“ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ გარშემო მიმდინარე დავა ბოლო პერიოდში დაინტერესებული მხარეების მეტი ჩართულობით გამოირჩევა. აღნიშნულ დავა 2024 წელს აკადემიის ყოფილმა დირექტორმა და 30%-იანი წილის მფლობელმა ნათია ჯანაშიამ ინვესტორის, „საქართველოს განათლების ჯგუფის“, წინააღმდეგ დაიწყო და დღემდე გრძელდება როგორც საქართველოში, ისე დიდ ბრიტანეთში.
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გამოჩნდა ადვოკატი თამთა ჯანიაშვილი, რომელმაც დავასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვიდეომიმართვა ჩაწერა და ნათია ჯანაშიას მხარის პოზიციიდან ისაუბრა. იგი ვიდეომიმართვაში შეეხო რამდენიმე საკითხს, მათ შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანს, ოქროყანის (ხანდახან ტაბახმელის მიწასაც უწოდებენ მხარეები) მიწის საკითხს, რომელზეც ნათია ჯანაშია აცხადებდა, რომ „საქართველოს განათლების ჯგუფი“ 2019 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით ვალდებული იყო მიწა აკადემიის კაპიტალში უსასყიდლოდ შეეტანა. თუმცა ჯანაშიას ამ ფაქტის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი ამ წლების განმავლობაში არ წარმოუდგენია.
ვინაიდან თამთა ჯანიაშვილმაც იგივე პოზიცია გაახმაურა და განაცხადა, რომ ოქროყანის მიწა, უსასყიდლოდ უნდა გადასცემოდა „ბრიტანულ-ქართულ აკადემიას“, დავინტერესდით თუ რის საფუძველზე ჰქონდა მას მსგავსი მოთხოვნა და არსებობდა თუ არა ამ ყველაფრის დამადასტურებელი დოკუმენტი. ჩვენ დავუკავშირდით ნათია ჯანაშიას ადვოკატს, ქალბატონ თამთა ჯანიაშვილს და ვთხოვეთ კომენტარი ამ საკითხზე, თუმცა მან სატელეფონო საუბარში პასუხი არ გასცა ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს, რის შემდგომაც გადავუგზავნეთ კითხვები წერილობითი სახით. ჯანიაშვილმა არც ჩვენს მიერ გადაგზავნილ კითხვებს უპასუხა და, შესაბამისად, ვერ გადმოგვიგზავნა დოკუმენტი რომელიც დაადასტურებდა, რომ „საქართველოს განათლების ჯგუფი“ ვალდებული იყო ოქროყანის მიწა აკადემიის კაპიტალში უსასყიდლოდ შეეტანა.
რადგან ჯანიაშვილისგან პასუხი ვერ მივიღეთ გადავწყვიტეთ, დავკავშირებოდით „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბას ხელმძღვანელს, გიორგი კაპანაძეს და მისგან მოგვესმინა შეფასება აღნიშნულ საკითხზე. შეგახსენებთ, აფბა “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” გარშემო მიმდინარე დავის საზოგადოებრივ მონიტორინგს ახორციელებს.
„ის ფაქტი, რომ ჯანაშიას ადვოკატი, თამთა ჯანიაშვილი თავს არიდებს ოქროყანის მიწასთან დაკავშირებულ კითხვებს, ცხადყოფს, რომ ნათია ჯანაშიას მხარეს არანაირი დოკუმენტი, მათ შორის, არც ხელშეკრულება, არც შეთანხმება ან მემორანდუმი, რომელზეც ორივე მხარე აწერს ხელს, ანუ განზრახულობას დოკუმენტური სახით აფორმებენ ან ფაქტს ადასტურებენ, არ აქვთ.
მკითხველს რომ მარტივად განვუმარტოთ და მძიმე იურიდიული ტერმინებით არ გადავღალოთ, შევაჯამებ თავშივე, რომ ნათია ჯანაშიას მხარის პრეტენზია ოქროყანის მიწასთან დაკავშირებით, მორიგი ავანტიურაა.
მათ არ გააჩნიათ არანაირი არგუმენტი ან ოფიციალური დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა მათ სიმართლეს. გასული თვეების განმავლობაში, ჩვენი მონიტორინგის ფარგლებში, რომელიც მოიცავდა დავის დაწყების მომენტიდან დღემდე საჯარო წყაროებში გამოქვეყნებულ ყველა ვიდეო, აუდიო და წერილობით მასალას, არ გამოკვეთილა არანაირი ფაქტი, რომელიც ჯანაშიას პრეტენზიას დაადასტურებდა.
ჯანაშიასგან განსხვავებით, „საქართველოს განათლების ჯგუფის“ ყოფილი დირექტორი, გიორგი კეთილაძე გავრცელებულ წერილში პირდაპირ აცხადებს, რომ არსებობს უტყუარი მტკიცებულებები ელექტრონული მიმოწერის სახით, სადაც „საქართველოს კაპიტალის“ მიერ საკუთარი მიწის „აკადემიის“ კაპიტალში შემოტანის საპასუხოდ, ნათია ჯანაშიას მხარე ითხოვს თავისი შენატანის რამდენიმე წელზე გადანაწილებას. აღსანიშნავია, ისიც რომ ნათია ჯანაშიას და მის მეუღლეს ეს ფაქტი საჯაროდ არასდროს უარუყვიათ“, – აცხადებს კაპანაძე.
აფბას ხელმძღვანელის თქმით, ოქროყანის მიწის საკითხი დავაში მოგვიანებით ჩნდება, როდესაც სადავო, ფაქტობრივად, არც არაფერი დარჩა, გარდა „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ კუთვნილი სახსრების დიდი ოდენობით გაფლანგვა-მიტაცების ფაქტებისა, რომელიც საერთაშორისო აუდიტის მიერ უკვე დადასტურებულია. ამ საკითხზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „საქართველოს განათლების ჯგუფის“ („საქართველოს კაპიტალის“ შვილობილის) მიმართვის საფუძველზე და მოიცავს იმ პერიოდს, როდესაც ნათია ჯანაშია იყო „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორი.
„თქვენი გამოცემის მკითხველებს გულწრფელად მინდა ვუთხრა, რომ გამოქვეყნებული მასალების, ინტერვიუებისა და განცხადებების ანალიზის შედეგად, დადასტურებულად ვიცით, რომ „საქართველოს კაპიტალის“ საკუთრებაში არსებული ოქროყანის მიწის „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ კაპიტალში უფასოდ შეტანის ვალდებულება არ ფიგურირებს არც წილის შესყიდვის ხელშეკრულებაში და არც სხვა რაიმე სახის მემორანდუმებსა თუ შეთანხმებებში. უფრო მეტიც, დავის საწყის ეტაპზე, ნათია ჯანაშიას არცერთ განცხადებაში ეს საკითხი არ წამოწეულა და ჩნდება გაცილებით მოგვიანებით როგორც ავანტიურა და პოლიტიკური მანევრის სტრატეგიული ნაწილი“, – დასძენს კაპანაძე.
kvira.ge













