„აქედან ბიზნესმენებმა ის უნდა გაიგონ, რომ სწორი პოზიცია დაიკავონ ქვეყნის, ხალხის და ბიზნესის წინაშე“ - ასე აფასებს ბიზნესმენი თემურ ჭყონია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას.

საუბარია, დოკუმენტზე, რომლითაც ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროპის საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებისთვის, დემოკრატიული უკუსვლისა და ქვეყნის დეკლარირებული ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების საწინააღმდეგო მოქმედებისთვის, ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახს, კომპანიებსა და გარემოცვას მიზნობრივი სანქციები დაუწესონ.

აღსანიშნავია, რომ ამ სიაში მოხვდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და რამდენიმე ბიზნესმენიც.

"რეზოლუცია ქვეყნის იმიჯზე კი არ იმოქმედებს, არამედ იმ პოლიტიკოსების და ბიზნესმენების კარიერაზე, ვისაც შეეხო"

„მე ვფიქრობ, ეს სანქციები საქართველოზე, რომელსაც უდიდესი ისტორია და იმიჯი აქვს, როგორც ქვეყანაზე არ იმოქმედებს.

მეორე არის პოლიტიკური იმიჯი - როდესაც 400 პარლამენტარი უარყოფითად შეაფასებს შენს პოლიტიკურ მოღვაწეობას, ეს ნიშნავს რომ შენი პოლიტიკური იმიჯი ძალიან დაბალ დონეზეა (ევროპარლამენტარების შეფასებით). ბუნებრივია, აქ მოხვდებოდა ბიზნესმენების რაღაც ჯგუფი, ეგრე ხდება მთელ მსოფლიოში. თუმცა, კიდევ ვამბობ, ეს ქვეყნის იმიჯზე კი არ იმოქმედებს, არამედ იმ პოლიტიკოსების და ბიზნესმენების კარიერაზე, ვისაც შეეხო. ეს მათთვის, რა თქმა უნდა, ცუდია.

მე ვფიქრობ ასეთ უარყოფით შეფასებას აბალანსებს არაჩვეულებრივი ქართველი ხალხი, ის პროტესტები, რაც დღეს არის. ამიტომ, ჩვენ იმიჯი სტაბილურად ნარჩუნდება“,- ამბობს თემურ ჭყონია.

კითხვაზე, რისი ნიშანია რეზოლუცია ბიზნესმენებისთვის? - თემურ ჭყონია პასუხობს:

„ეს (რეზოლუცია) იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა მოექცა დიდი სახელმწიფოების ყურადღების ქვეშ, სადაც ფიქრობენ, რომ პოლიტურად რაღაც აკლია ჩვენს განვითარებას და ცვლილება არის აუცილებელი. ყოველ მიზეზგარეშე. ამ სიტუაციაში ბიზნესმენების თემა წინ წამოწეულია. აქედან ბიზნესმენებმა ის უნდა გაიგონ, რომ სწორი პოზიცია დაიკავონ ქვეყნის, ხალხის და ბიზნესის წინაშე. ეს არის გამოსავალი. სწორი პოზიციის დაკავების შემთხვევაში შეფასებაც [ ევროპარლამენტის] იქნება სწორი“, - ამბობს თემურ ჭყონია.

წყარო: BP.GE