2026 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 348.3 მლნ აშშ დოლარი (925.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 10.4%-ით (32.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2025 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით ირკვევა, რომ ივნისში გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 42.2%-ს შეადგენს, შესაბამისი 147.0 მლნ აშშ დოლარით, წლიური ზრდის ტემპი კი 4.8%-ს უტოლდება. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიისა და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.

ამასთან, აშშ-დან და ისრაელიდან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება. კერძოდ, ივნისში აშშ-დან 12.7%-იანი, ხოლო ისრაელიდან 22.4%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა, მოცულობამ კი, შესაბამისად,  66.2 და 29.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2026 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 39.8 მლნ აშშ დოლარი (105.7 მლნ ლარი) გადაიგზავნა. რაც 2025 წლის ივნისის (34.3 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 16.0% მეტია.