"ბრიტანულ-ქართული აკადემიის" გარშემო მიმდინარე დავა ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ სამართლებრივ და ფინანსურ კოლიზიად იქცა. საზოგადოების ნაწილისთვის ეს შესაძლოა აქციონერთა რიგით კონფლიქტად აღიქმებოდეს, თუმცა ექსპერტები პროცესებში ბევრად მძიმე სამართლებრივ და ეკონომიკურ რისკებს ხედავენ.

საკითხის დეტალებზე, ფარულ ფინანსურ ინტერესებსა და შესაძლო სამართლებრივ შედეგებზე „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ (აფბა) ანალიტიკოსი, ბაჩანა ჯინჭარაძე გვესაუბრება. შეგახსენებთ, აფბა "ბრიტანულ-ქართული აკადემიის" გარშემო მიმდინარე ბიზნესდავის საზოგადოებრივ მონიტორინგს ახორციელებს.

- ბატონო ბაჩანა, თქვენ აქტიურად ადევნებთ თვალსბრიტანულ-ქართული აკადემიისგარშემო განვითარებულ მოვლენებს. რა ეტაპზეა დღეს ეს კონფლიქტი და რა არის რეალურად ის, რაც საზოგადოების თვალს მიღმა რჩება?

- მოდით, პირდაპირ ვიტყვი - ის, რაც ბოლო დროს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ გარშემო ხდება, უკვე დიდი ხანია გასცდა ჩვეულებრივი ბიზნეს-დავის ფარგლებს. თუ მედიას თვალს ადევნებთ, შესაძლოა, იფიქროთ, რომ რომ ეს უბრალოდ აქციონერების მორიგი კონფლიქტია, მაგრამ რეალობა ბევრად უფრო მძიმეა.

ჩვენ ვხედავთ აკადემიის ყოფილი დირექტორისა და 30%-ის მეწილის, ნათია ჯანაშიას მხრიდან აბსოლუტურად მიზანმიმართულ, ცილისმწამებლურ და ძალმომრეობით კამპანიას.

ეს კამპანია მიმართულია თავად აკადემიის, მისი მენეჯმენტის, მასწავლებლებისა და უშუალოდ ინვესტორის წინააღმდეგ. პროცესების ელემენტარული ანალიზიც კი  აჩვენებს, რომ საქმე გვაქვს საგანმანათლებლო დაწესებულების მიზანმიმართულ დესტრუქციასთან.

- თქვენ ახსენეთ დესტრუქცია. კონკრეტულად რაში გამოიხატება ეს ქმედებები, რაც ასე აზიანებს სასწავლო პროცესს?

-  პარადოქსული სწორედ ის არის, რომ ადამიანი, ვინც წესით ამ საგანმანათლებლო კერას უნდა უფრთხილდებოდეს, ყველაფერს აკეთებს მის დასანგრევად. სახეზეა გამუდმებული წერილები სხვადასხვა საერთაშორისო ინსტანციებში — აქ, იქ, ბრიტანეთში, აშშ-ში. ამას ემატება აკადემიის მენეჯმენტის განზრახ დამახინჯებული, დაფოტოშოფებული ფოტოები და სკანდალური სათაურები მედიაში. ამ ყველაფრის ერთადერთი დანიშნულება აკადემიის მოსწავლეებისა და მათი მშობლების დაშინება, დაშანტაჟება და საყვარელი სასწავლებლის დატოვებისკენ იძულებაა.

- საიდან იღებს სათავეს ეს კონფლიქტი? რა გახდა რეალური ტრიგერი, რამაც პროცესები ამ ზღვრამდე მიიყვანა? 

- ეს ყველაფერი გუშინ არ დაწყებულა. დაპირისპირება ბევრად ადრე, ნათია ჯანაშიას მენეჯმენტ-კონტრაქტის ამოწურვის შემდგომ, მისი თანამდებობიდან კანონიერი გათავისუფლების შემდგომ დაიწყო.

ხელშეკრულებაში, რომელიც ინვესტორმა გაუფორმა მენეჯმენტს, მკაფიოდ იყო მითითებული, რომ კონტრაქტი დირექტორთან გრძელდებოდა 5 წელი. თუ შემდგომში „საქართველოს განათლების ჯგუფი“ (ანუ ინვესტორი) აღარ მოისურვებდა მასთან თანამშრომლობის გაგრძელებას, ნათია ჯანაშიას უნდა დაეტოვებინა აკადემია, როგორც მენეჯმენტის წარმომადგენელს. თუმცა, მისი 30%-იანი წილი კომპანიაში, ბუნებრივია, ხელუხლებელი რჩებოდა.

- თუ წილი რჩებოდა, მაშინ რატომ გამწვავდა სიტუაცია ასე რადიკალურად? საუბარია ფინანსურ დანაკარგებზე?

- ზუსტად. წილი რჩებოდა, ოღონდ ინვესტორი და შესაბამისად აკადემია აღარ გადაუხდიდა 1 მილიონ ლარს წელიწადში ჯანაშიას და მის მეუღლეს. ციფრებს შევხედოთ: 2019 წლიდან 2024 წლის ჩათვლით, ხელფასის სახით აკადემიიდან ამ ოჯახურმა წყვილმა 5 მილიონი ლარი მიიღო! ამ მოცემულობით, ისინი საქართველოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი წყვილი გახდნენ. როგორც კი ეს ფინანსური ნაკადი შეწყდა, ჯანაშიამ წამოიწყო ეს გაწევ-გამოწევა და დავა, სადაც ყველა ეტაპზე გამაოგნებლად ცუდად იქცევა.

- ჯანაშიას მხარემ დავა საერთაშორისო ასპარეზზე, კერძოდ ლონდონში გადაიტანა. როგორ აფასებთ ამ სამართლებრივ ნაბიჯს?

- ეს ცალკე აბსურდია. ჯერ იყო და სარჩელი ბრიტანეთში შეიტანა და ინვესტორის პარალელურად საქართველოს ხელისუფლებას, მის უკლებლივ ყველა შტოს და მათ შორის, დიდი დოზით, სასამართლო სისტემას და კონკრეტულ მოსამართლეებს უჩივლა.

უკვე წელიწადზე მეტია, ლონდონელი მოსამართლეები საერთოდ იმის გარკვევაში არიან, ვინ არიან ეს ადამიანები და რა კავშირი აქვთ ამ კონკრეტულ ბიზნეს-სარჩელთან. წარმოიდგინეთ, სარჩელში, სადაც ერთი მხარე ნათია ჯანაშიაა, ხოლო მეორე მხარე — „საქართველოს განათლების ჯგუფი“, რა შუაშია იუსტიციის საბჭოს წევრი თავართქილაძე ან თუნდაც მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი?

-  ანუ, თქვენი აზრით, საჩივრების ადრესატების წრე ხელოვნურად არის გაზრდილი?

-  აბსოლუტურად. მონიტორინგის პროცესში ნათლად გამოჩნდა, ვის წინააღმდეგ აქვთ პრეტენზიები ნათია ჯანაშიას და მის მეუღლეს, დავით ცეცხლაძეს.

სია შთამბეჭდავია: ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, მთლიანად სასამართლო სისტემა და ყველა მოსამართლე, იუსტიციის საბჭოს წევრები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, უშიშროების, შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და ფინანსთა მინისტრები, გენერალური პროკურორი...

აქ არ გაჩერებულან - ხან უჩივიან და ხან ჩივიან აშშ-სა და ბრიტანეთის საელჩოებს, FBI-ს, საქართველოში კი ფინანსურ პოლიციას და ახლო-მახლო ლამის პოლიციის ყველა განყოფილებას. უჩივიან ყველას და ყველაფერს! ეს გახდა მათი ახალი ნორმა და ახალი საქმე - ერთგვარი ფულის საჭრელი დაზგა, რათა შანტაჟითა და დაჟინებული რეიდერობით ეს 60-მილიონიანი ქონება კიდევ უფრო გააბევრონ და გაზარდონ.

- ამ განცხადებების მიღმა, არსებობს თუ არა რეალური სამართლებრივი საფუძვლები თავად ნათია ჯანაშიასა და მისი მეუღლის წინააღმდეგ?

- რა თქმა უნდა, თანაც ძალიან სერიოზული. ისინი არაერთგზის არიან შემჩნეული ძალადობრივ ქმედებებში. ორ ქვეყანაში რამდენიმე მძიმე ეპიზოდია დაგროვილი. განსაკუთრებულად საშიში და რეზონანსულია ჰაერში მყოფი „ბრიტანეთის ავიახაზების“ თვითმფრინავის ინციდენტი და „საქართველოს განათლების ჯგუფის“ ორსული თანამშრომლის მიმართ გაჟღერებული მოკვლის მუქარა.

მაგრამ მსგავსი მძიმე ინციდენტები ამით არ იწურება.

ამ დროისთვის სისხლის სამართლის საქმეა აღძრული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. გამოძიება მიმდინარეობს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ განცხადების საფუძველზე, ნათია ჯანაშიასა და დავით ცეცხლაძის მენეჯმენტში ყოფნის პერიოდში სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე.

-  ცნობილი გახდა, რომ აკადემიამ თავადაც მიმართა სასამართლოს დიფამაციის მოტივით. რა არის ამ კონკრეტული სარჩელის საგანი?

– დიახ, მიმდინარე წლის თებერვალში „ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ“ ნათია ჯანაშიას საქმიანი რეპუტაციის შელახვისა და დიფამაციისთვის უჩივლა.

აკადემია ითხოვს პასუხისმგებლობას ცრუ და შეცდომაში შემყვანი ცნობების გავრცელებისთვის. მათ ოფიციალურ განცხადებაშიც პირდაპირ წერია, რომ ამ ცილისმწამებლური კამპანიის მიზანი ერთადერთია — ზიანი მიადგეს სკოლის ავტორიტეტს.

მსგავსი ბრალდებები არსებულ და მომავალ მოსწავლეებში, მათ მშობლებში ავტომატურად აჩენს ქაოსისა და არასტაბილურობის განცდას, რაც საგანმანათლებლო სფეროსთვის კრიტიკულად დამაზიანებელია.

- საუბარი იყო ასევე წესდების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, რამაც, როგორც ამბობენ, სკოლის ფუნქციონირება საფრთხის ქვეშ დააყენა. რეალურად რა მოხდა საჯარო რეესტრში?

- ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მთელი აკადემია შეეწიროს ერთი ადამიანის ამბიციებს. წარმოიდგინეთ მარტივი, ფორმალური სიტუაცია: აქციონერებს კომპანიის წესდება ახალ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში უნდა მოეყვანათ. მაჟორიტარმა აქციონერმა მოიწვია კრება და... ამ გადამწყვეტ მომენტში ნათია ჯანაშიამ და მისმა მეუღლემ პირდაპირ ბოიკოტი გამოაცხადეს. უარი თქვეს კენჭისყრაში მონაწილეობაზე. მიზანი იყო მარტივი: სკოლას ხელახალი რეგისტრაცია ვერ გაევლო და შესულიყო სამართლებრივ ჩიხში. ფაქტობრივად, მზად იყვნენ საკუთარი ხელით გაეუქმებინათ სკოლა, ოღონდ თავისი გაეტანათ.

- როგორ მოხერხდა ამ სამართლებრივი კრიზისის განმუხტვა?

- კრიზისიდან გამოსასვლელად, მაჟორიტარმა ინვესტორმა („საქართველოს განათლების ჯგუფმა“) კანონის სრული დაცვით მიიღო იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული ახალი წესდება და სკოლა რეალურ პარალიზებას გადაარჩინა. მაგრამ ჯანაშია არც ამის შემდეგ გაჩერებულა და საჯარო რეესტრში წარდგენილი წესდების გასაჩივრება დაიწყო. რომ არა ინვესტორის სწორი და სამართლებრივად უნაკლო მოქმედებები, აკადემია რჩებოდა მმართველობითი რგოლის, საბანკო ანგარიშებისა და ყველა იმ ატრიბუტის გარეშე, რაც პირდაპირ იწვევს ლიკვიდაციას.

ჯანაშიას საქციელის გამო იშლებოდა სასწავლო პროცესი და ასობით ბავშვის ინტერესი ეწირებოდა ამ მავნებლობას. თუმცა, მიზანს ვერ მიაღწიეს - აკადემიამ ფუნქციონირება წარმატებულად განაგრძო.

- ნათია ჯანაშია თავის ერთგვარ საპროგრამო წერილში აცხადებს, რომ სკოლა არასოდეს გაუყიდია და არც არასოდეს გაყიდის. როგორ აფასებთ ამ განცხადებას ფინანსური დოკუმენტაციის ჭრილში?

– ამ განცხადებამ კლასიკური რეიდერული თავდასხმის სახე მიიღო. დოკუმენტები კი საპირისპიროს ამბობს: მან სკოლის 70% გაყიდა 29,3 მილიონ ლარად! თუ სკოლა არასდროს გაუყიდია, მაშინ როგორ აიღო 70%-ში 29,3 მილიონი ლარი? შეფასება საზოგადოებისთვის მიმინდვია, რადგან ფაქტი და რიცხვი ჯიუტია.

რაც შეეხება მის მეორე განცხადებას, რომ "არც გაყიდის" - აქ მართალია, ფიზიკურად ვეღარ გაყიდის, რადგან მისი დარჩენილი წილი დღეს დაყადაღებულია. ასე რომ, ამ მხრივ სკოლას საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება.

- ამ დავაში ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე თემა ბავშვების, მათ შორის საკუთარი შვილების საკითხი იყო. ბოლო დროს შეიცვალა თუ არა რიტორიკა ამ მიმართულებით?

-  ბავშვებს რაც შეეხება, ამაზე ბევრს აღარ ვისაუბრებ. ბოლო კვირის მოვლენებს თუ გავითვალისწინებთ, როგორც ჩანს, ჯანაშია მიხვდა, რომ შვილების ჩართვა ბიზნეს-დავაში და მათით მანიპულირება უმსგავსო საქციელია. ვფიქრობ და იმედს დავიტოვებ, რომ ის აღარ გააგრძელებს ამ თემით სპეკულირებას და ბავშვების გამოყენებას ბიზნეს დავაში.

- საბოლოო ჯამში, რა სამართლებრივ პერსპექტივას ხედავთ ამ ქეისში? როგორ შეიძლება დასრულდეს ეს პროცესი ნათია ჯანაშიასთვის?

- სურათი ნათელია: სკოლის დანგრევის ეს მცდელობა და აკადემიის ახალგაზრდა, მოტივირებული და შორსმჭვრეტელი მენეჯმენტისთვის ტოქსიკური გარემოს შექმნა თავად ნათია ჯანაშიას აყენებს მძიმე და გამოუვალ მდგომარეობაში. არ არის გამორიცხული, რომ მას სასამართლოში პერსონალურად მოუწიოს პასუხისგება თითოეულ იმ დესტრუქციულ და მავნებლურ ნაბიჯზე, რასაც ამდენი ხანია დგამს. ეს კამპანია მისთვის შესაძლოა ძალიან მძიმე სამართლებრივი შედეგებით დასრულდეს.