“ორ წელზე მეტია, რაც ნათია ჯანაშია “ბრიტანულ-ქართულ აკადემიასთან” დაკავშირებით, ინვესტორის წინააღმდეგ ბიზნეს დავას აწარმოებს. ამ ხნის განმავლობაში, მის მიერ გადადგმულმა დეფამაციურმა და ცილისმწამებლურმა ნაბიჯებმა, არა მხოლოდ ინვესტორის რეპუტაციაზე იქონია უარყოფითი გავლენა, არამედ ქვეყნის იმიჯიც დააზიანა. ჩვენ შევეცადეთ, ნათია ჯანაშიას ამ ქმედებებში ლოგიკური ჯაჭვის პოვნა და მათი ახსნა”, - აცხადებენ “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” - აფბას ანალიტიკურ სამსახურში. აფბა აღნიშნული ბიზნეს-დავის საზოგადოებრივ მონიტორინგს ახორციელებს.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ნათია ჯანაშიას და მისი მხარის ნაბიჯებს აერთიანებს ერთი უწყვეტი ხაზი - როცა საქმე ეხება მის ეკონომიკურ ინტერესს (და არ აქვს მნიშვნელობა, ეს ინტერესი ჯანსაღია, თუ კრიმინლაური ელფერის), მას აღარ ანაღვლებს, რეალურად ვის მხარეს არის სიმართლე, არც კორპორაციული და პარტნიორული ეთიკა, არც პიროვნულ ურთიერთობაში იცავს წითელ ხაზებს და უფრო შორს მიდის - ქვეყნის იმიჯსაც დაუფიქრებლად აყენებს დამაზიანებელ დარტყმებს.

ზემოთ აღწერილი ვიარების დამადასტურებლად, აფბაში კონკრეტულ ფაქტებს იხსნებენ.

“დავის პროცესში, საკუთრივ ინვესტორთან დაკავშირებით, ნათია ჯანაშიას მხარე არ ერიდება საზოგადოების მიმართ ყოვლად უსაფუძვლო მოწოდებას ინვესტორის მიერ მართული კომპანიებისადმი ბოიკოტისა და საბოტაჟისკენ. საუბარია ქვეყნის ეკონომიკის წამყვანი სექტორების წამყვან კომპანიებზე, სადაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 4 %-ზე მეტი გენერირდება, სადაც აასობით ადამიანია დასაქმებული და რომელთა საერთო კაპიტალიზაციაც 5 მილიარდ ლარს აჭარბებს.

კიდევ სხვა საკითხია, ამ პროცესის პარალელურად რომ ნათია ჯანაშიას ქმარი, სოციალურ ქსელში, ინვესტორის მიმართ, ყოველდღიურ რეჟიმში გამოდის სიძულვილის ენით და ბულინგის წარმოუდგენელი სიმძაფრის კამპანიას აწარმოებს“, - აღნიშნავენ ასოციაციაში.

ანალიტიკოსები ასევე ხაზს უსვამენ ნათია ჯანაშიას მიერ ქვეყნის იმიჯზე მიყენებულ იმ ზიანს, რაც მან საერთაშორისო არენაზე განახორციელა. „რთულია, ობიექტური ახსნა მოუძებნო ნათია ჯანაშიას იმ ნარატივს, რაც ლონდონის სასამართლოში შეტანილი სარჩელის შინაარსში იკითხება. ის უნდობლობას უცხადებს სახელმწიფო ინსტიტუტებს. კერძოდ, – სასამართლო სისტემას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, სუსს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, ეროვნულ ბანკს დაპროკურატურას. აცხადებს, რომ არ ენდობა ქართულ სასამართლოს, რადგან მას მართავენ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქები. საკუთრივ ივანიშვილსაც, ინგლისის სასამართლოში წარდგენილ  სარჩელში, მოიხსენიებს ოლიგარქად, რომელმაც ევროპულ კურსს გადაუხვია და ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს და .“, - ამბობენ აფბას ანალიტიკოსები.

„ყოველივე ზემოთქმულიდან, მხოლოდ ერთი დასკვნა გამომდინარეობს, - რომ ნათია ჯანაშიას მხარისთვის მნიშვნელობა არ აქვს საფუძვლიანია თუ არა მათი ნარატივი და მნიშვნელობა არ აქვს, დამაზიანებელია თუ არა იგი ქვეყნის იმიჯისთვის. მთავარია, მსგავსი ნაბიჯები იმ კონკრეტულ მომენტში ხომ ვერ მოუტანს რაიმე სარგებელს ნათია ჯანაშიას სუბიექტურ ეკონომიკურ ინტერესებს. სწორედ ამ მოტივით აიხსნება ის, თუ რატომ აზიანებს ქვეყნის იმიჯს ნათია ჯანაშია“, - აღნიშნავენ აფბაში.