„ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ლონდონის სასამართლოში ასეთი ფორმით სარჩელის შეტანა, საქართველოს ხელისუფლებას უფრო დააზიანებდა, ვიდრე სარჩელის ობიექტს. ნათია ჯანაშიამ და მისმა მეუღლემ ლონდონიდან სარჩელის გამოტანაზე კატეგორიული უარი განაცხადეს და საქართველოში წარმოებულ დიფამაციურ კამპანიაში ცენტრალურ თემად აქციეს,“- აცხადებს გიორგი კაპანაძე საზოგადოებრივი ორგანიზაციის, აფბას - ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელი.
აფბა, „ბრიტანულ-ქართულ აკადემიასთან“ დაკავშირებული სასამართლო დავების პროფესიონალურ მონიტორინგს აწარმოებს. დავას, აკადემიიდან გაშვებული, ყოფილი დირექტორი და 30%-ის მფლობელი ნათია ჯანაშია და მისი მეუღლე დავით ცეცხლაძე, ინვესტორთან, რომელიც ბრიტანულ-ქართული აკადემიის 70 პროცენტს ფლობს, 2 წელია აწარმოებს.
მენეჯმენტში ყოფნის კონტრაქტით განსაზღვრული 5 წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, ინვესტორმა აღარ გააგრძელა ხელშეკრულება ნათია ჯანაშიასა და მისი მეუღლე დავით ცეცხლაძესთან, რასაც ამ უკანასკნელების მხრიდან სასამართლო დავა მოყვა. ამავდროულად, „საქართველოს განათლების ჯგუფის“ მიმართვის საფუძველზე, ნათია ჯანაშიას მენეჯმენტში 5 წლის მანძილზე ყოფნის დროს, „ბრიტანულ-ქართულ აკადემიის“ კუთვნილი თანხების დიდი ოდენობით გაფლანგვა-დატაცების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
„ლონდონის სასამართლოში შეტანილი სარჩელით ნათია ჯანაშია ღიად და მწვავედ დაუპირისპირდა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას და თავად ბიძინა ივანიშვილს, დაადანაშაულა იგი რეჟიმის ჩამოყალიბებაში, სასამართლოზე ზეწოლაში, კორუფციაში და რუსეთისკენ გადახვევაში“, - აფასებს გიორგი კაპანაძე სარჩელის იმ პუნქტებს, სადაც მოსარჩელე, ფაქტობრივად, სანქციებს მოითხოვს საქართველოს მოსამართლეების, იუსტიციის მინისტრისა და სხვა თანამდებობის პირების მიმართ.
აფბას ხელმძღვანელის ინფორმაციით, ნათია ჯანაშიას მიერ ლონდონის სასამართლოში წინა წელს შეტანილი სარჩელი, ჯერ კიდევ არ განხილულა.
„ლონდონის სასამართლო არ განმარტავს სხდომის დანიშვნის გადაწევის მიზეზებს, მაგრამ ფაქტია, რომ ნათია ჯანაშიასა და მისი მეუღლის დავით ცეცხლაძის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების გაშავებისა და მოსამართლეების სანქცირების მცდელობა ფიასკოს განიცდის, რაც ჯანაშია-ცეცხლაძის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს,“ - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.













