"ბრიტანულ-ქართული აკადემიის" გარშემო მიმდინარე დავის საზოგადოებრივი მინიტორინგის კონტექსტში, ჩვენი ყურადღება ნათია ჯანაშიას და მისი მეუღლის მენეჯმენტის პერიოდში, აკადემიის კუთვნილი თანხებიდან 4 მილიონი აშშ დოლარის გაფლანგვა-დატაცების ფაქტებზეა გამახვილებული. ეს ერთ-ერთი საკვანძო საკითხია, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სწავლობს," - აღნიშნა მედიასთან საუბრისას "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" - აფბას ხელმძღვანელმა, გიორგი კაპანაძემ.
შეგახსენებთ, აფბა „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ ირგვლივ არსებული დავის საზოგადოებრივ მონიტორინგს ახორციელებს. დავას აკადემიიდან გაძევებული ყოფილი დირექტორი და მეწილე ნათია ჯანაშია მეუღლესთან ერთად მსხვილი აქციონერის „საქართველოს განათლების ჯგუფის“ წინააღმდეგ წარმართავს.
კაპანაძის თქმით, საჯარო წყაროებში არსებული და მხარეთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ნათია ჯანაშიას და მისი მეუღლის მენეჯმენტის პერიოდში სავარაუდოდ, მითვისებულია აკადემიის კუთვნილი 4 მილიონი დოლარი. ნათია ჯანაშია დირექტორად 5 წლის განმავლობაში „საქართველოს განათლების ჯგუფის“ - „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ ინვესტორისა და 70%-იანი წილის მფლობელის მიერ იყო დაკონტრაქტებული, ხოლო მისი მეუღლე მენეჯმენტში კამპუსის მშენებლობას კურირებდა. 30 პროცენტის წილის მქონე ნათია ჯანაშიამ და მისმა მეუღლემ ამ პერიოდში ჯამში ხელფასის სახით 5 მილიონი ლარი მიიღეს.
"არსებული მასალების შესწავლისა და ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ლისზე აგებული სკოლის ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა თავდაპირველ ბიუჯეტთან შედარებით 2-ჯერ ძვირი დაჯდა. იმ პერიოდში, ბაზარზე განხორციელებულ ანალოგიურ სამუშაოებთან შედარებით კი 3-ჯერ ძვირიც", - აღნიშნა კაპანაძემ.
აფბას ხელმძღვანელი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რაც მონიტორინგისას გამოიკვეთა. კერძოდ, გაფლანგვა-მითვისება დოკუმენტირებულად არის დადასტურებული საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების დიდი ოთხეულიდან ერთ-ერთის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში.
"სწორედ ეს გარემოებები, რაც აისახა საერთაშორისო აღიარების მქონე აუდიტორული კომპანიის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში, "საქართველოს განათლების ჯგუფის“ მიერ სამართალდამცავებთან მიმართვის საფუძველი გახდა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაწყებულია გამოძიება, სისხლის სამართლის საქმეზე (#092060925001), სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის" კუთვნილი თანხის შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე. გამოძიების პერიოდი მოიცავს ნათია ჯანაშიასა და მისი მეუღლის, დავით ცეცხლაძის მენეჯმენტში ყოფნის პერიოდს (2019-2024 წლებს).
უფრო მეტიც, ნათია ჯანაშიას მხარე საკუთარ რესურსებზე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ამ კატასტროფულ გაფლანგვას ბავშვების მომავლისთვის ინვესტიციას უწოდებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ვიდეო შექმნილია კომპიუტერულად მოდელირებული კადრებით (რენდერული ფოტოებით) და არა რეალური ფოტოებით. ჩვენი მონიტორინგის ერთ-ერთი მიმართულება გაფლანგული 4 მილიონი დოლარის აღმოჩენაა,“- დასძინა კაპანაძემ საუბრის დასასრულს.













