოლარი. პროცენტული თვალსაზრისით მთლიან ექსპორტ იმპორტში ძალიან მცირეა: ექსპორტში ირანის წილი 0.5–0.6%-ია, ხოლო იმპორტში 1,7 %.როგორც ვხედავთ ბოლო 2 წელიწადში არანაირი ზრდა არ არსებობს, პირიქით 2025 წელს მცირედით შემცირებულია და თუ ბოლო წლებს შევადარებთ იგი სრულ თანხვედრაშია სამშენებლო ინდუსტრიის მაღალი ზრდის ტემპებთან.

საქართველოს მთავარი იმპორტი ირანიდან არის სამშენებლო ინდუსტრიის ნაწილი: რკინა-ფოლადი, პლასტმასა, კერამიკული ფილები, მინა და მინის პროდუქცია, ასევე საკვები პროდუქტები (რძის ნაწარმი და სხვ.), რაზეც ამ სტატიაში მინისნებაც კი არ არის. მართალია, ირანი საქართველოსთვის სტაბილური სავაჭრო პარტნიორია, თუმცა წამყვანი სავაჭრო ქვეყნების ტოპ-10-ში არ შედის და ძირითადად ძირითად 20 ულშია სავაჭრო ბრუნვის მიხედვით. ვიზუალური შედარება, რომ მოვახდინოთ რეგიონის ქვეყნებთან თუ წარმოვიდგენთ საქართველოს ვაჭრობას 100%-ად პირველ მეორე ადგილზე თურქეთი და რუსეთიაშესაბამისად 15% და 12%, შემდეგ მოდის აზერბაიჯანი 6-7 % და სომხეთი 4-5 %, ირანის წილი მთლიან ვაჭრობაში სულ 1 %-ის ფარგლებშია. ჩემი შეფასებით, აქ არის კიდევ ერთი საინტერესო ფაქტორი მიუხედავად იმისა, რომ ირანი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკაა, საქართველოსთან ვაჭრობა მაინც მცირეა. ამის უკან რამდენიმე ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორი დგას.

პირველ რიგში ეს არის საერთაშორისო სანქციების ზეგავლენა, ირანი წლებია იმყოფება ფართო სანქციების ქვეშ, განსაკუთრებით აშშ-ის და ევროკავშირის მხრიდან.

თავის მხრივ, საერთაშორისო სანქციები იწვევს - საბანკო გადარიცხვების სირთულეს, საერთაშორისო ფინანსურ სისტემაში შეზღუდვებს (ირანის ბანკები შეზღუდულად მუშაობს საერთაშორისო სისტემაში, მაგალითად SWIFT-თან შეზღუდვები, რასაც ემატება კომპანიების რისკი, რომ სანქციები შეეხოთ. ამიტომ ბევრი ქართული და უცხოური კომპანია ერიდება ირანთან დიდ მასშტაბზე ვაჭრობას.

ბოლო წლებში საქართველოს სავაჭრო პოლიტიკა ძლიერ არის დაკავშირებული ევროკავშირთან, არსებობს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება (DCFTA) ევროკავშირთან და საკრედიტო რესურსების დასავლურ ბაზრებთან, ამიტომ კომპანიები ხშირად ევროპისა და თურქეთის ბაზრებზე არიან ორიენტირებული.

ამ მონაცემებისა და ფაქტობრივი გარემოებების ფონზე ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რამდენად შეესაბამება სტატიის მყვირალა სათაური რეალურ ეკონომიკურ სურათს და რამდენად არის იგი უბრალოდ სენსაციური ნარატივის შექმნის მცდელობა. სტატისტიკა და მოქმედი სამართლებრივი გარემო მიუთითებს შედარებით მცირე მასშტაბის სავაჭრო ურთიერთობებზე და არა იმგვარ სისტემურ მექანიზმზე, რომლის მიხედვითაც საქართველო ირანის მიერ სანქციების გვერდის ავლის ჰაბად შეიძლება შეფასდეს.

ასეთ პირობებში საფუძვლიანია ეჭვი, რომ საქმე გვაქვს თემის ხელოვნურ დრამატიზებასთან და ეკონომიკური რეალობის პოლიტიზებულ ინტერპრეტაციასთან", - წერს ცუცქირიძე.