მუნიციპალური პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ პრეზენტაცია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის თბილისის მერიის წარმომადგენლებმა გამართეს.
პროგრამის ფარგლებში, თბილისის მერია უზრუნველყოფს მოქალაქეების უფასო გადამზადებას იმ სპეციალობებით, რომლებიც დღეს ყველაზე დეფიციტური და მოთხოვნადია კერძო სექტორში. საუბარი შეეხო, 85 მოქმედ პროგრამას, რომელიც სხვადასხვა კოლეჯის ჩართულობით ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ პროგრამამ 100-ზე მეტი მიმართულებით, უკვე 15 000-ზე მეტი პირი გადაამზადა, რომელთა 75% წარმატებით დასაქმდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო როგორც პროგრამის პრაქტიკულ ასპექტებს, ასევე ბიუჯეტს, რომელიც 2 500 000 ლარია, რაც საშუალებას იძლევა კიდევ უფრო მეტი სპეციალისტი მომზადდეს ისეთ სფეროებში, როგორიცაა: IT, მშენებლობა, ენერგეტიკა, ტურიზმი, დიზაინი და სხვა.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მერიის წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაცია მიეღოთ პროგრამის შესახებ. ასევე, მერიის სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ გამოთქვა მზადყოფნა კომპანიების მომართვის შემთხვევაში, იმ ახალი კვალიფიკაციების შესაბამისი მოსამზადებელი პროგრამების დაფინანსება განიხილონ, რომლებიც ამ ეტაპზე არ არის მუნიციპალიტეტის პროგრამაში გათვალისწინებული, თუმცა აღნიშნული კვალიფიკაციების საჭიროება ბაზარზე არსებობს და კომპანიები გადამზადებულ კადრებს დაასაქმებენ.
შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, რომელსაც მოჰყვა დისკუსია ბიზნესსექტორის საჭიროებებსა და მოლოდინებზე.
„აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავს ბიზნესსექტორისა და მუნიციპალიტეტის კოორდინაციას კვალიფიციური კადრების მომზადების პროცესში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. BAG ინდექსის ბოლო კვლევის თანახმად კვალიფიციური რესურსის დეფიციტი კვლავ უმთავრეს გამოწვევად რჩება, შესაბამისად, მსგავს პროგრამებთან დაკავშირებით ჩვენი წევრი კომპანიებისა და საზოგადოების ინფორმირება ბიზნეს ასოციაციის პრიორიტეტს წარმოადგენს“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.













