„საქსტატის“ მონაცემებით, 2026 წლის III კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 16.8 პროცენტით მეტი, სულ 4.1 მილიონი ტონა ტვირთი. აღნიშნული მოცულობის 5.7 პროცენტი მოდიოდა ადგილობრივ გადაზიდვაზე, 32.1 პროცენტი - საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 62.1 პროცენტი - ტრანზიტზე.
მათივე ცნობით, 2026 წლის III კვარტალში საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის ჯამური მოცულობის 77.9 პროცენტი მოდიოდა ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე, 22.1 პროცენტი კი - ქვეყნიდან გატანილზე.
„2026 წლის III კვარტალში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 22.2 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 22.1 პროცენტის გამომგზავნს - აზერბაიჯანი, თითოეული დანარჩენი გამომგზავნი ქვეყნების წილი კი 10-10 პროცენტზე ნაკლები იყო (ჯამურად 55.7 პროცენტი). 2026 წლის III კვარტალში რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 24.4 პროცენტის დანიშნულების ქვეყანას სომხეთი წარმოადგენდა, 8.0 პროცენტისას - ყაზახეთი, 7.0 პროცენტისას - რუსეთის ფედერაცია, ტვირთის მიმღები თითოეული დანარჩენი ქვეყნების წილი კი შედარებით ნაკლები იყო (ჯამურად 60.6 პროცენტი). 2026 წლის III კვარტალში ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის1 განაწილება დანიშნულების ქვეყნის მიხედვით შემდეგნაირი იყო: 9.2 პროცენტი - თურქეთი, 8.3 პროცენტი - ნიდერლანდები, 5.7 პროცენტი - ჩინეთი, 1.8 პროცენტი - იტალია, 1.1 პროცენტი - უკრაინა, 0.7 პროცენტი - რუმინეთი, დანარჩენი კი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა. ამავე პერიოდში, ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 4.8 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას ბრაზილია წარმოადგენდა, 3.9 პროცენტისას - თურქეთი, ხოლო დანარჩენი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.
საანგარიშო პერიოდში, რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 34.7 პროცენტი მოდიოდა კოქსისა და რაფინირებული ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე; 21.5 პროცენტი - ქიმიკატების, ქიმიური პროდუქტების და ხელოვნური ბოჭკოების; რეზინის და პლასტმასის პროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე, ხოლო 11.5 პროცენტი - საკვებ პროდუქტებზე, სასმელებზე და თამბაქოზე. 2026 წლის III კვარტალში სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განაწილება განსხვავებული იყო ადგილობრივი გადაზიდვების შემთხვევაში და 61.4 პროცენტი ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე მოდიოდა, 15.8 პროცენტი ეჭირა სატრანსპორტო აღჭურვილობას, ხოლო 14.8 პროცენტი - კოქსისა და რაფინირებულ ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფს. რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, საანგარიშო პერიოდში რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (47.3 პროცენტი), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (13.7 პროცენტი), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (7.9 პროცენტი), ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (7.8 პროცენტი), ქვანახშირი და ლიგნიტი; ნედლი ნავთობი და ბუნებრივი აირი (7.7 პროცენტი), ძირითადი ლითონები (6.5 პროცენტი), ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (2.5 პროცენტი), სოფლის მეურნეობის, ნადირობისა და მეტყევეობის პროდუქტები (2.5 პროცენტი), ხე და ხის კორპის პროდუქტები (1.8 პროცენტი), მანქანები და აღჭურვილობა (1.0 პროცენტი); ხოლო გატანილია საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (25.8 პროცენტი), ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (24.9 პროცენტი), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (16.4 პროცენტი), ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (12.6 პროცენტი) და ძირითადი ლითონები (12.5 პროცენტი). 2026 წლის III კვარტალში ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 78.2 პროცენტი სამ სასაქონლო ჯგუფზე მოდიოდა, კერძოდ: კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (35.0 პროცენტი), ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (30.8 პროცენტი), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (12.4 პროცენტი).
2026 წლის III კვარტალში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 708.0 ათასი მგზავრი, რაც 20.2 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობამ 164.5 მილიონი მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც 13.6 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. 2026 წლის III კვარტალში ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 619.8 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 87.5 პროცენტს შეადგენს და 8.1 პროცენტით აღემატება 2025 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ამასთან, საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 88.2 ათასი მგზავრი, რაც დაახლოებით 5.6- ჯერ აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში მგზავრების გადაყვანის 35.5 პროცენტი აზერბაიჯანიდან შემოსვლაზე მოდიოდა, 12.6 პროცენტი - სომხეთიდან შემოსვლაზე, 36.8 პროცენტი - აზერბაიჯანის მიმართულებით გასვლაზე, ხოლო 15.1 პროცენტი - სომხეთის მიმართულებით გასვლაზე”,- ნათქვამია ინფორმაციაში.













