სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსები თებერვალში პირველად გამოქვეყნდა.

ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ხაზარაძის განცხადებით, ინდექსების მიზანია საზოგადოებასა და ინვესტორებს საშუალება ჰქონდეთ თვალყური მიადევნონ ქართული სახაზინო ობლიგაციების ბაზრის შემოსავლიანობასა და დინამიკას.

როგორც მან გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა, სახაზინო ობლიგაციები საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საინვესტიციო აქტივია და მიზანია ისეთი პროდუქტების განვითარება, რომელიც პირდაპირ ამ აქტივებში ინვესტირებას შეუწყობს ხელს.

"თავად ინდექსი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მოხდეს კომუნიკაცია ამ ობლიგაციების შემოსავლიანობის ზრდის კუთხით, მაგრამ ამასთან ერთად სახაზინო ობლიგაციები არის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი საინვესტიციო აქტივი საქართველოში და შესაბამისად, ჩვენ მიზნად გვაქვს ხელი შევუწყოთ ისეთი პროდუქტების განვითარებას, რომელიც პირდაპირ ამ აქტივებში ინვესტირებას შეუწყობს ხელს. კონკრეტულად საუბარია ინდექსირებული საინვესტიციო ფონდების დაფუძნებაზე. 

თავად მიზანი, რომ ეროვნულმა ბანკმა მოახდინა ამ ინდექსების შემუშავებისა და გამოქვეყნების პროცესის ხელშეწყობა დაკავშირებული იყო მის მნიშვნელობასთან. საერთაშორისო ინვესტორები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ კონკრეტული ინდექსების სანდოობას", - აცხადებს ალექსანდრე ხაზარაძე.

მისივე განცხადებით, ETF (Exchange-Traded Fund - საბირჟო საინვესტიციო ფონდი, რომლის წილებიც ბირჟაზე ივაჭრება აქციების მსგავსად) ბოლო პერიოდში უფრო და უფრო პოპულარული ხდება და მისი მეშვეობით შესაძლებელია ინვესტიციების განხორციელება სხვადასხვა აქტივებში.

"ჩვენც მიგვაჩნია, რომ თუ გვინდა, რომ ქართველებს მივცეთ მარტივი წვდომა ასეთ საინვესტიციო პროდუქტებზე - სასურველია, საბოლოო ფორმა ინდექსირებული ETF-ის სახით მიიღოს ჩვენმა სახაზინო ობლიგაციებმა. 

ადგილობრივ ინდექსებზე დაფუძნებული ETF-ების შექმნა საკმაოდ ამბიციური მიზანია და არ გვაქვს მოლოდინი, რომ 1 წელში ან 2 წელში ამის გაკეთებას შევძლებთ, მაგრამ ჩვენ დავსახეთ მიზანი, გარკვეული ხედვა და პირველი ნაბიჯი ინდექსირებული საინვესტიციო ფონდის შექმნა იქნება. ეტაპობრივად, კი შევეცდებით საქართველოს ბირჟაზე,  უცხოეთის რომელიმე ბირჟაზე მოხდეს სავაჭრო დაშვება", - აცხადებს ალექსანდრე ხაზარაძე.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინდექსებზე დაფუძნებული საინვესტიციო პროდუქტების განვითარების პერსპექტივებზე საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. ღონისძიება მიეძღვნა საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსების პრაქტიკულ გამოყენებასა და ინდექსზე დაფუძნებული საინვესტიციო პროდუქტების განვითარების პერსპექტივებს.