ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ დუნდუა სოციალურ ქსელში „ოფშორების კანონის“ შესახებ წერს.
მისი თქმით, "ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოში მოქმედმა უცხო ქვეყნის ჯაშუშურმა ქსელმა, რომელსაც ჩვენ რადიკალურ ოპოზიციას ვუწოდებთ, ტყუილებზე აგებული აჟიოტაჟი მოაწყო ეგრეთწოდებული „ოფშორების კანონის“ ირგვლივ".
"ბანკები და ფინანსები" დუნდუას პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოში მოქმედმა უცხო ქვეყნის ჯაშუშურმა ქსელმა, რომელსაც ჩვენ რადიკალურ ოპოზიციას ვუწოდებთ, ტყუილებზე აგებული აჟიოტაჟი მოაწყო ეგრეთწოდებული „ოფშორების კანონის“ ირგვლივ. გარე დავალების შესაბამისად, თითქმის ყველა ადგილობრივმა მარიონეტმა ათასგვარი სიცრუე გაავრცელა, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნული კანონით სარგებლობით საქართველოს ბიუჯეტს თანხა დააკლო, თითქოს ამ კანონის მოქმედებით ხდება სანქციებისგან თავის არიდება, საუბარი იყო ოფშორული ზონებიდან კაპიტალის გადამალვის შესახებ და ასე შემდეგ...
ათასგვარი სიცრუის კორიანტელში, შესაძლოა, საკითხში ნაკლებად ჩახედულ ადამიანს სიმართლის გარკვევა გაუჭირდეს, ამიტომ მარტივი ანალიზით გასაგები გახდება, რას ემსახურება „ოფშორების კანონი“, რეალურად რა სარგებელს მიიღებს ქვეყანა ამ კანონის მოქმედების შედეგად, რას წარმოადგენს ოფშორული ზონა და ბოლოს, აქვს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, ან საქართველოს ნებისმიერ სხვა მოქალაქეს ისარგებლოს საკუთარი სახელმწიფოს დაცვის გარანტიით და ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით.
პირველ რიგში „ოფშორების კანონი“ გავარჩიოთ. კანონი, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა მარტივ რამეს ამბობს - თუ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე გადაწყვეტს, რომ მის მიერ, ოფშორებში არსებული კაპიტალი შემოიტანოს საკუთარ ქვეყანაში, მას მიეცემა გარკვეული, ერთჯერადი შეღავათები. ამ ამბავში მთავარი არის ის გარემოება, რომ ბიზნესმენებს სახელმწიფომ მისცა სტიმული, წაახალისა ისინი, რომ თავიანთი კაპიტალი შემოიტანონ საქართველოში, აქ განახორციელონ ბიზნეს აქტივობა, რაც ერთმნიშვნელოვნად ქვეყნის ეკონომიკის ზრდისთვის არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. მათემატიკურად რომ დავთვალოთ, ის ერთჯერადი შეღავათი, რომელსაც კანონი უწესებს მოქალაქეს ოფშორებიდან საქართველოში კაპიტალის გადმოტანის შემთხვევაში, რაც პრინციპში არათუ შეღავათად, არამედ სტიმულად, წახალისებად უნდა განვიხილოთ - საერთოდ არაფერია იმასთან შედარებით, რა სარგებელსაც მიიღებს ქვეყნის ეკონომიკა მომდევნო წლების განმავლობაში.
ამ მარტივი ანალიზის მიღმა, კანონის შესახებ არსებობს საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაცია „მანივალის“ დასკვნა. ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტმა ძირფესვიანად შეისწავლა „ოფშორების კანონი“ და საქართველოში გამოაგზავნა წერილი, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ კანონი სრულად არის შესაბამისობაში საერთაშორისო სამართალთან და მათ არანაირი შენიშვნა ან განსხვავებული მოსაზრება არ გააჩნიათ. გამოდის, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი თანხვედრაშია როგორც საერთაშორისო სტანდარტებთან, ასევე ის სტიმულს აძლევს ბიზნესს, რომ ქვეყანაში დამატებითი კაპიტალი შემოვიდეს და ეკონომიკის განვითარებას დაეხმაროს. კიდევ უფრო მარტივად რომ ვთქვათ - რომ არ ამოქმედებულიყო კანონი და კონკრეტული X კაპიტალი ქვეყნის გარეთ დარჩენილიყო, ამით ქვეყანას რამე მოემატებოდა? ცხადია არაფერი. ამიტომ, კანონის ავკარგიანობაზე მხოლოდ ან უვიცი, ან მიზანმიმართული მავნებელი თუ ილაპარაკებს.
ახლა უკვე ოფშორული ზონის არსებით განხილვაზე გადავიდეთ.
თავის დროზე ოფშორული ზონა ბიზნესმენებისთვის ბიზნესის წარმოების გასამარტივებლად შეიქმნა და ამ კომფორტით მსოფლიოს ყველა წამყვანი ბიზნესმენი სარგებლობდა და სარგებლობს. ოფშორული ზონა მოქნილია, მარტივია ნებისმიერი ტრანზაქცია თუ ქმედება, გამარტივებულია ყველა პროცედურა და დაცლილია ბიუროკრატიისგან და ზედმეტი ოპერაციებისგან. ეს იყო სწორედ ოფშორული ზონის იდეა, რომ სიმარტივის და კომფორტული გარემოს გამო, სწორედ ამ ზონაში აკუმულირებულიყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფიზიკური პირებისა თუ კომპანიების კაპიტალი. თუმცა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. მას შემდეგ, რაც მსოფლიოში ღიად დაიწყო საუბარი „დიფ სთეითზე“, ოლიგარქიულ ოჯახებსა და მათ კონტროლ ქვეშ არსებულ უზარმაზარ კაპიტალზე, მას შემდეგ, რაც საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა ისეთი გიგანტური კომპანიების რეალური არსი, როგორებიცაა „ბლექროკი“, „ვენგარდი“ და ასე შემდეგ, რომლებიც მსოფლიო კაპიტალის უდიდეს ნაწილს აკონტროლებენ, ხოლო კომპანიებს თავის მხრივ ოლიგარქიული ოჯახები ფლობენ, საბოლოოდ დაიმსხვრა მითი ოფშორული ზონის უსაფრთხოებასა და საიმედოობაზე. გაირკვა, რომ ოფშორებზე სრული კონტროლი ადამიანთა კონკრეტულ ჯგუფს ჰქონდა, რასაც ჩვენ დღეს „დიფ სთეითს“, იგივე „გლობალური ომის პარტიას“ ვუწოდებთ. ამ ფონზე, კიდევ უფრო ლოგიკური და ეროვნული საქმე იყო საქართველოს პარლამენტის მიერ „ოფშორების კანონის“ მიღება, რამეთუ ნებისმიერ დაინტერესებულ ბიზნესმენს საშუალება ჰქონოდა, საქართველოში არსებული სტაბილური და საიმედო მდგომარეობით ესარგებლა, კაპიტალი საქართველოში გადმოეტანა და დაეზღვია ყველა ის რისკი, რაც ზემოთ არის ახსნილი.
სიცრუის კორიანტელში კიდევ ერთი, რბილად რომ ვთქვათ, სასაცილო პრეტენზია საქართველოში მოქმედ „ჯაშუშურ ქსელს“ ამგვარი ჰქონდა - თურმე როგორ გაბედა და ისარგებლა ბიძინა ივანიშვილმა მოქმედი კანონით და რომ ამ გზით ის სანქციებისგან თავის არიდებას ცდილობს. მივყვეთ ლოგიკურად - თუ კანონი მართებულია, თუ ის საერთაშორისო საზოგადოების მიერ მოწონებული და აღიარებულია, რატომ არ აქვს უფლება ბიძინა ივანიშვილს, რომ ამ კანონით ისარგებლოს? რა არის ცუდი იმაში, თუ ბიძინა ივანიშვილი საქართველოში გადმოიტანს კაპიტალს, საიდანაც 1 ცენტიც კი საქართველოში არ უშოვია და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას მოახმარს? კიდევ ერთხელ უნდა დავსვათ მარტივი კითხვა - თუ ბიძინა ივანიშვილის კაპიტალი, ან ნებისმიერი სხვა ბიზნესმენის კაპიტალი საქართველოში არ შემოვა და ოფშორულ ზონაში დარჩება, ამით ქვეყანა რამე სარგებელს მიიღებს? ამით ქართულ ეკონომიკას რამე შეემატება? ცხადია არაფერი. მარტივი ჭეშმარიტებაა - თუ მოქმედი კანონი, მათ შორის საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ არის პოზიტიურად და სამართლებრივად გამართულად შეფასებული, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ამ კანონის გამოყენება. მით უფრო, რომ საუბარია მარტივ რამეზე - ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული კაპიტალის საქართველოში გადმოტანასა და ამით ქართული ეკონომიკის სტიმულირებაზე.
ასევე მარტივი პასუხი დემაგოგიაზე, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილმა კანონი საკუთარ თავზე მოირგო და ეს კანონი მისი ინსპირირებული იყო... ჯერ ერთი, ბიძინა ივანიშვილმა ამ ქვეყანაში ბევრი რამ შეცვალა სასიკეთოდ, მიტაცებული საქართველო გამოსტაცა ხელიდან აგენტურას და ქვეყანა შეუქცევადი დემოკრატიის გზაზე დააყენა. და რას ხედავთ იმაში ცუდს, თუ ეს კანონი მისი იდეა იყო? და რას ხედავთ ცუდს იმაში, რომ ამ გამართული კანონით მან ისარგებლა, ან მომავალში ისარგებლოს? სად არის აქ აჟიოტაჟის საფუძველი? კანონი, რომელიც გამართული და სამართლებრივად სწორია, ერთნაირად მოემსახურება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. გასარჩევი ის კი არ უნდა იყოს, ვინ დააინიცირა თუ მოიფიქრა კანონი, გასარჩევი უნდა იყოს ის, ემსახურება თუ არა კანონი ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესებს და ამაში კითხვის ნიშნები ნამდვილად არ არსებობს.
დაბოლოს, რაც შეეხება სანქციებს და მისგან თავის არიდებას - დღეს პატარა ბავშვმაც კი იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი სრულიად უსამართლოდ, კონკრეტული ძალების დავალებით მხოლოდ იმიტომ დაასანქცირეს, რომ უარი თქვა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასა და ომის გაჩაღებაზე, უარი თქვა ანტიქართული ნაბიჯების გადადგმაზე, იცავს ქვეყნის სუვერენიტეტს და მშვიდობას საქართველოში. სწორედ ამიტომ, ბიძინა ივანიშვილს აქვს სრული უფლება, რომ გამოიყენოს ყველა კანონიერი მეთოდი, დაიცვას საკუთარი თავი, ოჯახი და საკუთარი კაპიტალი ამ უკანონო სანქციებისგან. სახელმწიფოს არსიც ხომ სწორედ ეს არის - ნებისმიერი კანონიერი გზით დაიცვას საკუთარი მოქალაქე მასზე განხორციელებული ნებისმიერი გარე ზემოქმედებისგან, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეს ზემოქმედება არის უსამართლო და უკანონო. აქედან გამომდინარე - ბიძინა ივანიშვილს, ისევე როგორც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს სრული უფლება, გამოიყენოს სახელმწიფოს მიერ საკუთარი მოქალაქის დაცვისთვის შექმნილი ნებისმიერი კანონიერი გზა, მით უმეტეს, თუ ამ ნაბიჯს ქვეყნისთვის მოაქვს მხოლოდ სარგებელი და არანაირი უკუეფექტი ბუნებაში არ არსებობს.
სამართლიანი სახელმწიფოს უმთავრესი პრინციპი შემდეგია - ნებისმიერი კანონი, მათ შორის ეს კონკრეტული „ოფშორების კანონი“ მიღებულია იმისთვის, რომ ის მოემსახუროს საქართველოს მოქალაქის და ქვეყნის კეთილდღეობას, ხოლო ამ გარემოების საპირისპიროდ წარმოჩინება, თითქოს სამართლებრივად გამართული კანონით სარგებლობა არის რაიმე სახის უკანონობა, „ჯაშუშური ქსელის“ ცნობილი ხელწერაა. სხვათა შორის, ატეხილი აჟიოტაჟი სრულად ჯდება ბოლო პერიოდში, მსოფლიოსთვის თავსმოხვეული ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მთავარ ფაბულაში, სადაც სიმართლე არის სიცრუე, კანონიერება არის უკანონობა, შენება არის ნგრევა და სიკეთე არის ბოროტება. ამ მხრივ, ხელის გულზე დევს, რომ ცრუ აჟიოტაჟის შემქმნელები „დიფ სთეითის“ კონკრეტულ დავალებებს ასრულებენ.
P.S. რაც შეეხება საკითხს, თუ როდის შემოიტანა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში ხელოვნების ნიმუშები, ან შემოიტანა თუ არა ის საერთოდ. მოხდა ეს უკრაინაში ომის დაწყებამდე, დაწყების შემდეგ, გასულ იანვარში, თუ საერთოდ არ მომხდარა - თავი კულტურულ ადამიანად მიმაჩნია და ამ საკითხის გარკვევა პირველ რიგში საკუთარ თავს ვერ ვაკადრე. ცხადია, მე შემეძლო ამ ამბის მოკითხვა და გარკვევა, მათ შორის საერთო ადამიანების საშუალებით, მაგრამ დიდ უკულტურობად მიმაჩნია ჩავერიო სხვა ადამიანის პირად ცხოვრებაში და მის საქმიანობაში. ეს არც ჩემი და არც არავის საქმე არ არის" , - წერს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ დუნდუა.