„დღეს ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის განვითარების მეორე ფაზა იწყება“, - აღნიშნული განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა პროექტის მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონიაზე გააკეთა.

მინისტრის განმარტებით, აღნიშნული პროექტი პირდაპირი და ეფექტიანი პასუხია იმ მზარდ მოთხოვნაზე, რომელიც ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორის მიმართ არსებობს.

„ესაა პროექტი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და რეგიონული კავშირების გაძლიერების კუთხით ახალ პერსპექტივებს აჩენს. განვლილი რამდენიმე წლის განმავლობაში შუა დერეფანი ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურად განვითარებად საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტად ჩამოყალიბდა. შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს მიერ გატარებული ტვირთის ნაკადიც.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში შუა დერეფნით გადაზიდული ტვირთების მოცულობა 21%-ით, საქართველოს ნავსადგურებში შემოსული გემების ტონაჟი კი 19%-ით გაიზარდა. ზრდა ფიქსირდება პრაქტიკულად ყველა ძირითადი მიმართულებით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი ქვეყნის მზარდ როლს რეგიონულ და საერთაშორისო ლოგისტიკაში“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.