“გუდაური, ბაკურიანი და ზამთრის კურორტები საკმაოდ დატვირთულია და კარგი სეზონი აქვთ, როგორც თვითონ აღნიშნავენ. 100%-იანი დატვირთვაც კი იყო სასტუმროებში და რა თქმა უნდა, რესტორნებშიც. ძირითადი პრობლემა მაინც უფრო თბილისზე მოდის”- ამის შესახებ „გასტრონომიული და რურალ ტურიზმის ასოციაციის“ დამფუძნებელმა ქეთი კვიჭიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კვიჭიძემ ზამთრის ტურისტული სეზონის მიმდინარეობა შეაფასა და სექტორში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
“არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ცოტა რთული სეზონი გვაქვს. მაგალითისთვის, დეკემბერი გასტრონომიაში და სარესტორნო ბიზნესში ზოგადად ყოველთვის კორპორატიული თვეა და ბიზნესს ყოველთვის მოლოდინი აქვს, რომ კორპორატიული შეკვეთები არის და დიდი დატვირთვა იქნება. 2024 წლის ბოლოს შევაფასებ: არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, რთული იყო, იმიტომ, რომ საერთოდ ყველა კორპორატიული შეკვეთა გაუქმდა, გადადებას აპირებდნენ, მაგრამ არც გადაიდო, საერთოდ ჩაიშალა და ამან, რა თქმა უნდა, ბიზნესზე იმოქმედა. ის შემოსავლები, რაც ამ წლის ჭრილში იყო განსაზღვრული, ფაქტობრივად, დაიკარგა. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვი, რომ ამ თვის ბოლო კარგი იყო. იანვარში, კი, ნელ-ნელა „ამოიქაჩა”, მაგრამ დანაკლისი მაინც დარჩა.
რაც შეეხება თვითონ ზამთრის სეზონს: გუდაური, ბაკურიანი და ზამთრის კურორტები საკმაოდ დატვირთულია და კარგი სეზონი აქვთ, როგორც თვითონ აღნიშნავენ. 100%-იანი დატვირთვაც კი იყო სასტუმროებში და რა თქმა უნდა, რესტორნებშიც. ძირითადი პრობლემა მაინც უფრო თბილისზე მოდის. შარშან, მაგალითად, კახეთში დავარდნილი იყო სტუმრიანობა და უფრო მეტად გაზრდილი იყო აჭარაში. მას მოჰყვებოდა თბილისი, რადგან თავისთავად ცენტრია, კარგი დატვირთვა იყო ყაზბეგში,
მცხეთა-მთიანეთში. ქუთაისიც ნორმალურად იყო. სხვათა შორის, ქუთაისი რამდენიმე წელია გასტრონომიული კუთხით ძალიან წამოიწია. ბევრი კარგი რესტორანი გაიხსნა, მაგრამ
ბოლოს, ამ თვეში პრობლემების გამო ორი რესტორანი დაიკეტა”- განაცხადა ქეთი კვიჭიძემ.
კვიჭიძემ ზაფხულის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებული მოლოდინების შესახებაც ისაუბრა.
“ჩვენს სხვადასხვა ობიექტებთან კონტაქტი მაქვს. შარშან, როდესაც შეკვეთები უკვე იყო, წელს, მაგალითად, შეკვეთებიც არ არის, ჯერჯერობით, ჯავშნები არაა, ძალიან ნაკლებია. როგორც ჩანს, ყველა სიტუაციის დასტაბილურებას ელოდება. ერთადერთი რაც, ვთქვათ, გვაიმედებს, ისევ აჭარაა. აჭარაში პოლონეთიდან ჩარტერებია
დანიშნული და ვფიქრობ, რომ როგორც შარშან, დატვირთვა და მოთხოვნა აჭარაში წელსაც უფრო მეტი იქნება.
რაც შეეხება გასტრონომიის კუთხით – ზოგადად, ჩვენი სტუმარი, ძირითადად, ევროპელი სტუმარია, ან ჩვენს გარშემო სამეზობლოდან არიან. სხვათა შორის, ამ ბოლო დროს დიდ ინტერესს თურქები გამოთქვამენ. სტერეოტიპი იყო, რომ თურქები ალკოჰოლთან კარგად არ არიან, მაგრამ შარშან ღვინის და გასტრონომიის მხრივ მოთხოვნაც კი იყო და ვფიქრობ, რომ ამ კუთხით შეგვიძლია, დავაინტერესოთ. ასევე, აზერბაიჯანთან მატარებელი აღდგა, ესეც, რა თქმა უნდა, დამატებით სტუმრებს განაპირობებს და კარგი იქნება. მთავარია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა იყოს”,- განაცხადა ქეთი კვიჭიძემ.