„აზიის განვითარების ბანკთან მიმდინარეობს მუშაობა და წელს არსებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ვგეგმავთ ხელი მოვაწეროთ ერთი მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის პროექტების დაფინანსებას, რომელსაც სრულად განახორციელებს აზიის განვითარების ბანკი და რომელიც მოიცავს, როგორც საგზაო, ისე სარკინიგზო ინფრასტრუქტურას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მან ისაუბრა აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან და ბანკის ხელმძღვანელ პირებთან გამართული შეხვედრების შესახებ.

ლაშა ხუციშვილის თქმით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას, მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგებს. ასევე, იმ პროექტებს, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი ახორციელებს საქართველოში.

„ამ მიმართულებით, აზიის განვითარების ბანკი ერთ-ერთი მოწინავეა საფინანსო ინსტიტუტებს შორის, რომელსაც ქვეყანაში განხორციელებული აქვს 6 მილიარდამდე ინვესტიცია და მიმდინარე, არსებული პროექტების ღირებულება 2 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ბანკის პრეზიდენტის მხრიდან ხაზი გაესვა საქართველოს ცენტრალურ როლს შუა დერეფნის განვითარების მიმართულებით და დადასტურდა მხარდაჭერა ბანკის მხრიდან ინვესტიციების განხორციელების კუთხით იმისათვის, რომ საქართველოს როლი კიდევ უფრო გამოიკვეთოს და მათ შორის, განხორციელდეს მნიშვნელოვანი ინვესტიციები ინფრასტრუქტურის მიმართულებით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.