საქართველოს ეროვნული ბანკი ღია ბანკინგის/ფინანსების ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს. მარეგულირებლის ინფორმაციით, ამ მიზნით, ახალი API (Application Programming Interface) სერვისები ამოქმედდა. აღნიშნული გააუმჯობესებს ფინანსურ მომსახურებას და გაზრდის მომხმარებელთა ხელმისაწვდომობას სხვადასხვა სახის ფინანსურ პროდუქტებზე.

არსებული სერვისების გარდა, დამატებით ხელმისაწვდომი გახდა ახალი ტიპის API სერვისები:

  • მრავალჯერადი/განმეორებითი გადახდების ინიცირების სერვისი;
  • მომავლის თარიღით გადახდის ინიცირების სერვისი;
  • ცვლადი განმეორებადი გადახდები (VRPs for Sweeping);
  • დეპოზიტებზე ინფორმაციის გაზიარების სერვისი;
  • სესხებზე ინფორმაციის გაზიარების სერვისი.

ახალი API სერვისები საუკეთესო პრაქტიკებზე დაყრდნობით ხორციელდება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ფინანსური ეკოსისტემის მოდერნიზაციაში, მათ შორის, კონკურენტუნარიანობისა და გამჭირვალობის გაზრდაში. გარდა ამისა, ახალი API სერვისების დანერგვა ასევე ხელს შეუწყობს განსხვავებული ბიზნეს მოდელების შექმნას.

ღია ბანკინგი ქმნის ტექნოლოგიურ ჩარჩოს, რომელიც ბანკებს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და ფინტექ კომპანიებს საშუალებას აძლევს, მომხმარებელთა თანხმობით, უსაფრთხო და სტანდარტიზებული არხებით გაცვალონ თავიანთი ფინანსური მონაცემები და სახსრები სხვადასხვა მიზნობრიობით. ახალი API სერვისები მნიშვნელოვნად დააჩქარებს ამ პროცესს, რაც თავის მხრივ, დადებითად აისახება ფინანსური ტექნოლოგიების სექტორის განვითარებასა და მრავალფეროვანი ინოვაციური პროდუქტების შექმნაზე.

აღსანიშნავია, რომ დეპოზიტებზე ინფორმაციის გაზიარების API ევროპულ ქვეყნებში უკვე მრავალმილიარდიანი ბიზნესის შექმნის საფუძველი გახდა. თუ ერთ-ერთი გერმანული ფინტექ კომპანიის  გამოცდილებას გადავხედავთ, API-ს გამოყენებით მესამე მხარის პროვაიდერს შეუძლია მომხმარებელს სხვადასხვა ბანკში საუკეთესო საპროცენტო განაკვეთის მისაღებად დეპოზიტების განთავსება შესთავაზოს. მათ შექმნეს დეპოზიტების „ციფრული სავაჭრო პლატფორმა“, სადაც მომხმარებლები ერთ სივრცეში მართავენ თავიანთ დანაზოგებს სხვადასხვა ევროპულ ბანკში. დღეს კომპანია 30-ზე მეტ ქვეყანაში 400-ზე მეტ ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობს. იგი ქმნის ინდუსტრიულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ფინანსურ სისტემას უფრო გამჭირვალეს და ეფექტურს ხდის.  წარმატებული გამოცდილება ცხადყოფს, რომ ღია API-ების დანერგვა ხელს უწყობს ახალი ბიზნეს მოდელების განვითარებას, ბაზრის დემოკრატიზაციასა და მომხმარებლებისთვის საუკეთესო ფინანსური სერვისების შეთავაზებას.


ეროვნული ბანკის ინოვაციების ოფისი მუდმივად მზად არის დაინტერესებულ პირებს დაეხმაროს. კითხვების ან ინტერესის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: innovationoffice@nbg.gov.ge