"საერთაშორისო იურიდიული პრაქტიკა აჩვენებს, რომ ლონდონის სასამართლო მკაცრად უდგება ბიზნესდავების ხელოვნურ პოლიტიზებას და შეჯიბრებითობის პრინციპების დარღვევას. შესაბამისად, მაღალია ალბათობა იმისა, რომ ლონდონის სასამართლომ საერთოდ უარი თქვას "ბრიტანულ-ქართული აკადემიის" მინორიტარი აქციონერის (30%), ნათია ჯანაშიას სარჩელის არსებით განხილვაზე. პროცესის ივლისამდე გადადება, მათ შორის, მიანიშნებს იმაზე, რომ მის მიერ წარდგენილი მასალები, შინაარსობრივი და პროცესუალური თვალსაზრისით, სუსტია", - ამბობს "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" - აფბას ხელმძღვანელი, გიორგი კაპანაძე. აფბა რამდენიმე თვეა, "ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ გარშემო მიმდინარე კორპორაციული დავის საზოგადოებრივ მონიტორინგს აწარმოებს.
გიორგი კაპანაძე აღნიშნავს, რომ ინგლისისა და უელსის იუსტიციის უმაღლეს ბიზნესისა და ქონებრივი საქმეების სასამართლოში წარდგენილი სარჩელის შინაარსიდან იკვეთება, რომ ნათია ჯანაშიამ კერძო ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე, იურიდიულ ასპარეზზე მიზანმიმართული შეტევა განახორციელა საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე, რაც მართლმსაჯულების სისტემის დაკნინებაში გამოიხატა და რაც ქვეყნის იმიჯის დაზიანების პირდაპირ რისკებს შეიცავს.
"ბრიტანულ იურისდიქციაში წარდგენილ არგუმენტებში ნათია ჯანაშია პირდაპირ აცხადებს, რომ საქართველოში "სამართლიანი სასამართლოს იმედი არ აქვს" და ქვეყნის მართლმსაჯულებას "კორუმპირებულს" უწოდებს. კიდევ სხვა საკითხია, რომ საქმისთვის პოლიტიკური ელფერის ხელოვნურად მიცემის მიზნით, სარჩელში პერსონალურად არიან ნახსენები კონკრეტული ქართველი მოსამართლეები - უზენაესი სასამართლოს უვადო წევრი არჩილ კოჭლამაზაშვილი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლაშა თავართქილაძე, რომელთა სახელებსაც, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ არიან საერთაშორისო სასანქციო სიებში, ნათია ჯანაშიას მხარე სხვა დასანქცირებულ ფიგურებს ხელოვნურად უკავშირებს და ამით ცდილობს მათზე პირდაპირი შანტაჟი განახორციელოს", - ამბობს აფბას ხელმძღვანელი და დასძენს, რომ ერთი შეხედვითაც იკვეთება, ნათია ჯანაშიას მიერ ბრიტანული იურისდიქციისთვის მიმართვა არა ობიექტური სამართლებრივი საჭიროებაა, არამედ ერთგვარი სტრატეგიული მანიპულაციაა, რათა აკადემიის ინვესტორზე, მაჟორიტარ აქციონერზე - "საქართველოს განათლების ჯგუფზე", რომელიც ლონდონის ბირჟაზე დალისტული კომპანიის შვილობილი კომპანიაა, რეპუტაციული შანტაჟი განახორციელოს.
კაპანაძე აღნიშნავს, რომ ამ იურიდიული მანიპულაციების პროცესში ნათია ჯანაშია იძულებული გახდა ორმაგი სტანდარტებისთვის მიემართა და ქართულ უწყებებთან, პარლამენტარებთან თუ ადგილობრივ პარტნიორებთან ოფიციალურ მიმოწერებში ეპოზიციონერა, როგორც "კანონმორჩილი მოქალაქეს, რომელიც პატივს სცემს სისტემას და მისგან სამართლიან სამართლებრივ მხარდაჭერას ითხოვს, ხოლო როგორც კი საქმე საერთაშორისო იურისდიქციას შეეხო, იგივე ნათია ჯანაშია პირდაპირ სარჩელშივე საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას "ავტორიტარულ, ოლიგარქიულ რეჟიმად" მოიხსენიებს და ქვეყანას ბიძინა ივანიშვილის მიერ რუსულ ორბიტაზე დაბრუნებულ გეოპოლიტიკურ სივრცედ ხატავს.
"ამ ფონზე, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, - რომელ ნათია ჯანაშიას უნდა ენდოს და დაუჯეროს ბიზნეს-საზოგადოებამ - იმას, რომელიც თბილისში კანონის უზენაესობაზე საუბრობს, თუ იმას, რომელიც ლონდონში საკუთარ ქვეყანასა და მის ინსტიტუციებს ტოტალურ უნდობლობას უცხადებს?.. კითხვა, ცხადია, რიტორიკულია", - განმარტავს აფბას ხელმძღვანელი
ნათია ჯანაშიას ორმაგ სტანდარტს ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძეც ქვეყნის სუვერენული იმიჯისთვის საზიანოდ აფასებს. მას მიაჩნია, რომ დავის ამგვარი პოლიტიზება სერიოზულ ინსტიტუციურ რისკებს შეიცავს
"ნათია ჯანაშიას ნარატივი, რომლითაც იგი ლონდონის სასამართლოში ჩივის, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ცდილობს, დავას მიზანმიმართულად მიანიჭოს არა მხოლოდ იურიდიული, არამედ პოლიტიკური და ინსტიტუციური დისკურსის ელემენტები. ეს კი არსებითად აძლიერებს ქვეყნის ინსტიტუციური სანდოობის დელეგიტიმაციის რისკს, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო დონეზე", - განმარტავს ცუცქირიძე და დასძენს, რომ კერძო ამბიციების გამო სახელმწიფო სისტემის მსგავსი დისკრედიტაცია უცხოურ პლატფორმებზე აფრთხობს რეალურ უცხოელ ინვესტორებს, ხელოვნურად ქმნის არასტაბილურობის განცდას და პირდაპირ ზიანს აყენებს საქართველოს სუვერენულ რეიტინგებსა და საინვესტიციო კლიმატს.
ორივე ანალიტიკოსი თანხმდება, რომ "ბრიტანულ-ქართული აკადემიის" წილებთან დაკავშირებული კონფლიქტი დიდი ხანია გასცდა სტანდარტული კორპორაციული კამათის საზღვრებს და სახეზეა მიზანმიმართული კამპანია - რეიდერული შეტევა ერთხელ უკვე გასხვისებული სკოლის ხელახლა ხელში ჩასაგდებად. ამ გზაზე, - პირადი ფინანსური სარგებლის მისაღებად, ნათია ჯანაშიას მხრიდან, მსხვერპლად იწირება ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია. ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ბიზნეს-საზოგადოებამ და შესაბამისმა ინსტიტუტებმა მკაფიოდ უნდა შეაფასონ ამ ორმაგი სტანდარტის რეალური ეკონომიკური და სამართლებრივი მოტივები.













