საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე მორიგი სენსაცია მოახდინა. მაშინ, როდესაც საკალათბურთო სამყარო საფრანგეთი vs სერბეთის მეოთხედფინალურ დაპირისპირებაზე წინასწარ საუბრობდა, საქართველომ და ფინეთმა ყველას სიურპრიზი შესთავაზეს და მოულოდნელობის ეფექტით, მიმდინარე ტურნირი კიდევ უფრო საინტერესო გახადეს.

ამ გამარჯვებით, კიდევ ერთი შესანიშნავი მაგალითი მივიღეთ: არასდროს უნდა თქვა, რომ არ გამოვა. სათქმელად იოლია, აი საქმეშია - რთული. მაგრამ იმის რწმენა, რომ შეუძლებელი შესაძლებელია, ერთი დიდი ნაბიჯით წინ გამყოფებს.

ჟინი, რომელიც სხეულში ჩქეფს, მამოძრავებელია: მას მოაქვს თავდაჯერება, გაბედულება, მოქმედების თავისუფლება. მის გარეშე, რჩები იქ, სადაც ყოფნას არ ისურვებდი. ჟინი მოუსვენარია, არ ჩერდება ერთ ადგილას და ბოლოს, შენს გზას გამარჯვებასთან მიჰყავხარ.

სპორტს აქვს უნარი, მკაფიოდ და ხმაურიანად დაგიდასტუროს მთელი ამ თეორიების სინამდვილე. როდესაც წარმოადგენ ზომით პატარა ქვეყანას და ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონს ეთამაშები, ან იჯერებ გამარჯვებას, ან დასაწყისშივე ნებდები. ამხელა გზა რომ გამოიარე, რატომ უნდა დანებდე? ჟინი თავისას არ იშლის, მობილიზდები და საკუთარ ძალებს 100%-ით იაქტიურებ.

ასეც მოხდა: საკუთარი ძალების ვირწმუნეთ და ჯერ ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი, შემდეგ კი 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი საფრანგეთი დავამარცხეთ - გუნდი, რომელმაც პარიზის ოლიმპიადის ფინალი კევინ დურანტით, ლებრონ ჯეიმსით, სტეფ კარით და სხვა ვარსკვლავებით დაკომპლექტებულ აშშ-ის ნაკრებთან დათმო.

არადა, საფრანგეთთან მატჩის დაწყებამდე, მეოთხედფინალში გასვლის სულ რაღაც 5%-იანი შანსი მოგვანიჭეს, ჩვენ კი 100%-ით, დამსახურებულად გავიმარჯვეთ. უდავო ფაქტია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ეს იყო საუკეთესო მატჩი, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ჩაატარა.

საფრანგეთთან მატჩის მიმოხილვა

მთელი შეხვედრის განმავლობაში, საფრანგეთი მდევრის როლში იყოფებოდა. სტარტშივე, ჩვენს ნაკრებს თორნიკე შენგელიამ და კამარ ბოლდუინმა ულიდერეს და მათი ზუსტი სროლების დამსახურებით, უპირატესობა მოვიპოვეთ (ბოლდუინი 2025 წლის ევრობასკეტის 1/8 ეტაპის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა). პირველი ტაიმის განმავლობაში, მეტოქე წინ მხოლოდ სტარტზე და შემდეგ, მე-2 მეოთხედში, ისიც დროებით, 2 ქულით გავუშვით. საერთო ჯამში, პირველი ტაიმი ანგარიშით 37:38 დასრულდა.

წინ მე-3 მეოთხედი გველოდებოდა, რომელიც ჩვენი ტკივილი არაერთხელ გამხდარა. ფრანგების დამაჯერებელმა, 4-ბურთიანმა დაწინაურებამ ქართველი ქომაგი ცოტათი დაძაბა, თუმცა შემდეგ, 4-5 წუთის განმავლობაში, მეტოქემ ქულა საერთოდ ვეღარ აიღო. ყველანი მივხვდით, ვარსკვლავური საფრანგეთის გაჩერება რომ შეგვეძლო.

გადამწყვეტი ფაზა მეოთხე მეოთხედში დადგა: 9 ქულით დავწინაურდით, თუმცა ფრანგებმა სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანეს. სწორედ ამ დროს, კაპიტანმა თავისი სიტყვა თქვა: მაშინ, როდესაც შეტევისთვის 2 წამზე ნაკლები გვქონდა დარჩენილი, შენგელიამ უმნიშვნელოვანესი სამქულიანი ჩააგდო და დაგვაწინაურა (61:66). ფრანგებმა სტატუს-კვოს აღდგენა (68:68) მალევე მოახერხეს, თუმცა მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე, შენგელიამ მორიგი ზუსტი სამიანი ისროლა კალათის მიმართულებით. ეს იყო ორი ზუსტი სამიანი, რომელმაც მატჩის საბოლოო შედეგი გადაწყვიტა. ფრანგები დაიბნენ, გატყდნენ, შეცდომებს უმატეს, ჩვენ კი ქულას ქულაზე ვამატებდით და საბოლოოდ, დამაჯერებელი ანგარიშით, 70:80 გავიმარჯვეთ.

პარალელურ რეჟიმში, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ბულგარეთს ამარცხებდა, ქომაგების ყურადღება კი ორად იყო გაყოფილი: ცალით თვალით მოედანს, მეორეთი კი რიგაში მიმდინარე შეხვედრის ანგარიშს აკონტროლებდნენ. უეცრად, მოედანზე შეკრებილმა პუბლიკამ სიხარულის ყიჟინა დასცა, თამაშის დასრულების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამაც აღნიშნა: "ხიზანას ჩავუარე, მართლა მოვიგეთ-მეთქი? არ მჯეროდა, ბედნიერი ვარ, დღეს საქართველოს დღეა".

საქართველო ევრობასკეტის საუკეთესო 8 გუნდს შორისაა

ემოციების, სიხარულისა და ეროვნული სიამაყის კორიანტელში, მორიგი მატჩისთვის მოვბილიზდეთ: როგორც მოგახსენეთ, ¼-ფინალში ფინეთს დავუპირისპირდებით. მატჩი 10 სექტემბერს, 18:00-ზე გაიმართება. ამბობენ, ფავორიტი ფინეთიაო, მაგრამ ნუ დავუჯერებთ: საქართველომ უკვე არაერთხელ თქვა თავისი სათქმელი და დაამტკიცა, რომ ნებისმიერის დამარცხება შეუძლია. მითუმეტეს, ფინეთი ნამდვილად არ გახლავთ არც ესპანეთის და არც საფრანგეთის დონის ნაკრები და შესაბამისად, ევრობასკეტის ნახევარფინალში თამაში აბსოლუტურად რეალისტურად (და არა ოპტიმისტურად) გვესახება.

ევრობასკეტის ნახევარფინალს ვუმიზნებთ. რაღაც განსაკუთრებულის, თითქოს დაუჯერებლის მომსწრენი ვართ. ჟინი ხომ არ ცნობს უკან დახევას? რატომ უნდა გავჩერდეთ ამაზე?

არ გაჩერდე, საქართველო.

დიდი გამარჯვება წინ გელოდება.

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.