აკადემიის დირექტორობიდან გათავისუფლების საქმის მოსამზადებელი სხდომა, ეპიზოდი მეორე - 8 ივლისი
ქართული სასამართლო აგრძელებს გახმაურებული ბიზნესდავის განხილვას. საუბარია "ბრიტანულ-ქართული აკადემიის" მინორიტარი აქციონერისა (30%) და ყოფილი დირექტორის, ნათია ჯანაშიას მიერ წამოწყებულ დავაზე მაჟორიტარი აქციონერის (70%), "საქართველოს განათლების ჯგუფის" ("საქართველოს კაპიტალის" შვილობილი) წინააღმდეგ. ნათია ჯანაშიამ ეს დავა 2024 წელს წამოიწყო.
მხარეებს შორის რამდენიმე სასამართლო დავა მიმდინარეობს, როგორც სამოქალაქო, ისე სისხლის სამართლის მიმართულებით.
2026 წლის 8 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ესებუამ გამართა მოსამზადებელი სხდომა საქმეზე, სადაც ნათია ჯანაშია “საქართველოს განათლების ჯგუფსა” და საჯარო რეესტრს უჩივის მასზედ, რომ ერთმა იგი უკანონოდ გაათავისუფლა დირექტორის პოზიციიდან, ხოლო მეორემ ეს გადაწყვეტილება უკანონოდ დაარეგისტრირა.
ნათია ჯანაშია “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” დირექტორის პოზიციაზე აღდგენას ითხოვს.
“ბანკები და ფინანსები” აგრძელებს ნათია ჯანაშიასა და “საქართველოს განათლების ჯგუფს” შორის მიმდინარე სასამართლო პროცესების ქრონიკის საზოგადოებისთვის გაცნობას.
მოსამზადებელი სხდომის 8 ივლისის ეტაპი, როგორც მოსალოდნელი იყო, ხანმოკლე გამოდგა და სასამართლოს მიერ მხარეთა მიერ წარდგენილი შუამდგომლობების ნაწილის განხილვით შემოიფარგლა.
რამდენადაც აღმოჩნდა, რომ საჯარო რეესტრის წარმომადგენლებისთვის არ იყო ცნობილი ნათია ჯანაშიას მიერ დაზუსტებული სარჩელის წარდგენისა და “განათლების ჯგუფის” მიერ ამ სარჩელზე ასევე დაზუსტებული შესაგებელის წარდგენის ფაქტები, რეესტრის წარმომადგენლებმა სარჩელის გასაცნობად და საკუთარი პოზიციის სასამართლოსთვის მისაწოდებლად დრო ითხოვეს. ეს მოთხოვნა მოსარჩელემ და მოპასუხემაც რელევანტურად ჩათვალეს და მოსამართლე ესებუამაც შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო - საჯარო რეესტრს დაზუსტებული სარჩელების გასაცნობად და პოზიციის ელექტრონულად წარსადგენად დრო განუსაზღვრა, ხოლო სხდომა 2026 წლის 8 სექტემბრის 17 საათამდე გადადო.
ყველაზე მნიშვნელოვანი და საზოგადოებისთვის საინტერესო კი იყო ის, რაც სხდომის დასაწყისში გაჟღერდა, როცა მოსამართლე ესებუამ მხარეებს, სასამართლო პრაქტიკისთვის დამახასიათებელი რუტინული კითხვით მიმართა - ხომ არ ფიქრობენ ისინი მორიგებას და ხომ არ ჰქონიათ ამ მიმართულებით რაიმე კომუნიკაცია.
აღნიშნულ კითხვას გამოეხმაურა ნათია ჯანაშიას ადვოკატი ლაშა ცერცვაძე, რომელმაც თქვა, რომ მხარეებს აქვთ გაჟღერებული მორიგებისთვის მზაობა ზოგადად, დავის საგანთან და შინაარსთან მიმართებით, მაგრამ ჯერ-ჯერობით ამ მიმართულებით საქმე უფრო წინ არ არის წასული. მან ასევე აღნიშნა, რომ საკუთრივ დირექტორის პოზიციაზე აღდგენის საქმეზე მორიგებაც ამ გლობალური შეთანხმების ნაწილი იქნება, თუკი ასეთი შედგება. აღნიშნულთან დაკავშირებით "საქართველოს განათლების ჯგუფის" პოზიცია უცნობია
საინტერესო ეს პასაჟი არის იმდენად, რამდენადაც პირველი პრეცედენტია, როცა რადიკალურად დაპირისპირებული მხარეებიდან ერთ-ერთი, და რაც მნიშვნელოვანია, ესაა მომჩივანი მხარე, ანუ ნათია ჯანაშია, ადვოკატის პირით, საჯაროდ აცხადებს, რომ მორიგების მზაობა გააჩნია. დღემდე, მსგავსი განცხადება საჯარო სივრცეში, არ გაკეთებულა.













