საქართველოს რკინიგზის წმინდა მოგება 2025 წელს 152 მილიონი ლარი იყო, - განუცხადა ჟურნალისტებს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ პოზიტიურ შედეგებზე საუბრისას.

ლაშა აბაშიძის თქმით, მიმდინარე წლის ხუთი თვის მაჩვენებლებით გაუმჯობესებაა სატვირთო გადაზიდვებშიც.

„საქართველოს რკინიგზის წმინდა მოგება 2025 წელს იყო 152 მილიონი ლარი, შედარებით 68 მილიონ ლართან [2024 წლის წმინდა მოგება იყო 68,2 მლნ ლარი]. ასევე მნიშვნელოვანია, რომ წელს, ხუთი თვის მაჩვენებლებით საკმაო გაუმჯობესება გვაქვს. უკვე გვაქვს დაახლოებით 88 მილიონი ლარი მოგება. ასევე, გვაქვს გაუმჯობესება ე.წ. EBITDA-ში და საოპერაციო მოგების ნაწილში.

ჩვენ მიმდინარე წლის ხუთი თვის მაჩვენებლებით გაუმჯობესება გვაქვს სატვირთო გადაზიდვებში. ტვირთის მოცულობა უფრო გაზრდილია. დაახლოებით 400 ათას ტონაზე მეტი გვაქვს უკვე გადაზიდული, რაც პირდაპირ აისახება და რომელიც აგენერირებს ჩვენს პირდაპირ შემოსავლებს“, - აღნიშნა მან.