„ნათია ჯანაშიას დირექტორობის პერიოდში, ბრიტანულ-ქართული აკადემიიდან გამქრალი 4 მილიონი დოლარი, ფინანსურ პოლიციაში მიმდინარე გამოძიების მთავარი საგანია. შესაბამისად, ჩვენი მონიტორინგის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაც სწორედ გაფლანგული მილიონების აღმოჩენაა,“ -  აღნიშნა მედიასთან საუბრისას "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" - აფბას ხელმძღვანელმა, გიორგი კაპანაძემ. შეგახსენებთ, აფბა „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ ირგვლივ არსებული დავის საზოგადოებრივ მონიტორინგს ახორციელებს.

დაინტერესებულ საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ნათია ჯანაშია დირექტორად 5 წლის განმავლობაში „საქართველოს განათლების ჯგუფის“ -  „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ ინვესტორისა და 70%-იანი წილის მფლობელის მიერ იყო დაკონტრაქტებული, ხოლო მისი მეუღლე მენეჯმენტში კამპუსის მშენებლობას კურირებდა. 30 პროცენტის წილის მქონე ნათია ჯანაშიამ და მისმა მეუღლემ ამ პერიოდში ჯამში ხელფასის სახით 5 მილიონი ლარი მიიღეს.

კაპანაძის თქმით, 4 მილიონი დოლარის საკითხს ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის მხარე გაფლანგვის ნაცვლად „სკოლაში ინვესტირებას“ უწოდებს. ნათია ჯანაშია საკუთარ გამოცემაში წერს, რომ მან სკოლის შემოსავლებისა და საბანკო სესხის საშუალებით განახორციელა ლისის არსებული კამპუსის გაფართოება, რისი ბიუჯეტიც შეთანხმებული იყო ინვესტორთან. თუმცა ამ ეტაპამდე ვერ ასახელებს, სადა წაიღეს 4 მილიონი დოლარი და ერთადერთ მტკიცებულებად ხელოვნური ინტელექტის მიერ არქიკადის ფოტოების დარენდერებულ ვიდეოს აჩვენებენ.

„საჯარო სივრცეში არსებული მასალების შესწავლის  შედეგად გამოიკვეთა, რომ ჯანაშიას დირექტორობის პერიოდში, ლისზე აგებული სკოლის ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა თავდაპირველ ბიუჯეტთან შედარებით 2-ჯერ ძვირი დაჯდა, ხოლო იმ პერიოდში, ბაზარზე განხორციელებულ ანალოგიურ სამუშაოებთან შედარებით კი 3-ჯერ ძვირი“, - აღნიშნა კაპანაძემ.

აფბას ხელმძღვანელი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გაფლანგვა-მითვისება დოკუმენტირებულად არის დადასტურებული საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების დიდი ოთხეულიდან ერთ-ერთის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში.

"სწორედ ეს გარემოებები, რაც აისახა საერთაშორისო აღიარების მქონე აუდიტორული კომპანიის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში, "საქართველოს განათლების ჯგუფის“ მიერ სამართალდამცავებთან მიმართვის საფუძველი გახდა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაწყებულია გამოძიება, სისხლის სამართლის საქმეზე (#092060925001), სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით,  დიდი ოდენობით, შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის" კუთვნილი თანხის შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე.  გამოძიების პერიოდი მოიცავს ნათია ჯანაშიასა და მისი მეუღლის, დავით ცეცხლაძის მენეჯმენტში ყოფნის პერიოდს (2019-2024 წლებს)“, - აცხადებს გიორგი კაპანაძე.

მისი თქმით, ორგანიზაციამ შეისწავლა ასევე ჯანაშია-ცეცხლაძესთან დაკავშირებული ვებ-გვერდები და სოციალურ ქსელებში გავრცელებული კომენტარებიდან უამრავ საყურადღებო ფაქტს მოუყარა თავი.

კერძოდ, მნიშვნელოვანი იყო ნათია ჯანაშიას მეუღლის, დავით ცეცხლაძის გამოხმაურება ინვესტორის მხრიდან 5 მილიონი ლარის ხელფასად ანაზღაურებაზე. იგი ამბობს, რომ მენეჯმენტში ყოფნის პერიოდში მაღალი ხელფასი იმიტომ ჰქონდათ დანიშნული, რომ დაგეგმილი იყო მათი სკოლის წილის მიტაცება,“- აღნიშნა კაპანაძემ.

აფბას ხელმძღვანელის განცხადებით, საზოგადოებრივი მონიტორინგი საჯარო წყაროებში არსებული და მხარეთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად მიმდინარეობს. მათ შორის, ვებ-გვერდებისა და სოც-ქსელების შესწავლის შედეგად, რაც ორგანიზაციას  ამა თუ იმ საკითხზე  სრულყოფილი სურათის შექმნაში ეხმარება.