გარიცხვის/მემორანდუმიდან გასვლის და ზიანის ანაზღაურების გაერთიანებული საქმე - მთავარი სხდომა

მეთერთმეტე ეპიზოდი - 28 ოქტომბერი

28 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში განახლდა „ბრიტანულ-ქართულ აკადემიასთან“ დაკავშირებით მიმდინარე საქმის განხილვა.

ამ ეტაპზე, მთავარი სხდომის ფორმატში, მოსამართლე ქეთევან კურცხალიას მიერ  განიხილება გარიცხვის/მემორანდუმიდან გასვლის და ზიანის ანაზღაურების გაერთიანებული საქმე.

მხარეები, სასამართლოს წინაშე ახსნა-განმარტებებით ამჯერად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კონტექსტში, წარდგნენ.

თუმცა, საკუთრივ ახსნა-განმარტებებზე არანაკლებ საინტერესო იყო “განათლების ჯგუფის” (“ბრიტანულ ქართული აკადემიის 70%-ის მფლობელი პარტნიორი) ადვოკატების მიერ სასამართლოსადმი განცხადებით მიმართვა, წარდგენილი მასალების საქმეზე დამატებით მტკიცებულებად დართვის თაობაზე.

წარდგენილი კი იყო დაუდგენელი მხარის მიერ საქართველოს იურიდიული და ბიზნეს სპექტრის ფართო წარმომადგენლობაში ელექტრონული ფოსტით დაგზავნილი წერილი, სადაც ერთი მხრივ, “განათლების ჯგუფის” ინტერესების დამცველი კონკრეტული ადვოკატები და იურიდიული კომპანიები მოხსენიებულნი არიან, როგორც თაღლითები და დანაშაულის ხელშემწყობნი და მეორე მხრივ, ილუსტრირებულად ასახულია ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტოკოლაჟი - როგორ აძლევს ფულს “განათლების ჯგუფის” დამფუძნებელი კომპანიის ხელმძღვანელი იმ კონკრეტულ მოსამართლეებს, რომლებიც “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” გარშემო მიმდინარე ბიზნესდავას განიხილავენ.

როგორც “განათლების ჯგუფის” წარმომადგენელმა ადვოკატებმა სხდომაზე თქვეს, აღნიშნულ წერილს (და ეს, მათივე თქმით, არ ყოფილა მსგავსი შინაარსის გზავნილის გავრცელების პირველი და ერთადერთი შემთხვევა) “ხელს აწერს” არაიდენტიფიცირებადი სუბიექტი - “იურისტთა ჯგუფის” სახელით. როგორც აღინიშნა, წერილის რეალური ავტორის იდენტიფიცირების მოთხოვნით, მათ მიმართული აქვთ შესაბამისი ინსტანციისადმი.

“განათლების ჯგუფის” წარმომადგენელთა მხრიდან ნათია ჯანაშიას ინტერესების დამცველთა მიმართ დასმული იყო კითხვა - ჰქონდათ თუ არა რაიმე შემხებლობა მათ აღნიშნულ წერილთან, რამდენადაც წინარე პერიოდში თავად ნათია ჯანაშიას აქვს რამდენჯერმე საჯაროდ ნახსენები, რომ ის, საკითხებთან დაკავშირებით, იურისტებთან (მათ შორის 28 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე მის წარმომადგენლებთან) გადის კონსულტაციას და იღებს რჩევებს.

კითხვამ ნათია ჯანაშიას ინტერესების დამცველთა მძაფრი გაღიაზიანება გამოიწვია. მათ აღნიშნეს, რომ მსგავსი შინაარსის განცხადებებს/წერილებს ადრეც ზეპირად თუ წერილობით გამიჯვნიან და რომ შესაბამისად, ამ არაიდენტიფიცირებადი ავტორის მიერ დაგზავნილი წერილების შინაარსთან მხარის მიერ მათი დაკავშირება კოლეგიალური და ეთიკური თვალსაზრისით მათთვის შეურაცხმყოფელია.

მათ ასევე აღნიშნეს, რომ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდათ კომუნიკაცია მარწმუნებლებთან (ნათია ჯანაშია, დავით ცეცხლაძე), რომლებსაც განუმარტეს რომ თუკი მსგავსი შინაარსის გზავნილებთან მათი შემხებლობა სიმართლეს შეესაბამებოდა, ეს მათთვის - იურისტებისთვის, მიუღებელი ფაქტი იქნებოდა და სასამართლოს მოახსენეს, რომ მათმა მარწმუნებლებმა განუმარტეს, რომ “განათლების ჯგუფის” წარმომადგენელი იურიდიული ფირმებისა და ადვოკატების, ასევე სასამართლოსა და კონკრეტული მოსამართლეების შეურაცხმყოფელი შინაარსის  წერილების დაგზავნის ფაქტთან არაფერი აკავშირებთ.

საბოლოო ჯამში, საკმაოდ დაძაბული ვითარება, რომელმაც კარგა ხანს გასტანა, განიმუხტა, ხოლო მოსამართლე ქეთევან კურცხალიამ, “განათლების ჯგუფის” მიერ წარდგენილი აღნიშნული მტკიცებულება საქმეს არ დაურთო, რამდენადაც ვერ დაინახა მისი უშუალო და არსებითი შემხებლობა განსახილველ საქმეებთან.

რაც შეეხება სხდომის იმ ნაწილს, რომელიც ახსნა-განმარტებების ეტაპით გაგრძელდა, იგი რუტინულად წარიმართა.

“განათლების ჯგუფის” მხარემ აღწერა, როგორ იღებდნენ უკანონოდ “აკადემიის” სახსრებიდან შემოსავალს საკუთრივ დავით ცეცხლაძე (მინორიტარი პარტნიორის და “აკადემიის” დირექტორის, ნათია ჯანაშიას მეუღლე), რომლის მოთხოვნითაც (რაც მათი თქმით, დასტურდება მიმოწერებით) გადიოდა სახსრები პირადი საცხოვრებელი ფართების სარემონტოდ თუ პარკინგის შესაძენად. ასევე, უკანონოდ და ყოველგვარი ოფიციალური კავშირის გარეშე, უკანონოდ როგორ იღებდა სარგებელს “აკადემიიდან” ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის შვილების ძიძა. ასევე, როგორ იყო ერთადერთი გამონაკლისი დავით ცეცხლაძის კუთვნილი საცხოვრებელი ფართი, რომლის “აკადემიის” უცხოელი მასწავლებლისთვის საცხოვრებლად დაქირავებაში “აკადემია” სხვა ანალოგიური შემთხვევებისგან გასხვავებით, 500-750 აშშ დოლარის ნაცვლად 2000 აშშ დოლარს იხდიდა. ეს პროცესი, როგორც აღინიშნა, 2 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

სხდომაზე ითქვა, რომ მსგავსი ტიპის უკანონო და არამართლზომიერი ხარჯების ჯამმა 400 000 ლარს მიაღწია.

აღნიშნული ახსნა-განმარტებების პასუხად, ნათია ჯანაშიას ინტერესების დამცველებმა თქვეს, რომ წარდგენილი ბრალდებები არარელევანტურია, რომ ისინი ემსახურება ნათია ჯანაშიას, როგორც მინორიტარი პარტნიორის შევიწროვებას მაჟორიტარის მხრიდან და რომ ქირავნობის შემთხვევაში ბენეფიციარებს ჰქონდათ ალტერნატივა, მიეღოთ საბინაო დახმარება (500-750 აშშ დოლარი), ან ესარგებლათ “აკადემიის” სტანდარტის შესაბამისი შეთავაზებული საცხოვრებელი ფართით და რომ ისინი ამ არჩევანში თავისუფალნი იყვნენ.

მათი ახსნა-განმარტებით, გარდა იმისა, რომ ძიძის ეპიზოდს ხანდაზმულობა აქვს დამდგარი, ძიძა საერთოდ არ აღიარებს სარჩელს.

ნათია ჯანაშიას ინტერესების დამცველებმა აღნიშნეს, რომ ზოგადად, მსგავსი ტიპის სასარჩელო მოთხოვნები უნდა გაიმიჯნოს მინორიტარი პარტნიორისგან (ნათია ჯანაშიასგან) და უნდა მიიმართოს, დირეტორისადმი (ნათია ჯანაშიასადმი). რომ ეს, სამეწარმეო თუ იურიდიული თვალსაზრისით,  ორი აბსოლუტურად გასხვავებული პირია.

ამით 28 ოქტომბრის სხდომა დასრულდა და იგი 29 ოქტომბრისთვის გადაიდო და განახლდება კვლავ მხარეთა ახსნა-განმარტებებით, - ამჯერად გაერთიანებული საქმის სხვა ეპიზოდებთან დაკავშირებით.