საბალანსო სიმძლავრები თუ გვჭირდება, ამას ვიზიარებ და თუ, მაგალითად, „ნამახვანჰესი“ აშენდება ან სხვა დიდი საბალანსო ჰესები, რომლებიც კაშხლური ჰესებია, მაშინ ეს უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, – განაცხადა პოლიტეკონომისტმა, „სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, ბექა ნაცვლიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“.
„მე ეს არაერთხელ მქონდა შეთავაზებული პარლამენტში, როდესაც დარგობრივი კომიტეტის წევრიც ვიყავი. მე ვთქვი, რომ ეს უნდა გაეკეთებინა საპენსიო ფონდს. საპენსიო ფონდს დღესაც შეუძლია, გამოუშვას ობლიგაციები, ობლიგაციების საფუძველზე განხორციელდეს მშენებლობა და შემდგომში უკვე თვითონ ჰესმა გამოსცეს აქციები, რომლის საფუძველზეც იმ საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხით არა მხოლოდ დივიდენდების სახით გამდიდრდებიან ჩვენი პენსიონერები, არამედ, რაც უფრო მთავარია, ეს ფული, რომელიც საპენსიო სისტემაშია ორიენტირებული, უცხოეთის ბიზნესს და ეკონომიკას კი არ დააფინანსებს, დააფინანსებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ასეთ მოდელებზე“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისი თქმით, როდესაც საუბარია ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, არ იცის, მაგალითად, რა ურთიერთობა არსებობს რეალურად პარტნიორ ქვეყნებთან.
„რას გვეუბნებიან ისინი, მაგალითად, ელექტროენერგიის ტარიფებზე, გაზის ტარიფებზე, გაზის, უბრალოდ, ნაკადების მოწოდებაზე და ა.შ. შეიძლება, ძალიან ცუდი ურთიერთობა გვაქვს, მე ხომ არ ვიცი და ეს შეიძლება, მთავრობას უბიძგებს იქითკენ, რომ მართლაც იფიქრონ, ვთქვათ, საკუთარი გენერაციის წყაროებზე. ეს არ ვიცი, მაგრამ ეს ასე ცხადად არ ჩანს. აქედან გამომდინარე, შავ ყუთში რა ხდება, არ ვიცი. თუ ჩვენ მივდივართ იმ გზით, რომ გავხდეთ თვითმყოფადი, ავტარქიული ქვეყანა ეკონომიკურად, მაშინ არა მხოლოდ ენერგოდამოუკიდებლობაზე უნდა ვიზრუნოთ, ენერგოუსაფრთხოებაზე ამ შემთხვევაში, არამედ სასურსათო უსაფრთხოებაზეც უნდა ვიზრუნოთ“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, როდესაც საუბარია ხოლმე იმაზე, რომ ეკონომიკა იზრდება და მზარდი ეკონომიკა ითხოვს მეტ ენერგეტიკას, ცხადია, ენერგეტიკის გარეშე ეკონომიკა ვერ ფუნქციონირებს, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რა დარგები ვითარდება.
„სახელმწიფოს აქვს რამე სტრატეგია, სადაც მე, როგორც მოქალაქეს, მექნება წარმოდგენა, რა დარგებს ავითარებს? ავითარებს, მაგალითად, ე.წ მაინინგს, დატა ცენტრებს და ასე შემდეგ, რომლის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი ძალიან მაღალია, შეიძლება, მაგრამ დასაქმების მაჩვენებელია ძალიან დაბალი, რომელიც თავისუფალ ეკონომიკურ ზონებშია და რომელსაც არანაირი ეკონომიკური სარგებელი რიგითი მოქალაქისთვის საქართველოში არ აქვს; ცდილობს, განავითაროს ეს სექტორი თუ ცდილობს განავითაროს, მაგალითად, დამამუშავებელი მრეწველობა, სადაც მაღალი დამატებითი ღირებულება იქმნება, ადამიანები საქმდებიან, კომპეტენციის საჭიროება ჩნდება და ასე შემდეგ“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ბექა ნაცვლიშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი ქარის და მზის ენერგიის, თუმცა ამ მიმართულებით განვითარება არ მომხდარა.
„განვავითარეთ ჩვენ ქარის ან მზის ენერგია, წინ წავიწიეთ? არა. ჩვენ გვინდა, აუცილებლად მივიდეთ სადღაც, რაღაც ჩავაბეტონოთ და ა.შ. ჩვენ გენერაცია როდის გჭირდება ხოლმე, როდის არის დეფიციტი? ეს არის ზამთრის პერიოდი, შემოდგომა-ზამთრის, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში კი სწორედ ქარი არის ყველაზე საინტერესო ჩვენთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ვარდნა, ანუ ფრუქტაცია ქარს ბევრად უფრო დაბალი აქვს, ვიდრე ამ შემთხვევაში წყალს. მოკლედ, ძალიან ბევრი ფაქტორია, რომელიც ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ და, უბრალოდ, რომ ჩვენ გვინდა, 2030 წელს ენერგოდამოუკიდებელი გავხდეთ, ასე მარტივი არ არის, ბევრი რაღაც არის“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.













