აკადემიის დირექტორობიდან გათავისუფლების საქმის მოსამზადებელი სხდომა
მეჩვიდმეტე ეპიზოდი - 17 ნოემბერი
2026 წლის 17 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ზვიად ესებუას თავმჯდომარეობით, განახლდა მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც განიხილება "ბრიტანულ-ქართული აკადემიის" მინორიტარი პარტნიორისა (30%) და ყოფილი დირექტორის, ნათია ჯანაშიას სარჩელი მაჟორიტარი პარტნიორის (70%), "საქართველოს განათლების ჯგუფის" წინააღმდეგ, რომლითაც იგი “საქართველოს განათლების ჯგუფსა” და საჯარო რეესტრს უჩივის მასზედ, რომ ერთმა იგი უკანონოდ გაათავისუფლა დირექტორის პოზიციიდან, ხოლო მეორემ ეს გადაწყვეტილება უკანონოდ დაარეგისტრირა. ნათია ჯანაშია “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” დირექტორის პოზიციაზე აღდგენას ითხოვს.
აღნიშნულ სხდომაზე მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე წარდგენილი თითო-თითო შუამდგომლობის განხილვა მოესწრო
ნათია ჯანაშიას წარმომადგენელთა შუამდგომლობა პროცესში მესამე მხარედ ყველა იმ დირექტორის ჩართვის მოთხოვნას ეხებოდა, ვინც ნათია ჯანაშიას შემდეგ იკავებდა და დღემდე იკავებს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის პოსტს.
„განათლების ჯგუფის“ შუამდგომლობა კი ორი პიროვნების მოწმედ დაბარებას ეხებოდა. ერთი მათგანი - სალომე ჭურაძე ნათია ჯანაშიას დირექტორობის პერიოდში „აკადემიის“ იურისტის პოზიციაზე იყო დასაქმებული, ხოლო შემდგომ მის ინტერესებს, რიგ საქმეებთან მიმართებით, უკვე როგორც დამოუკიდებელი იურისტი, ისე იცავდა.
შუამდგომლობით მოთხოვნილი მეორე პიროვნება - ლიანა მოდებაძე, „განათლების ჯგუფთან“ და „აკადემიასთან“ დაკავშირებული იურისტია.
მხარემ მათი მოწმედ დაბარების აუცილებლობა იმით ახსნა, რომ დაკითხვისას ისინი სასამართლოს წარუდგენდნენ ინფორმაციას, როგორც საკუთრივ პარტნიორთა კრების მიმდინარეობისას, ისე ამ პროცესის პარალელურად „აკადემიის“ მიმდებარედ განვითარებული მოვლენების შესახებ.
მხარემ გამოთქვა რწმენა, რომ ამ ორი მოწმის მიერ ფიცის ქვეშ მიცემული ჩვენება სასამართლოს შეუქმნიდა დამატებით წარმოდგენას, თუ რა ვითარებაში ჩატარდა აღნიშნული კრება და როგორ ცდილობდა ნათია ჯანაშია ამ კრებაზე, სხვადასხვა სახის არანორმატიული ქცევით, მის დებოშირებასა და ჩაშლას.
მხარეების ერთმანეთის შუამდგომლობებს არ დაეთანხმნენ, ხოლო სასამართლომ იხელმძღვანელა საპროცესო კოდექსის შესაბამისი მუხლებით და მხარეებს მოახსენა, რომ მათ მიერ წარდგენილი შუამდგომლობების თაობაზე დამატებით იმსჯელებს და გადაწყვეტილებებს მხარეებს აცნობებს.
ამით სხდომა, სამუშაოდ განკუთვნილი განსაზღვრული დროის ამოწურვის გამო, გადაიდო. იგი, ცხადია, ისევ მოსამზადებელი ეტაპიდან, 2026 წლის 16 დეკემბრის 15 საათიდან გაგრძელდება.













