იპოთეკურ სესხებზე მომხმარებლებს შედარებით ნაკლები წინასწარი შენატანი ექნებათ, რაც უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნას გაზრდის, -  ამის შესახებ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით უტიაშვილმა გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა.

მისივე თქმით, დაახლოებით, 1 თვეში აღნიშნული რეგულაციის პირველადი შედეგები გამოჩნდება.

“საბანკო და არასაბანკო სექტორი ჯანსაღია. ჩვენ კაპიტალისა და ლიკვიდობის სოლიდური ბუფერები გვაქვს. აქტივების ხარისხი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია, რაც გვქონია და ასევე, მომგებიანობასაც თუ შევხედავთ საკმაოდ ჯანსაღ დონეზეა. საბანკო სექტორი ვითარდება, სესხების ზრდა, დაახლოებით, 18%-ია, რაც ვთვლით, რომ მაღალია. ძირითადად, დომინირებს ბიზნეს და სამომხმარებლო სესხები. იპოთეკური სესხების ზრდა შედარებით დაბალია, დაახლოებით, 10% და ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ გარკვეული ნაბიჯები გადაგვედგა.

ჩვენ ვცდილობთ, რომ კონკურენციის ხელშესაწყობად ისეთი გადაწყვეტილება არ მივიღოთ, რაც ფინანსურ სტაბილურობას დააზარალებს და ფინანსური სტაბილურობისთვის მიღებული გადაწყვეტილებისას კონკურენციას ვითვალისწინებთ. ცხადია, გამოწვევები არის იმ კუთხით, რომ ჩვენ მცირე ეკონომიკა ვართ და როგორც წესი, ასეთ ეკონომიკებში კაპიტალის ბაზარი განვითარებული არ არის, ძირითადად დომინირებულია საბანკო სექტორის მიერ.  აქაც თუ შევხედავთ ჩვენ გვაქვს ორი მსხვილი ბანკი, რომლებიც ბაზრის 80%-ს შეადგენენ და ესეც ერთგვარი გამოწვევაა. მსოფლიო ბანკის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კონცენტრაცია არ ნიშნავს, რომ კონკურენცია არ არის. ჩვენი შეფასებაც არის, რომ ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ მაღალია. ჩვენი საბანკო სექტორის მომხმარებელი დაახლოებით, 2 მლნ. ადამიანია. მომხმარებელი აქტიურად იყენებს ფინანსურ სექტორს და ცხადია, ჩვენ შეიძლება მუდამ გვინდოდეს, რომ ეს უფრო იაფი იყოს, მაგრამ ის, რომ ამ სერვისებს ასე ხშირად ვიყენებთ - ნიშნავს, რომ მომხმარებლების დიდი ნაწილი კმაყოფილია იმ ფასებით, რაც დღეს არის”, - აცხადებს დავით უტიაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) უძრავი ქონების ბაზრის წახალისებისთვის, იპოთეკური სესხის ლარში დაკრედიტებაზე რეგულაციები გაამარტივა.  აღნიშნული გადაწყვეტილება  დღეს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიიღო.

კერძოდ, ეროვნული ბანკი სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტის (LTV) მაქსიმალურ მაჩვენებელს ფიზიკურ პირებზე ლარში გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხებისთვის დროებით 5 პროცენტული პუნქტით, 90%-მდე, ზრდის.  ასევე, 10 პროცენტული პუნქტით, 80%-მდე.