შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა ირიგაციის ახალი ტარიფის შესახებ განმარტება გააკეთა.
„ახალი ტარიფის მოდელი, რომელიც 1 აპრილიდან ამოქმედდება, მოგვცემს შესაძლებლობას, წყლის რესურსი უფრო რაციონალურად გამოვიყენოთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა უზრუნველვყოთ მისი სწორად აღრიცხვა. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში აქამდე მოქმედებდა 11 წლის წინ დადგენილი ტარიფი, რომელიც ვეღარ ასახავდა არსებულ რეალობას. ძველი ტარიფის თანახმად, ფერმერი წელიწადში 75 ლარს იხდიდა, რაც წყლის რაციონალური განაწილების მექანიზმს არ პასუხობდა. რეალურად, „საქართველოს მელიორაციის“ ხარჯი ფერმერის მომსახურებისთვის შეესაბამება ტარიფს, რომელიც ახლა დამტკიცდა“, - განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.
შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, ტარიფის ცვლილების მთავარი მიზანი სტაბილური, უსაფრთხო და პროგნოზირებადი სამელიორაციო სისტემის შექმნა და შენარჩუნებაა, რაც საბოლოოდ ფერმერისთვის უფრო გამართულ და ეფექტიან მომსახურებას უზრუნველყოფს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ 1 კუბური მეტრი წყლის საფასური 0.0826 ლარი განისაზღვრა.













