ეკონომისტი გიორგი ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში ნათია თურნავასადმი სსფ-სა და S&P Global Ratings-ის მილოცვებს ეხმაურება და წერს, რომ ამის მიღმა ძალიან საეჭვოდ და დამაფიქრებლად ჩანს ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირს და მის სახელმწიფოებს ამ სტრუქტურის ხელმძღვანელის დასანქცირებისკენ მოუწოდებს.

ბოჭორიშვილის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„გთხოვთ მიიღოთ ჩვენი გულწრფელი მოლოცვა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დანიშვნასთან დაკავშირებით. მოუთმენლად ველით ჩვენი პარტნიორობის გაგრძელებას და წარმატებებს გისურვებთ თქვენს საქმიანობაში“.

"საქართველოს საბანკო სისტემა სტაბილუტობას ინარჩუნებს.
მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია სებ-ის მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია, ველით, რომ შეინარჩუნებს ფრთხილ მონეტარულ პოლიტიკას".

პირველი ამონარიდი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მილოცვიდანაა, სებ-ის პრეზიდენტისადმი. მეორე, ყველაზე რეიტინგული რეიტინგების მზომელ-მიმნიჭებელი S&P Global Ratings-ის დასკვნა.

ხალხურად რომ ვთქვა, მათზე სერიოზული და ავტორიტეტული თავის საქმეში ჩვენს დედაპლანეტაზე აღარავინაა.
ეს წინადადებები ამ კვირისაა, ძველი არ გეგონოთ. ყველაფერი ამის ფონზე ძალიან საეჭვოდ და დამაფიქრებლად ჩანს ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირს და მის სახელმწიფოებს ამ სტრუქტურის ხელმძღვანელის დასანქცირებისკენ მოუწოდებს.

გასაგებია, რომ ყველას არ მოსწონს არც გარეთ და არც შიგნით ის სიტუაცია რაც ქვეყანაში ხდება. თუმცა რა კავშირშია ამ ყველაფერთან საბანკო "რეგულატორი", გაუგებარია. ედავები მონეტარულ პოლიტიკაზე, ინფლაციის მაჩვენებელზე, კომბანკების ზედამხედველობაზე? რამდენიც გინდა ედავე, შეუსწორე, ასწავლე... პოლიტიკურ პროცესებში მისი გარევა არის არასწორი. ნუ აჯანჯღარებთ ამ ქვეყანას, თორემ მოგჭამათ ჭირი იმ კრედიტებმა. არც იშვიათი ლითონების საბადოები გვაქვს და არც გაზ-ნავთობი

გასაგებია, ევროსაბჭოელებს საერთოდ არ ანაღვლებთ კურსი, დეპოზიტები და ანაბრები. აქაური "პატრიოტები" რამ გაგამწარათ?

ევროპელების კი მიკვირს. ერთ ხელში სახრე და მეორეში "პრიანიკი" დღეს აღარ მუშაობს. ის სახრე კი ყველასთვის "შრომობს", მთავარია მეხრე არ შეიცვალოს. არადა, მგონი იცვლება მეხრე და ჩვენი საშველი არ გახდეთ, თორეეეემ..." , - წერს ბოჭორიშვილი.