ფასების შემსწავლელი დროებით საპარლამენტო კომისია ბავშვთა კვების პროდუქტებზე ცენტრალიზებული შესყიდვების მექანიზმის დანერგვის რეკომენდაციით გამოდის.

კომისიის დასკვნით, ამგვარი მექანიზმი ბავშვთა კვების ხელმისაწვდომობას გააუმჯობესებს.

კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ ბავშვთა კვების პროდუქტები სოციალურად მგრძნობიარე სეგმენტს წარმოადგენს, რომლის ფასზე მნიშვნელოვან გავლენას იმპორტზე დამოკიდებულება და მიწოდების შედარებით გრძელი ჯაჭვი ახდენს.

“აღნიშნულის საფუძველზე მიზანშეწონილია ბავშვთა კვების პროდუქტებზე ცენტრალიზებული შესყიდვების მექანიზმის დანერგვის ხელშეწყობა, რაც შესყიდვის მოცულობას გაზრდის და მომწოდებლებთან უკეთესი ფასის მოლაპარაკების შესაძლებლობას შექმნის.

ამასთან, მნიშვნელოვანია მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციის მხარდაჭერა, რაც შეამცირებს ლოგისტიკურ და კომერციულ დანახარჯებს და დადებითად აისახება საბოლოო ფასზე“, - აცხადებს დროებით საპარლამენტო კომისია.