სებსტატის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2025 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით ₾459.03 მლნ-ით (0.74%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.28%-ით შემცირდა) და იანვრის ბოლოს ₾62.68 მლრდ შეადგინა.

სების ინფორმაციით, სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 17.93% შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა ₾36.05 მლნ-ით (0.10%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა ₾422.98 მლნ-ით (1.57%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 0.77%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2025 წლის იანვრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ ₾10.58 მლრდ-ის (წინა თვესთან შედარებით 1.34%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით ₾18.15 მლრდ-ის (წინა თვესთან შედარებით 2.46%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.10%-ით მეტი).

2025 წლის იანვრის განმავლობაში 0.66%-ით, ანუ ₾208.38 მლნ-ით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და იანვრის ბოლოსათვის ₾31.94 მლრდ შეადგინა.

ამასთან, 2025 წლის იანვრის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 56.32% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.358პ.პ-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.22 პ.პ-ით).