“ბრიტანულ-ქართული აკადემიის” მინორიტარი აქციონერის (30%), ნათია ჯანაშიას აქტივებმა 80 მილიონ ლარს რომ გადააჭარბა, ეს საზოგადოებამ უკვე იცის. საზოგადოებამ ისიც იცის, რომ ამ ქონების უდიდესი ნაწილი ნათია ჯანაშიამ და მისმა მეუღლემ 2019 წლის შემდგომ პერიოდში დააგროვეს და შეიძინეს, ანუ იმ პერიოდიდან მოყოლებული, როცა “აკადემიაში” ინვესტორი შევიდა და როცა მათ 70%-იან წილში კოლოსალური თანხა - 29 მილიონ 300 ათასი გადაუხადა.

გამოიკვეთა, რომ სახრების დაბანდების ნათია ჯანაშიასეული ინტერესის მთავარი მიმართულება უძრავ ქონებაში ინვესტირებაა. სწორედ ამ მიმართულებით ფიქსირდება მისი უმთავრესი აქტივები”, - აცხადებენ “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” - აფბას მონიტორინგის სამსახურში. შეგახსენებთ, აფბა “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” გარშემო მიმდინარე დავის საზოგადოებრივ მონიტორინგს ახორციელებს.

აფბას მონიტორებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ნათია ჯანაშიას აქტივები მოიცავს თბილისში მდებარე რამდენიმე ბინას, მიწის დიდ ნაკვეთს დედაქალაქის პრესტიჟულ უბანში, ძვირადღირებულ ავტომანქანებს, საბრძოლო იარაღებს და იახტას და სხვა… “ეს არის ის, რისი ციფრული კვალიც სარეგისტრაციო დოკუმენტებში ჩანს. ამას უნდა დავუმატოთ ის ძვირადღირებული საიუველირო ნაკეთობები, ძვირფასეულობა და ხელოვნების ნიმუშები, რომლებსაც იგი, სავარაუდოდ, ასევე ფლობს და რაც დეკლარირებული არ არის.

თუმცა ყველაზე ძვირადღირებულ აქტივად ცალსახად უნდა შეფასდეს ნათია ჯანაშიას კუთვნილი 2 უძრავი ქონება - თბილისში, ლისის მიმდებარედ, მაგნოლიას ქუჩაზე განთავსებული 3 820 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი ფართის ფეშენებელური სასახლე და საქართველოს ერთ-ერთ ძვირადღირებულ კურორტზე - “ამბასადორი კაჭრეთში” მდებარე ექსკლუზიური ვილა”, - ამბობენ აფბაში.

“მაგნოლიას” გრანდიოზული სასახლის სალიკვიდაციო ღირებულებად, გამოცდილი რეალტორები მინიმუმ 20 მილიონ ლარს ასახელებენ, ხოლო კაჭრეთის ვილის ფასი, ასევე ყველაზე მოკრძალებული შეფასებით, 5 მილიონ ლარს აჭარბებს.

“ეს ფასი გამომდინარეობს, მათ შორის, იქედან, რომ სპეციალისტთა ანალიზის თანახმად, საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს კიდევ სხვა ანალოგიური საცხოვრებელი ფართი, სადაც ერთ სივრცეში ერთიანდება: ბოულინგის დარბაზი, სტანდარტული ზომის დახურული მინიფეხბურთის მოედანი და 20 ადამიანზე გათვლილი, კავეას სტილის, თანამედროვე ტექნოლოგიებით სრულად აღჭურვილი კინოთეატრი.

რაც შეეხება “ამბასადორი კაჭრეთის” ექსკლუზიურ ვილას, იგი მიწის გამორჩეულად დიდ ნაკვეთზეა განთავსებული (1 677 კვადრატულ მეტრი. ნაგებობის ფართი - 297,6 კვადრატული მეტრი) და მისი საბაზრო ღირებულებაც - კვადრატულთან მიმართებით, ყველაზე მოკრძალებულად - $ 4 000-ად რომ დავითვალოთ, როგორც აღინიშნა, 5 მილიონ ლარს აღწევს.

“სწორედ ამ შეფასებებიდან გამომდინარე, ქონების გადასახადის გამოთვლის არსებულ შკალაზე დაყრდნობით, შეიძლება დავასკვნათ, რომ ნათია ჯანაშიას ყოველწლიურად, მხოლოდ ამ ორი სასახლის ჭრილში, ქონების გადასახადის სახით, მინიმუმ 200 000 ლარის გადახდა უწევს”, - მიაჩნიათ აფბას მონიტორებს.