(ეპიზოდი მეოთხე - 29 ივლისი)
(დავით ცეცხლაძისთვის თანხის დაკისრების საქმე - არსებითი განხილვა)
თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება გახმაურებული ბიზნესდავის სხვადასხვა ეპიზოდის განხილვა. საუბარია "ბრიტანულ-ქართული აკადემიის" მინორიტარი აქციონერისა (30%) და ყოფილი დირექტორის, ნათია ჯანაშიას მიერ წამოწყებულ დავაზე მაჟორიტარი აქციონერის (70%), "საქართველოს განათლების ჯგუფის" ("საქართველოს კაპიტალის" შვილობილი) წინააღმდეგ.
ნათია ჯანაშიამ ეს დავა 2024 წელს წამოიწყო.
მხარეებს შორის რამდენიმე სასამართლო დავა მიმდინარეობს, როგორც სამოქალაქო, ისე სისხლის სამართლის მიმართულებით.
2026 წლის 29 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით აკობიძემ განაგრძო საქმის მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც „საქართველოს განათლების ჯგუფის“ სარჩელის საფუძველზე განიხილებოდა დავით ცეცხლაძისთვის (ნათია ჯანაშიას ქმარი) თანხის დაკისრების საკითხი.
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ნათია ჯანაშიას ადვოკატის შუამდგომლობა საქმის განხილვის შეჩერების თაობაზე.
შუამდგომლობა ეყრდნობოდა იმ გარემოებას, რომ მიმდინარეობს სხვა საქმის განხილვა, სადაც მხარეები კომპანიიდან ერთმანეთის გარიცხვას ითხოვენ და ნათია ჯანაშიას ადვოკატის მტკიცებით, სწორედ ამ საქმის შედეგის მიხედვით უნდა გადაწყდეს, დავასთან დაკავშირებული სხვა საქმეების განხილვის გაგრძელება. მანამდე კი ისინი, საკუთრივ კი, დავით ცეცხლაძესთვის თანხის დაკისრების საქმე უნდა შეჩერებულიყო. როგორც აღინიშნა, მოსამართლემ ეს შუამდგომლობა მისი შინაარსის ბუნდოვანებიდან გამომდინარე, არ დააკმაყოფილა.
რაც შეეხება საკითხის კონკრეტულ არსს, „საქართველოს განათლების ჯგუფი“ დავით ცეცხლაძისგან ითხოვს ნათია ჯანაშიას, როგორც აკადემიის დირექტორის მიერ, მისი ქმრისთვის, თვითნებურად ჩარიცხული ანაზღაურების უკან დაბრუნებას. საქმე ეხება 9 თვიან პერიოდს, „განათლების ჯგუფის“ მიერ ნათია ჯანაშიას გაფრთხილების შემდგომ (რომ მას აღარ გაუგრძელდებოდა მენეჯმენტ კონტრაქტი), ვიდრე იურიდიულად მის განთავისუფლებამდე. შეგახსენებთ, ნათია ჯანაშიამ ყველა პროცესუალური საშუალება გამოიყენა, რომ დირექტორის პოსტზე ყოფნა ფორმალურად მაქსიმალურად გაეხანგრძლივებინა.
მოსამართლე აკობიძემ მოსამზადებელი სხდომა გადაზარდა საქმის არსებით განხილვაში. სხდომა მხარეთა ახსნა-განმარტებებით გაგრძელდა.
სხდომა გადაიდო 2026 წლის 14 სექტემბრისთვის და ის წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპით გაგრძელდება.













