საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) რუსთავის წყალმომარაგებისა და წყალარინების საკითხებთან დაკავშირებით  შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე,  რუსთავის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა რეხვიაშვილი და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ხელმძღვანელი პირები.

შეხვედრაზე განიხილეს რუსთავში მიმდინარე და დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები, იმსჯელეს წყალმომარაგებისა და წყალარინების  მომსახურების გაუმჯობესების მიზნით საინვესტიციო პროექტების შესრულების პროცესზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ დაჩქარდებ სამუშაოების განხორციელება, რომელსაც მონიტორინგს გაუწევენ რუსთავის მერია და სემეკი.

წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელზე რუსთავში მიმდინარე პროექტები რამდენიმე დღის წინ ასევე განიხილეს რეგიონული განვითარების სამინისტროში. აღსანიშნავია, რომ 2022-2024 წლებში რუსთავის წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციისათვის  შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 30 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.