საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბამ, “ბრიტანულ-ქართულ აკადემიასთან” დაკავშირებულ დავის საზოგადოებრივი მონიტორინგის ფარგლებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს საქმის მიმდინარეობის დეტალებთან დაკავშირებით მიმართა.
ასოციაციის ხელმძღვანელი, გიორგი კაპანაძე მიმართვის თაობაზე მედიას ესაუბრა. მისი თქმით, დავის საკითხზე და კერძოდ, საგამოძიებო სამსახურში საქმის აღძვრის ფაქტთან დაკავშირებით, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდებოდა, მაგრამ მონიტორინგის ფარგლებში ნათლად გამოიკვეთა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საქმე აღძრულია „საქართველოს განათლების ჯგუფის“ მიმართვის საფუძველზე, ხოლო გამოძიების პერიოდი განსაზღვრული იმ დროით, როდესაც ყოფილი დირექტორი, წილის 30%-ის მფლობელი, ნათია ჯანაშია და მისი მეუღლე, დავით ცეცხლაძე „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ მენეჯმენტს წარმოდგენდნენ.
„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაწყებული გამოძიება ამ დავის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, შესაბამისად ჩვენც, საზოგადოებრივი მონიტორინგის დაწყებისთანავე, შევისწავლეთ აღნიშნული საკითხი. შედეგად, გამოვლენილია, რომ ნათია ჯანაშიას მიერ არაერთხელ გახმაურებული ბრალდებებისა და განცხადებების მიუხედავად, ამ მომენტისთვის, არ დასტურდება რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მისი მიმართვის საფუძველზე იყოს დაწყებული და მიმდინარეობდეს რაიმე ტიპის გამოძიება „საქართველოს კაპიტალის“ ხელმძღვანელისა თუ სხვა თანამშრომლების მიმართ.
„საქართველოს კაპიტალის“ საინვესტიციო მიმართულების ყოფილი ხელმძღვანელისა და „საქართველოს განათლების ჯგუფის“ ყოფილი დირექტორის, გიორგი კეთილაძის მიერ გავრცელებული საჯარო წერილიდან მკაფიოდ იკვეთება მიმდინარე გამოძიების კონკრეტული დეტალები. კერძოდ ის, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაწყებულია გამოძიება, სისხლის სამართლის საქმეზე (#092060925001), სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის” კუთვნილი თანხის შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე. გამოძიების პერიოდი მოიცავს ნათია ჯანაშიასა და მისი მეუღლის, დავით ცეცხლაძის მენეჯმენტში ყოფნის პერიოდს (2019-2024 წლებს). აღსანიშნავია, რომ გამოძიება ავტორიტეტული აუდიტორული კომპანიის მიერ დადასტურებული ფაქტებზე დაყრდნობით არის დაწყებული.
“ბრიტანულ-ქართული აკადემიის” გარშემო მიმდინარე დავის საზოგადოებრივი მონიტორინგის კონტექსტში, ჩვენი ყურადღება მიიპყრო ნათია ჯანაშიას და მისი მეუღლის მენეჯმენტის პერიოდში, აკადემიის კუთვნილი თანხებიდან 4 მილიონი აშშ დოლარის გაფლანგვა-დატაცების ფაქტებმა”, – ამბობს გიორგი კაპანაძე.
მისი თქმით, საჯარო წყაროებში არსებული და მხარეთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ნათია ჯანაშიას და მისი მეუღლის მენეჯმენტის პერიოდში სავარაუდოდ, მითვისებულია აკადემიის კუთვნილი 4 მილიონი დოლარი, იმ პერიოდში, როდესაც ნათია ჯანაშიამ და მისმა მეუღლე – დავით ცეცხლაძემ 5 წლის განმავლობაში „ბრიტანულ-ქართული აკადემიიდან“ ჯამში ხელფასის სახით 5 მილიონი ლარი მიიღეს.
“არსებული მასალების შესწავლისა და ანალიზის შედეგად გამოიკვეთა დადასტურებული ფაქტის სახით, რომ ლისზე აგებული სკოლის ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა თავდაპირველ ბიუჯეტთან შედარებით 2-ჯერ ძვირი დაჯდა, იმ პერიოდში, ბაზარზე განხორციელებულ ანალოგიურ სამუშაოებთან შედარებით კი 3-ჯერ ძვირიც. ამას ემატება ისიც, რომ წლების განმავლობაში ხდებოდა სკოლის კაფეტერიის პროდუქტებით მომმარაგებელი კომპანიის მიერ სკოლისთვის, საბაზროსთან შედარებით, საგრძნობლად გაზრდილი ფასებით შესყიდული პროდუქტის მიწოდება და სხვა. ისიც დასაბუთებულია, რომ ნათია ჯანაშიას და მისი მეუღლის მენეჯმენტის პერიოდში გაფლანგულია 4 მილიონი დოლარი. “, – აღნიშნა კაპანაძემ.
აფბას ხელმძღვანელი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რაც მონიტორინგისას გამოიკვეთა. კერძოდ, გაფლანგვა-მითვისება დოკუმენტირებულად არის დადასტურებული საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების დიდი ოთხეულიდან ერთ-ერთის მიერ წარმოდგენილი დასკვნით.
“სწორედ ეს გარემოებები, რაც აისახა საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში, “საქართველოს განათლების ჯგუფის“ მიერ სამართალდამცავებთან მიმართვის საფუძველი გახდა. ამასთან, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ საქმე აღიძრა და გამოძიება დაიწყო გაფლანგვა-დატაცების ფაქტზე. აფბამ განცხადებით მიმართა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს საქმის მიმდინარეობის თაობაზე და პასუხის მიღების შემდეგ, ფართო საზოგადოებასაც მივაწვდით ინფორმაციას“, – დასძინა კაპანაძემ საუბრის დასასრულს.













