ძალიან რთული მდგომარეობა არის ახლო აღმოსავლეთში, ეს პროცესი მიდის უკვე კარგა ხანია, – ამის შესახებ ექსპერტმა რეგიონული ენერგეტიკისა და ტრანსპორტის საკითხებში, ლიანა ჯერვალიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ნავთობი და გაზი არის გადამწყვეტი, ჰორმუზის სრუტე არის გადამწყვეტი და გადამწყვეტი არის არა მარტო რეგიონისთვის, არამედ ეს არის დიდი დაპირისპირება, გეოპოლიტიკური დაპირისპირება ჰეგემონებსა და ჰეგემონებთან მებრძოლ ჯგუფებს შორის. ერთ ჯგუფში არის მოქმედი ჰეგემონი, აშშ, მისი რეგიონული გეოპოლიტიკური პარტნიორი ისრაელი და, მეორე მხრივ, არიან ქვეყნები, რომლებიც ამ ჰეგემონობას ეწინააღმდეგებიან. ორივე ჯგუფისთვის აქ მიმდინარე პროცესებს აქვს კრიტიკული მნიშვნელობა. ეს პროცესები რა მიმართულებით წარიმართება, მათ მიადგებათ კრიტიკული რეპუტაციული ზიანი. რატომ? იმიტომ, რომ ჰეგემონი და მისი გეოპოლიტიკური საყრდენი, ამ შემთხვევაში ისრაელი, რეპუტაციულად ძალიან ბევრს დაკარგავს, თუ ირანმა და მის უკან მდგომმა ჯგუფებმა შეძლეს ამერიკული ბაზების განდევნა სპარსეთის ყურიდან, რაც, როგორც ჩანს, არის მათი ამოცანა. რეპუტაციული ზიანი მიადგება ასევე იმ მხრივაც, რომ გალფის ქვეყნები, რომლებიც მთლიანად არიან დამოკიდებული ამერიკის უსაფრთხოების ქოლგაზე, თუ ეს უსაფრთხოების ქოლგა მათ ვერ დაიცავს, ეს კიდევ დამატებით რეპუტაციული ზიანი იქნება ამერიკისთვის და მისი რეგიონული პარტნიორისთვის.

ჩემს წარმოდგენაში მეორე ჯგუფი არის რუსეთი და ჩინეთი, აგრეთვე ინდოეთი. ეს ის ქვეყნებია, რომლებსაც ირანთან და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან გარკვეული კრიტიკული მნიშვნელობის დამოკიდებულებები აქვთ. ეს დამოკიდებულება, მათ შორის, იჭრება ენერგეტიკულ სფეროშიც. რუსეთს აქვს 25-წლიანი სტრატეგიული შეთანხმება დადებული ირანთან. მათ შორის, განსაკუთრებული ფრაგმენტი, შემადგენელი ამ სტრატეგიული შეთანხმების არის სამხედრო კომპონენტი. არის ასევე ენერგეტიკული და სატრანსპორტო დერეფნების განვითარების კუთხით კომპონენტი. ასევე, ჩინეთს აქვს სტრატეგიული სპარტნიორობის შეთანხმება ირანთან 40-მილიარდიანი, ასევე ენერგეტიკის კუთხით და ასევე სამხედრო მდგენელით. როგორც ამერიკისთვის და მისი რეგიონული პარტნიორისთვის, ისე ამ ჯგუფისთვის, ირანი არის კრიტიკული მნიშვნელობის საყრდენი ამ რეგიონში. იმიტომ, რომ ირანი არის ევრაზიული კავშირის წევრი, ირანი არის შანხაის უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრი და ირანი არის ბრიქსის წევრი. ამიტომ, ეს ჯგუფი თუ იცავს გლობალურ ინტერესებს, ამერიკის ამ შემთხვევაში და ისრაელის, როგორც უსაფრთხოების, ისე ენერგეტიკის კუთხით, მეორე ჯგუფი იცავს თავის წევრ ქვეყანას, რომელთანაც აქვს სტრატეგიული თანამშრომლობა”, – განაცხადა ჯერვალიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რაში გამოიხატება დაცვა, როცა, ძირითადად, ეს ქვეყნები მხოლოდ შეშფოთების გამოხატვით შემოიფარგლნენ, ლიანა ჯერვალიძემ განაცხადა, რომ პუტინი და სი ძინპინი მყვირალა პოლიტიკოსები არ არიან.

„ისინი არ არიან ცნობილი მკაფიო განცხადებებით და ყველა ნაბიჯზე რეაგირებით. საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა და ჩინეთის საგარეო მინისტრმა გააკეთეს განცხადება; ასევე პრეზიდენტმა პუტინმა და სი ძინპინმა გააკეთეს განცხადებები, რომ ეს ომი უნდა შეწყდეს და დაპირისპირება უნდა შეწყდეს, მაგრამ ყოველდღიური განცხადებები და მკვეთრი განცხადებები მათი მხრიდან, ზოგადად, არ არის პრაქტიკა“, – განაცხადა ჯერვალიძემ.

კითხვაზე, როგორ აისახა სამხედრო ოპერაციის შედეგები გლობალურ ეკონომიკაზე და როგორ გამოიხატება ეს ნეგატიური ეფექტები, ლიანა ჯერვალიძემ განაცხადა, რომ ჯერჯერობით არის მოლოდინები, რომ ნავთობის ბაზარზე იქნება დეფიციტი, გაზის ბაზარზე კი უკვე არის შექმნილი დეფიციტი და გაზის ფასი უკვე გაიზარდა.

„განსხვავებით ნავთობისგან, გაზის რეზერვები შექმნილი ყველას არა აქვს. იმიტომ, რომ გაზსაცავს სპეციალური მოწყობა სჭირდება და ყველას არ აქვს იმხელა გაზსაცავები. მით უმეტეს, ევროპაში, ვინაიდან ზამთრის ბოლოა, გაზსაცავები, რაც იყო, არის უკვე დაცარიელებული, რადგან ზამთრის პერიოდში, დაბალი ტემპერატურების დროს, გაზი გამოიყენეს და ახლა, გაზაფხულზე უნდა დაიწყოს გაზსაცავების შევსება, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღალი ფასის პირობებში გაზსაცავების შევსება დაჯდება კატასტროფულად ძვირი. ამიტომ, როგორც მსოფლიოსთვის, ჩინეთისთვის, ინდოეთისთვის, ევროკავშირისთვის, ამ მსხვილი მომხმარებლებისთვის, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა არის კრიტიკული, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს ამერიკას არანაირად არ შეეხება. და ისრაელს არ ეხება არანაირად”, – განაცხადა ჯერვალიძემ.

მისივე თქმით, ახლა, შეიძლება, ევროკავშირი მიუბრუნდეს რუსულ ნავთობს და შეიძლება, ისევ მიუბრუნდეს იმ გაზსადენს, რომელიც ერთი ზოლიღა არის დარჩენილი.

„იმიტომ, რომ თუ გაგრძელდა კონფლიქტი და თუ გაზი ვერ მიიღეს, მათ მეტი გამოსავალი არ ექნებათ. ერთი ნაწილი, ალბათ თხევადი გაზი, ძვირი, უნდა წამოვიდეს ისევ ამერიკიდან, მეორე ნაწილი კი უნდა წამოვიდეს ისევ რუსეთისგან. ეს არის ასეთი პროცესების თანმდევი“, – განაცხადა ჯერვალიძემ.

ამასთან, ჯერვალიძემ აღნიშნა, რომ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა გალფის არცერთ ქვეყანას არ აწყობს და არც ირანს არ აწყობს, თუმცა ის იძულებულია, ჩაკეტოს, რადგან კუთხეშია მიყენებული.

„განა ირანს აწყობს ეს, მაგრამ იძულებულია, რადგან კუთხეში არის მიყენებული. ირანის ტრაგედია არის მისი სიმდიდრე და მისი გეოპოლიტიკური მდებარეობა. ეს არის მისი და მისი ხალხის ტრაგედია, რაც გრძელდება მას შემდეგ, რაც ნავთობი აღმოაჩინეს ირანში 1908 წელს“, – განაცხადა ჯერვალიძემ.

ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში ვითარება მკვეთრად გამწვავდა - ისრაელსა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირებაში, ჩართულია აშშ-იც. პარალელურად აქტიურია ირანის მხარდამჭერი ჯგუფები რეგიონში, რაც კონფლიქტს ფართომასშტაბიან რეგიონულ კრიზისად აქცევს. უსაფრთხოების რისკების გამო ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანაში საჰაერო სივრცე დროებით დახურულია, მრავალი საერთაშორისო რეისი გაუქმდა ან შეიცვალა მარშრუტი .

1tv.ge