ჩვენი კომპანიის გადმოსახედიდან, ვხედავ, რომ ჩვენი შესაძლებლობები კარგად შეესაბამება საქართველოს ადგილობრივი ბაზრის საჭიროებებს და ვფიქრობ, სწორედ ამ მიმართულებით გვსურს საქმიანობის დაწყება, - აცხადებს პოლონური კომპანია Sterling Outsourcing-ის აღმასრულებელი დირექტორი ჰარი ვირდე.

ჰარი ვირდე საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს ადგილზე ეცნობა და იმ ბიზნესპროცესების აუთსორსინგის (BPO) სექტორში მოქმედი 12 საერთაშორისო კომპანიიდან ერთ-ერთს წარმოადგენს, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოს მოწვევით სტუმრობს.

ჰარი ვირდე ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული კადრების პოტენციალი მათთვის საინტერესოა.

„უნდა ვთქვა, რომ სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. ჩემზე ნამდვილად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კადრების ნიჭმა, შესაძლებლობებმა და ინტელექტის დონემ. როგორც უკვე აღვნიშნე, ნამდვილად გაკვირვებული ვარ. ვიტყოდი, რომ აქ არსებული კადრების პოტენციალი ძალიან საინტერესოა. ფრანგული, გერმანული და ინგლისური ენების ცოდნის დონე, C1 და უფრო მაღალი, ნამდვილად შთამბეჭდავია. ხარჯებიც ძალიან კონკურენტულია. შესაბამისად, ძალიან კონკურენტულ ფასად შეგიძლიათ მაღალკვალიფიციური კადრების მოძიება“, - აცხადებს Sterling Outsourcing-ის აღმასრულებელი დირექტორი.