საქართველოს საინვესტიციო გარემო რეგიონში შედარებით ხელსაყრელია, რაზეც გავლენას ახდენს ლიბერალური ეკონომიკური ჩარჩო, ღია სავაჭრო პოლიტიკა და, ზოგადად, ბიზნესისთვის მეგობრული სარეგულაციო გარემო. ამ ფაქტორებმა ხელი შეუწყო ინვესტიციების მოზიდვას და კერძო სექტორის აქტივობის გაძლიერებას, - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში ლესლი ბეარმან ლამიმ Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

მან უპასუხა კითხვას - როგორ აფასებს ADB საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და კონკურენტუნარიანობას რეგიონულ ქვეყნებთან შედარებით?

„ამასთანავე, რიგი მნიშვნელოვანი გამოწვევები კვლავ რჩება. სტრუქტურული შეზღუდვები — მათ შორის ფინანსებზე შეზღუდული წვდომა, განსაკუთრებით თბილისის ფარგლებს გარეთ, უნარებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის შეუსაბამობა, ასევე ინფრასტრუქტურული ხარვეზები — კვლავ აფერხებს კონკურენტუნარიანობას. დამატებით გამყარებას საჭიროებს ინსტიტუციური შესაძლებლობები, კაპიტალის ბაზრის განვითარება და პროდუქტიულობის დონე. გარდა ამისა, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში პროგრესის შეჩერებამ, ისევე როგორც ევროკავშირის მხრიდან წამოსულმა შესაბამისმა სიგნალებმა, შესაძლოა ერთგვარი გაურკვევლობა შექმნას, რაც პოტენციურად აისახება ექსპორტის მაჩვენებლებსა და ინვესტორთა განწყობებზე.

რეგიონულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს კარგი მდგომარეობა აქვს რეგულაციების სიმარტივისა და ეკონომიკური გახსნილობის კუთხით. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისა და გაღრმავებისთვის მნიშვნელოვანი იქნება აღნიშნული სტრუქტურული გამოწვევების თანმიმდევრული გადაჭრა“, - განაცხადა ლესლი ბეარმან ლამიმ.