აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR) ჩრდილოეთ მაკედონიაში ჰიბრიდული გაზიფიკაციის პროექტს განიხილავს.

ამის შესახებ Trend-ს SOCAR-ის ბალკანეთის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა, მურად ჰეიდაროვმა განუცხადა.

„ჩვენ დავიწყეთ ჩრდილოეთ მაკედონიაში გაზის მიწოდება. ჩვენ განვიხილავთ ამ ქვეყნის ჰიბრიდული გაზიფიკაციის პროექტს. არსებობს შესაძლებლობა, ბულგარეთიდან ჩრდილოეთ მაკედონიაში შეკუმშული გაზი გადავიტანოთ გაზიფიკაციისთვის, პირველ რიგში, ზოგიერთი სოციალური ობიექტისთვის.

ზოგადად, ბალკანეთში ჩვენი ძალისხმევის სოციალური ფოკუსი საკმაოდ ძლიერია. ამიტომ, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ შეგვიძლია გამოვიყენოთ ბულგარეთის გამოცდილება და ბულგარეთიდან ჩრდილოეთ მაკედონიაში სოციალური კლიენტებისთვის - სამედიცინო დაწესებულებებისთვის, საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის და ა.შ. - საავტომობილო გზით მივაწოდოთ შეკუმშული გაზი“, - თქვა მან.

SOCAR Balkan-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ კომპანია სწავლობს, თუ როგორ სურს ამ ქვეყანას ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხების გადაჭრა.

„ჩრდილოეთ მაკედონიას დიდი იმედები აქვს ალექსანდროპოლისის (საბერძნეთი) ტერმინალზე. იქიდან იგეგმება საბერძნეთ-ჩრდილოეთ მაკედონიის გაზსადენის მშენებლობა. ისინი ცდილობენ გაზის წყაროების დივერსიფიკაციას. აზერბაიჯანი ჩრდილოეთ მაკედონიისთვის ძალიან საიმედო პარტნიორია. ჩვენ ეს მაშინ ვაჩვენეთ, როდესაც ამ ქვეყანაში გაზის მიწოდება დავიწყეთ. ზოგადად, ვვარაუდობ, რომ ჩვენ შევძლებთ ჩრდილოეთ მაკედონიაში ჰიბრიდული გაზიფიკაციის პროექტის განხორციელებას და ამავდროულად, ამ ქვეყნის ბაზარზე გაზის შემდგომი მიწოდების უზრუნველყოფას“, - დასძინა მ. ჰეიდაროვმა.