თანხის დაკისრების საქმის მოსამზადებელი სხდომა

მეთვრამეტე ეპიზოდი - 19 ნოემბერი

2026 წლის 19  ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ზვიად ესებუამ განაახლა მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც განიხილება „საქართველოს განათლების ჯგუფის“ სარჩელი "ბრიტანულ-ქართული აკადემიის" მინორიტარი პარტნიორისა (30%) და ყოფილი დირექტორის, ნათია ჯანაშიასადმი თანხის დაკისრების თაობაზე. სარჩელი შეეხება „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ რესურსიდან გაწეული ისეთი ხარჯების დაკისრებას, როგორიცაა ნათია ჯანაშიასა და დავით ცეცხლაძის შვილების უფასო სწავლება, დავით ცეცხლაძის მშობლების ჯანმრთელობისა და საერთაშორისო სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები და სხვ.

სხდომაზე დაიკითხა მოპასუხის, ნათია ჯანაშიას მხარის მიერ გამოძახებული მოწმე - „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ ფინანსური დირექტორი.

ნათია ჯანაშიას წარმომადგენლის მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ მოწმემ განაცხადა, რომ „აკადემიაში“ დამკვიდრებული იყო შეღავათების შემდეგი პრაქტიკა: არსებობდა დედმამიშვილობის ფასდაკლება, ადრეული გადახდის ფასდაკლება, ფინანსური გრანტი, სასწავლო გრანტი, მოწვეული თანამშრომლების შვილების ფასდაკლება და სპეციალური  ფასადაკლება. მან აღნიშნა, რომ სათანადო დამატებითი ფასდაკლებების პრაქტიკა ასევე მოქმედებდა კოვიდის დროს, როცა  სწავლება დისტანციურად ხორციელდებოდა.

მოწმემ აღნიშნა, რომ ნათია ჯანაშიასა და დავით ცეცხლაძის შვილები, ასევე მათთან ნათესაურად დაკავშირებული კიდევ რამდენიმე  მოწაფე, 2019 – 2024 წლებში, ინვესტორის შესვლის პერიოდიდან, ვიდრე ნათია ჯანაშიას დირექტორობიდან გათავისუფლების პერიოდამდე, სარგებლობდნენ სპეციალური ფასდაკლებით - 100%-იანი ფასდაკლებით. ანუ სწავლობდნენ უფასოდ.

კითხვაზე - უგზავნიდა თუ არა იგი, ყოველთვიური ფინანსური რეპორტინგის ჭრილში, ამ კონკრეტულ ინფორმაციას „საქართველოს კაპიტალის“ წარმომადგენელ გიორგი კეთილაძეს - მოწმემ უპასუხა, რომ არა არ უგზავნიდა.

მან ასევე აღნიშნა, რომ წვდომა გააჩნდა ყველა იმ ფინანსურ ინფორმაციაზე, რაც აკადემიასთან დაკავშირებულ შემოსავლებსა  და ხარჯებს უკავშირდებოდა. მოწმემ განაცხადა, რომ არ ახსენდება ფაქტი, რომ ნათია ჯანაშიას მისთვის რაიმე სახის ინფორმაციაზე წვდომა აეკრძალა.

მოწმის განმარტებით, რასაც იგი მხარის კითხვების საპასუხოდ აკეთებდა, ირკვევა, რომ ნათია ჯანაშიამ იცოდა, რომ აკადემიის ფიანანსური დირექტორი დადგენილი პერიოდულობით ახორცილებდა ფინანსურ რეპორტინგს და მას მაჟორიტარი პარტნიორის ფინანსურ ჯგუფს უგზავნიდა და რომ იგი მანამ სანამ პარტნიორებს შორის ურთიერთობა დაიძაბებოდა, არასოდეს (მო)უთხოვნია მისთვის ამ პროცესის დეტალებში გარკვევა. მოწმემ განმარტა, რომ მხოლოდ დაძაბულობის გაჩენის შემდეგ, ნათია ჯანაშიას მოთხოვნით, შეიცვალა ეს სტრუქტურა და ვიდრე ის დირექტორად რჩებოდა, რეპორტები ჯერ მას წარედგინებოდა და მხოლოდ მისი დასტურის შემდეგ იგზავნებოდა მაჟორიტარ პარტნიორთან.

„განათლების ჯგუფის“ წარმომადგენელთა კითხვებზე საპასუხოდ მოწმემ განმარტა, რომ ხსენებული ყოველთვიური და კვარტალური რეპორტები წარმოადგენდა კონსოლიდირებულ ანგარიშგებას და მათში ჩაშლილი არ იყო თუ კონკრეტულად ვინ/რომელი მოწაფეები სარგებლობდნენ ფასადაკლების ამა თუ იმ ტიპით. არც ის იყო ჩაშლილი, ვინ როდის და რა მიზნით ისარგებლა სადაზღვევო სერვისებით.

მოწმემ აღნიშნა, რომ ამ და კიდევ სხვა დეტალებით მაჟორიტარი პარტნიორი მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ნათია ჯანაშია გათავისუფლდა დირექტორის პოზიციიდან და აკადემიაში აუდიტმა დაიწყო მუშაობა.

კითხვაზე - ნათია ჯანაშიას დირექტორობის ნებისმიერ ეტაპზე რომ მოეთხოვა მაჟორიტარ პარტნიორთან გასაგზავნი რეპორტების მასთან შეთანხმება, გაუგზავნიდა და შეუთანხმებდა თუ არა ამ რეპორტებს მას, - მოწმემ განმარტა, რომ ცხადია, აკადემიის დირექტორის ამ მოთხოვნას, მსგავსის არსებობის შემთხვევაში, უპრობლემოდ და მყისიერად დააკმაყოფილებდა, როგორც ეს გააკეთა მისი პირველივე მოთხოვნისთანავე.

მოწმის დაკითხვით, სხდომისთვის განკუთვნილი სამუშაო დრო ამოიწურა და მოსამართლემ იგი 2016 წლის 16 დეკემბრისთვის გადადო. სხდომა კვლავ მოსამზადებელი ეტაპით და სხვა გამოძახებული მოწმის დაკითხვით განახლდება.