„მსოფლიოს საუკეთესო მრბოლელი, მაქს ვერსტაპენი რომ ჩამოიყვანოთ, მერწმუნეთ, ვერ ჩააბარებს ჩვენი მართვის მოწმობის გამოცდებს“, - ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ აცხადებს.
გადაცემაში საუბრისას მელაძემ ყურადღება გაამახვილა მართვის მოწმობის გამოცდასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და არაეფექტურ მიდგომებზე.
„დღესდღეობით არ არსებობს არც მოთხოვნა და არც სასწავლო პროგრამა, რაზეც შემდეგ აეგებოდა მართვის მოწმობის აღების წესი. არ არსებობს მოთხოვნები ინსტრუქტორებისთვის. გამოცდაზე რომ გადიხარ, მინიმუმ გაწერილ უნდა იყოს, რომ გამოცდაზე იქნება ეს - ასე. ჩვენთან გამომცდელის შეხედულებისამებრ ხდება გადაწყვეტა შენი გამოცდის ჩაბარება/არჩაბარების.
თეორიულ ნაწილშიც არის პრობლემები. ამ შემთხვევაში არსებობს პროგრამა რომელიც უნდა გაიარო, მაგრამ ეგ ვერ გაძლევს იმის საშუალებას, რომ იყო კვალიფიცირებული მძღოლი. საჭირო იყო ქალაქის გამოცდა და ამის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი ვიყავი, ოღონდ ვგულისხმობდი იმ ფორმით, როგორიც არის ცივილიზებულ სამყაროში. კერძოდ, ცივილიზებულ სამყაროში არის ინსტრუქტორი, რომელსაც აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, ზედმიწევნით აფასებს კვალიფიკაციას 2 წუთში, არის გაწერილი პროგრამა და ნაბიჯები. ჩვენ შემთხვევაში კი 2 ბარიერი გაქვს: ერთი, ექსპერტი, ვინც ავტომობილში ზის და აფასებს თავისი გამოსახედიდან და მეორე, ავტომობილზე დამონტაჟებული სენსორები და კამერები. ხან ამ ორ ვარიანტს შორის თანხვედრაც არ არის. შენ თან კომპიუტერს ეთამაშები და თან ექსპერტის შეხედულებებსაც უნდა მოერგო, რადგან ერთი სახელმძღვანელო არ არსებობს - კონკრეტული ადამიანის განწყობაზე ხარ დამოკიდებული.
მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, მიდგომის გამოსწორება. გამომცდელი, რომელიც სერვისს გვიწევს, თავიდან ბოლომდე თავის განწყობით უნდა იყოს მოწყობილი ისე, რომ შეშინებული პრეტენდენტს კომპლექსი მოუხსნას, დღეს გარწმუნებთ, რომ ეს ასე არ არის. ინსტრუქტორი არ არის ჩვენიანი, მანქანაა, რომელიც ჩვენს წინააღმდეგაა და ელოდება როდის დაუშვებ შეცდომას - არსად პლანეტაზე ასეთი რამ არ ხდება“, - ამბობს ექსპერტი.
მანვე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ერთიანი შეფასებითი სისტემის არარსებობის გამო, სხვადასხვა რაიონში სხვადასხვა გამომცდელს განსხვავებული მიდგომები აქვთ, რაც არასწორია.
„სხვადასხვა გამომცდელს სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა მოთხოვნები აქვს, რომელიც არსად არ წერია. თუ ადამიანი ავტომობილს მართავს უსაფრთხოდ, მას უნდა მიეცეს მართვის მოწმობა და არა მას, ვინც ისწავლა უშუალოდ გამოცდაზე როგორ მოიქცეს. ხშირ შემთხვევაში ასე ხდება, რაც არასწორია“, - აღნიშნავს მევლუდ მელაძე გადაცემაში „თქვენი დრო“.
www.bpn.ge